ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქართულ ბაზარზე პროდუქტის ფასმა საკმაოდ მოიმატა, რაც ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ გამოიწვია.
ივნისის პირველ რიცხვებში დოლარის კურსი ლართან მიმართებით 1,90 ლარი იყო.
ხოლო შემდეგ ერთმა აშშ
დოლარმა 1,95 ლარს მიაღწია. 25 ივნისის მონაცემებით კი ერთი აშშ
დოლარი 1,84 ლარია.
ლარის კურსის ცვლილება პროდუქტის ფასებზე უკვე აისახა. ბოლო ორი კვირაა, ადგილობრივ ბაზარზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. განსაკუთრებით გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტი. სურსათის მაღაზიებში ამბობენ, რომ ფასებმა 20 თეთრიდან ერთ ლარამდე მოიმატა.
ლარის კურსის ცვლილება პროდუქტის ფასებზე უკვე აისახა. ბოლო ორი კვირაა, ადგილობრივ ბაზარზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. განსაკუთრებით გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტი. სურსათის მაღაზიებში ამბობენ, რომ ფასებმა 20 თეთრიდან ერთ ლარამდე მოიმატა.
ყველაზე მეტად წიწიბურა გაძვირდა. როცა ადრე ერთი კილოგრამი 1,50 ლარი ღირდა, ახლა 2,50 გახდა. 0,5 ლარით გაძვირდა და ახლა სამი ლარი ღირს 1,5 კილოგრამიანი ზეთი, შაქარი კი 1,80 ლარია. ფასებმა ტკბილეულზეც მოიმატა. ასევე, გაძვირდა გაზიანი და ალკოჰოლური სასმელებიც.
კოსტავას 43-ში მდებარე სურსათის მაღაზიის გამყიდველი შუშანა კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ პროდუქტზე ფასებმა ივნისის პირველი რიცხვებიდან მოიმატა.
“დამოკიდებულები ვართ მომწოდებელზე. როცა ის გააძვირებს პროდუქტს, მაშინ ჩვენთანაც ძვირდება. ფაქტობრივად, ათ პროცენტზე ვმუშაობთ, ასაღები ფასი თუ გაძვირდა, შესაბამისად, გასაყიდსაც ვაძვირებთ”, - ამბობს იგი.
ივნისის დასაწყისში, როცა ლარის კურსი დაეცა, ერთი ტომარა ფქვილის ფასი 35 ლარი გახდა. შესაბამისად, 5 თეთრით გაძვირდა პურიც. თუმცა, შემდეგ ფასმა დაიკლო და ახლა ისევ 55 თეთრი ღირს.
“პურზე რამდენიმე დღე იყო ხუთი თეთრი მომატებული. მაგრამ მალევე გაიაფდა”, - გვიხსნის შუშანა კაჭკაჭიშვილი.
ამ ეტაპზე სურსათის მაღაზიებში ხორცისა და ხორცპროდუქტების ფასი მკვეთრად არ გაზრდილა. აღნიშნულ პროდუქციაზე ფასმმა დაახლოებით ხუთი ან ათი თეთრით მოიმატა. თუმცა, იმის გამო, რომ საქართველოში მოქმედ ბევრ კომპანიას ხორცი უცხოეთიდან შემოაქვს, შესაძლოა რომ ეს პროდუქცია აქაც გაძვირდეს.
ხუთი-ათი
თეთრით გაძვირდა ჰიგიენის საშუალებებიც.
განსაკუთრებით კი ფასებმა მედიკამენტებზე მოიმატა.
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ცისკარა ზარანდიას თქმით, ფასების მკვეთრი მატება განსაკუთრებით იმპორტირებულ პროდუქციას შეეხო. ეს იმიტომ, რომ
იმპორტირებულ პროდუქტს დოლარზე ყიდულობენ.
“ლარის გაუფასურებამ ადგილობრივ ბაზარზე ფასების მატება გამოიწვია. როცა ქვეყანა დიდად არის დამოკიდებული იმპორტზე, მსოფლიო ბაზარზე ფასების ცვალებადობა და რყევა დიდ გავლენას ახდენს მის ბაზარზე”, - ამბობს ზარანდია.
ფასებმა მოიმატა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზეც, რასაც გადაუღებელმა წვიმებმაც შეუწყო ხელი. თუმცა, ეს ერთადერთი მიზეზი არ არის, მოსახლეობას ძვირი უჯდება მოსავლის მოყვანა, ვინაიდან საკმაოდ მაღალია ტრანსპორტირების ხარჯები. ამიტომაა, რომ იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების ზრდა ადგილობრივ პროდუქციაზეც ფასების მატებასაც განაპირობებს.
ფასების მომატებასთან ერთად სურსათის მაღაზიებში მყიდველთა რაოდენობა შემცირდა. 63 წლის სოფიო ლონდარიძე პენსიონერია. სამსულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მისი პენსიაა.
“პურის ფული რომ არ მაქვს, ფქვილს ვყიდულობ და სახლში ვაცხობ, მაგრამ ახლა ფქვილიც გაძვირდა და 90 ლარით რომელი ერთი ვიყიდო, აღარ ვიცი”, - ამბობს იგი.
ფასების მატებას ექსპერტები არც
მომავალში გამორიცხავენ. ზარანდიას თქმით, ეს დოლარის კურსზეა დამოკიდებული. მისი ვარაუდით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ორ ლარს არ გადასცილდება.
თამარ თოთაძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი