ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, მეთერთმეტეკლასელი ზურაბ აკოფაშვილი მედია პროექტ “ეტალონის” გამარჯვებული გახდა.
გადაცემაში, რომელიც 9 ივნისს ტელეკომპანია “მზის” ეთერში გავიდა, ახალციხიდან ათი მოსწავლე მონაწილეობდა: რვა მეხუთე, ერთი მეექვსე და ერთი პირველი საჯარო სკოლიდან. ზურაბ აკოფაშვილი სკოლის დირექტორმა 1 200 მოსწავლეს შორის გამოარჩია და არც შემცდარა. მან პირველივე ტური წარმატებით გადალახა.
“თავიდან ვღელავდი, თუმცა, მერე გამიარა. კითხვებს გვისვამდნენ როგორც ზოგად ინტელექტუალურს, ასევე სასკოლო საგნებიდანაც”, - გვიამბობს “ეტალონის” გამარჯვებული.
კითხვა, რომელიც ზურაბ აკოფაშვილს განსაკუთრებით დაამახსოვრდა, ქიმიიდან იყო: “რა ეწოდება ნივთიერების წყლით დაშლას. პასუხი -ჰიდროლიზი - ვიცოდი, მაგრამ ღილაკს ხელი შეცდომით დავაჭირე”.
პირველ ტურში, რომელიც ორ ეტაპად იყო დაყოფილი, მან 10-პროცენტიანი შედეგი აჩვენა: “10 კითხვის დასმის შემდეგ მესამე ადგილზე ვიყავი. პირველი ადგილი 5 ქულით მისწრებდა, ანუ ერთი სწორი პასუხით. მეორე ტურში 16 ქულით გავუსწარი ყველას”.
ფინალში ზურაბ აკოფაშვილმა 2 ქულით მეხუთესკოლელს აჯობა: “არ ვიყავი დარწმუნებული, რომ გამარჯვებას შევძლებდი”.
მისი თქმით, გამარჯვებაში წიგნები და ინტერნეტი დაეხმარა: “ბავშვობაში თუ 10 ფურცელს წავიკითხავდი, მამაჩემი ერთ ნაყინს მყიდულობდა. თავიდან ძალით ვკითხულობდი, მერე შევეჩვიე. ინტერნეტში კიდევ ყველაფრის ნახვა შესაძლებელია”.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი