,,კუკუშკა” ახალციხეს

ჩქაროსნული მატარებლის დანიშვნის მოთხოვნით ახალციხეში ხელმოწერები შეგროვდა და განცხადება შპს ,,საქართველოს რკინიგზისგენერალური დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას სახელზე გაიგზავნა.
ბექა ახალციხელია, იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია და თბილისში სწავლობს. გასული წლის სექტემბრის შემდეგ მშობლიურ ქალაქში არ ჩამოსულა, თუმცა ბებიას სოფელ ახალდაბაში ყოველ შაბათ-კვირას სტუმრობს. ახალდაბაში ჩქაროსნული მატარებლით ჩამოსვლა და წასვლა მას ორი ლარი, ახალციხეში მიკროავტობუსით მგზავრობა კი 20 ლარი უჯდება.
ჩქაროსნული მატარებლის დანიშვნის მოთხოვნით ახალციხის მოსახლეობამ 21 ივნისს ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. დაახლოებით 100 კაციანი ხელმოწერა ხუთშაბათს შპს ,,საქართველოს რკინიგზისგენერალური დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას სახელზე გაიგზავნა.

ამჟამად მატარებელი ვალე-თბილისი ყოველდღიურად დადის. ფასი, 4 ლარი, არც თუ ისე ძვირია. თუმცა მოსახლეობამ ხელმოწერების შეგროვება, ჩქაროსნული მატარებლის დანიშვნის მოთხოვნით, მაინც დაიწყო.

,,მარშუტკით მგზავრობას მატარებლით მგზავრობა ბევრად მირჩევნია, უფრო კომფორტულია, თუმცა, გააჩნია მატარებელს. ახლა რაც დადის ვალე-თბილისზე, იმას სჯობს ფეხით ჩავიდე თბილისამდე. ერთი ვაგონში  მგზავრი, ცხვარი, ყუთები, სუნიანი ყველის პარკები ერთდაა შეყრილი”, - ამბობს ადგილობრივი ხათუნა მაისურაძე.

ტანია ზედგინიძე ამბობს, რომ როცა მოსახლეობას უჭირს და თბილისში წაღებული და გაყიდული პროდუქტით ორ კაპიკს შოულობს, შეუძლებელია აუკრძალო მატარებლით მგზავრობა, რადგან ეს მათთვის ძალიან ხელმისაწვდომია. თუმცა, იგი მიიჩნევს რომ - ,,ცალკე უნდა იყოს ბარგის გადასატანი ვაგონები და ცალკე სამგზავრო. ჩქაროსნული მატარებლის იდეას მივესალმები”.

ბექას მსგავსად, თბილისში სამცხე-ჯავახეთიდან ასობით სტუდენტი სწავლობს.

,,ჩემი შვილი თბილისში სწავლობს, მიწევს ხოლმე ბორჯომში ჩასვლა. იქიდან ჩქაროსნული მატარებლით ორ სააათში და, რაც მთავარია, ერთი ლარით ჩავდივარ თბილისში. კარგი იქნება, აქაც თუ დანიშნავენ ჩქაროსნულ მატარებელს”, - ამბობს ლია ბლიაძე.

სამცხეჯავახეთში რკინიგზას სამსაუკუნოვანი ისტორია აქვს.

  - ბორჯომის ხეობა, საკურორტო პირობებითა და მთელ მსოფლიოში განთქმული მინერალური წყლით ,,ბორჯომი”, ყოველთვის წარმოადგენდა განსაკუთრებულ ინტერესს. ბორჯომის ბუნებრივი სიმდიდრის კომერციული სარგებლის მიზნით რომანოვებმა ხაშური - ბორჯომის რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყეს. ახალი ხაზი ექსპლუატაციაში 1894  წელს შევიდა.

ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და, რთული კლიმატური პირობების გამო, ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდა. 1902 წლის იანვრიდან ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზით ბორჯომი - ბაკურიანი, პირველმა ,,კუკუშკამატარებელმა გაიარა. ,,კუკუშკადღემდე ემსახურება სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს. მაღალმთიან რაიონებში კურსირებისათვის სპციალურად  ინგლისიდან იქნა ჩამოყვანილი ,,პორტერისტიპის ორთქლმავალი. მატარებელს ებმოდა ღია ტიპის ვაგონები, რომლებიც მხოლოდ მოაჯირებით იყო შემორაგული. 1967 წლიდან პატარა ორთქლმავალი  ელექტრომატარებელმა ჩაანაცვლა.

ხიდი, რომელიც წაღვერს ცემთან  ბორჯომი - ბაკურიანის რკინიგზით აკავშირებს, რომანოვმა სპეციალურად შეუკვეთა საფრანგეთში. ფრანგი ხიდმშენის ალექსანდრ გუსტავ ეიფელის მიერ კონსტრუირებული ხიდი საქართველოში 1902 წელს  ჩამოიტანეს და მდინარე ცემისწყალზე ააგეს.

საქართველოს რკინიგზის საერთო სიგრძე 2 344, 2 კილომეტრს შეადგენს.

მოსახლეობა იმედოვნებს, რომ შპს ,,საქართველოს რკინიგზისგენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია მათ თხოვნას  უყურადღებოდ არ დატოვებს.
                 
გულო კოხოძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი