გიორგი ტუღუში: “უმცირესობებით დასახლებული რეგიონები ჩვენი პრიორიტეტია”


ინტერვიუ საქართველოს სახალხო დამცველთან გიორგი ტუღუშთან

- ახალქალაქში სახალხო დამცველის ოფისი 2008 წლიდან არსებობს, თუმცა საჩივრების რაოდენობა ძალიან მცირეა. როგორ შეიძლება მოსახლეობის ასეთი პასიურობის ახსნა?

- რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას, ბოლო ხანებში ცოტა მოიმატა, თუმცა, რასაკვირველია, თბილისის ოფისთან ან იგივე, ქუთაისის ძველ ოფისთან შედარებაც არ შეიძლება. საჩივრების რაოდენობა არაფერს ნიშნავს, არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სადაც მეტია საჩივარი, საქმე იქ უკეთ მიდის ან პირიქით.
- ანუ თქვენ გულისხმობთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები არ ირღვევა და ხალხიც ამიტომ არ მოდის თქვენთან?

- ვფიქრობ, პირველ რიგში, მოსახლეობა უკეთ უნდა იყოს ინფორმირებული, რომ აქ სახალხო დამცველის ოფისი მუშაობს და რა საკითხებთან დაკავშირებით შეუძლიათ მოგვმართონ. ოფისმაც უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს. ადრე შესაბამისი პირობები არ გვქონდა, ახლა კი პირობები შექმნილია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ოფისი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და განსაკუთრებით, რათა მოსახლეობამ გაიგოს, რომ თუ მათი უფლებები ირღვევა, პირველ რიგში, სახალხო დამცველის ოფისს უნდა მიმართონ.

- რა მეთოდით აპირებთ მოსახლეობის ინფორმირებას? ოფისი ხომ მხოლოდ ერთია, რეგიონი კი საკმაოდ დიდი და მრავალენოვანი...

- პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ამასთან ერთად, ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მოვაწყობთ, გავავრცელებთ სხვადასხვა საინფორმაციო ბიულეტენებს. უკვე დავბეჭდეთ ბუკლეტი სომხურ ენაზე, სადაც მოცემულია ინფორმაცია, რას აკეთებს სახალხო დამცველი და რისთვის შეიქმნა ეს ოფისი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში სახალხო დამცველის ოფისისადმი ინტერესი გავზარდოთ.

რამდენიმე დღის წინ დასავლეთ საქართველო მოვიარე, ვიყავით აღმოსავლეთშიც, ვაპირებთ, ასევე, ოზურგეთში ჩასვლას. მცირე ბიუჯეტი გვაქვს, ამიტომ ჩვენი პრიორიტეტების მიხედვით მოქმედებას ვცდილობთ, ხოლო უმცირესობებით დასახლებული რეგიონები, რასაკვირველია, ჩვენი პრიორიტეტია.

- საქართველომ სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტი და კონვენცია მიიღო და რატიფიცირება მოახდინა. ზოგჯერ საერთაშორისო დოკუმენტის შინაარსი ქვეყნის კანონმდებლობას არ ემთხვევა. მაგალითად, პუნქტი ენის რეგიონული სტატუსის შესახებ, რომელზეც საუბარიაეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო კონვენციაში” (ევროსაბჭო)...

- სახალხო დამცველის ანგარიშებში ყოველთვის მითითებულია პრობლემები, რომლებიც ინტეგრაციისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის გზებზე არსებობს. მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ, მაგალითად, სახელმწიფო ენის არცოდნა უმცირესობების წარმომადგენლებს ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვნად მონაწილეობაში ხშირად პრობლემებს უქმნის.

ასევე, რეგიონების სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ თემებთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ვსაუბრობ. რაც შეეხება ყოველგვარ სტატუსებსა და საერთაშორისო კონვენციებს, ის დოკუმენტები, რაც საქართველომ მიიღო, რასაკვირველია, დაცული უნდა იქნას და ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სტანდარტები.

საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნები საერთოდ ცალკე თემაა. რაც შეეხება ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ჩვენ ვცდილობთ, რომ თავად კანონმდებლობაში არ იყოს დისკრიმინაციის რაიმე ელემენტი, თავად კანონმდებლობა იყოს ისეთი, რომ არავითარ შემთხვევაში, თეორიულ დონეზეც კი, რაიმე ეთნიკური ან რელიგიური დისკრიმინაციის შესაძლებლობა არ დაუშვას. სამწუხაროდ, რჩება პრობლემები, რომლებიც ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს, თუმცა, სიტუაცია ამ მიმართულებით დღეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.

- სახალხო დამცველის ანგარიშში უკვე მრავალჯერ აღინიშნა, რომ ჟურნალისტების უფლებებისა და თავისუფლების ხელყოფა ხდება, თუმცა, ამ საკითხში არანაირი გაუმჯობესება ან ძვრა არ შეინიშნება...

- სახალხო დამცველს დარღვეული უფლებების აღდგენა თავად არ ძალუძს, მას მხოლოდ შეუძლია ამის გაკეთება ხელისუფლების ორგანოებს მოსთხოვოს. სახალხო დამცველი აფასებს ფაქტს და ადგენს, იყო თუ არა უფლება დარღვეული. დადებითი შეფასების შემთხვევაში იგი შესაბამის ორგანოში რეკომენდაციებს გზავნის. ასე რომ, მე ჩემს სამუშაოს პირნათლად ვასრულებ, მაგრამ ის, რომ ჩემი რეკომენდაციები ძალიან ხშირად არ სრულდება და არსებობს კონკრეტული პრობლემები, ამაზე ერთადერთი პასუხისმგებელი მე ვერ ვიქნები. მინდა აღვნიშნო, რომ ძიება მრავალ საქმეზე დაიწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ მიმიღია პასუხი, რომ ის რაიმე კონკრეტული ქმედებით დასრულდა.

- რამდენად ხშირად ითვალისწინებენ ხელისუფლების ორგანოები თქვენს რეკომენდაციებს?

- რასაკვირველია, შესრულებული რეკომენდაციები იყო. ძალიან ხშირად სრულდება სახალხო დამცველის რეკომენდაციები პატიმრებთან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ზოგიერთ რეკომენდაციაზე მოდის პასუხი, რომ მისი შესრულება არ შეუძლიათ. არის შემთხვევები, როდესაც რეკომენდაციაზე რეაგირება საერთოდ არ ხდება, ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია ან მიმდინარეობს ძიება, რომელიც არ სრულდება.

- რა მექანიზმები შეუძლია გამოიყენოს სახალხო დამცველმა, როდესაც მისი რეკომენდაციები არ სრულდება ან რეაგირებას საერთოდ არ ახდენენ?

- ამისათვის მას პარლამენტის ტრიბუნა აქვს, საიდანაც შეუძლია იჩივლოს, რომ მისი რეკომენდაციები არ სრულდება ან მის შეფასებებზე რეაგირებას არ ახდენენ. სახალხო დამცველს აქვს კანონით მინიჭებული უფლებები, რომელთა იქითაც იგი ვეღარ წავა. სახალხო დამცველს არ გააჩნია მექანიზმი, რომელიც მისი რეკომენდაციების შესრულებას შეუწყობდა ხელს, მას შეუძლია მხოლოდ გაიმეოროს და გააკრიტიკოს ხელისუფლება, რომ ის სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ყურადღებით არ მოეკიდა.

რიმა ღარიბიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი