ნახევრად-დანგრეული ბინა, ღვთის ანაბარა დარჩენილი ექვსი შვილი და
გაჭირვების გამო დაკარგული უკეთესი მომავლის იმედი.
გვირჯიშვილების რვასულიანი ოჯახი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძეში, სამ ოთახში ცხოვრობს. მამა-პაპისეული ორსართულიანი სახლის მეორე სართული ავარიულია. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისას მძიმეწონიანი ტრანსპორტის მოძრაობით გამოწვეულმა ვიბრაციამ ჭერი ისე დააზიანა, რომ მეორე სართულზე ცხოვრება შეუძლებელია.
“წყალი ჩამოდის, თუ არ შეკეთდა, ცოტახანში აქაც აღარ იცხოვრება, მაგრამ საშუალება სად გვაქვს?! ნეტა ბავშვებისთვის საჭმელი არ მომაკლებინა”, - ამბობს დიასახლისი გულო გვირჯიშვილი.
ექვსშვილიანი ოჯახის ავლა-დიდებას სამზარეულოს კარადები, მაგიდა, ორი ტახტი, ერთი საწოლი, კარადა, რამდენიმე სკამი და ღუმელი წარმოადგენს.
“ბავშვები საწოლზე ვერ ეტევიან და ძირს წევან, როცა იღლებიან ერთმანეთს ენაცვლებიან. საწოლები რომც მქონდეს, ვერ დავტევ ოთხში”, - გვიამბობს დიასახლისი.
უფროსი 18 წლის, ყველაზე პატარა ორი
ტყუპი კი სამი წლისები არიან. ოჯახში დასაქმებული არავინაა.
“უფროსებს სკოლას ვაცდენინებ, რომ პატარებთან დარჩნენ და ვინმეს მოსამსახურედ დავუდგე... სოფელ-სოფელ დავდივარ, ყანაში სხვებს ვათესინებ კარტოფილს ან ლობიოს, დღეში 10 ლარს თუ მომცემენ”, - ამბობს ექვსი შვილის დედა.
დათესილი მხოლოდ 5 მეასედი კარტოფილი აქვთ: “მიწები კიდევ გვაქვს, მაგრამ სადაა იმდენი ფული, რომ ტრაქტორი მოვიყვანოთ და დავამუშავებინოთ?!”
გულო გვირჯიშვილის თქმით, ქვსი შვილის მარჩენალი ორი ძროხაა: “ყველს ბავშვებს ვაკლებ და ვყიდი, რომ რვეული და პასტა ვუყიდო, ან სკოლაში წასასვლელად გზის ფული ჰქონდეთ. კარგად სწავლობენ და არ მინდა სკოლას ჩამოვტოვო. არადა, აქედან ახალციხემდე, თითოს მგზავრობისთვის 50 თეთრი უნდა”.
ცოდნის მისაღებად გვირჯიშვილებს არა მხოლოდ გზის ფული, წიგნებიც არ აქვთ: “ჩასაცმელითაც ახლობლები გვეხმარებიან. მაგრამ სულ ვინ რას მოგცემს?”
რვასულიანი ოჯახის ძირითადი საკვები კარტოფილია. მიუხედავად იმისა, რომ
ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დარეგისტრირებულთა ერთიან ბაზაში მაინც ვერ მოხვდა.
“ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოციალურმა აგენტმა შეგვამოწმა. ქულები არ გეყოფათ, იმიტომ რომ მანქანა გაქვთო. ამ ნახევრად დანგრეული უაზის გამო არ მოგვცეს დახმარება, წლებია გაფუჭებულია”, - გვიყვება დიასახლისი.
გულო გვირჯიშვილი არც მრავალშვილიანობის დახმარებას ღებულობს: “შვიდი შვილი უნდა გყავდეს მრავალშვილიან დედად რომ ჩაითვალოო. ეს ქვეყანაა?! არავის და აღარაფრის იმედი აღარ მაქვს. ამ ქვეყანას ვერც არჩვენები შეცვლის და ვერც რევოლუცია”.
ექვსი შვილის დედამ ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა: “მრავალშვილიანებში არ ითვლები და ვერაფრით დაგეხმარებითო. მერე მე თვითონვე შემრცხვა, ახალგაზრდა ქალი დახმარებას რომ ვითხოვდი”.
გულო გვირჯიშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას სამასალე მერქნის თხოვნითაც მრავალჯერ მიმართა: “ჭერი თავზე დაგვეცემა ცოტახანში, კოჭები მინდოდა რომ გამომეწერა, მაგრამ არავის ვაძლევთ და ვერც თქვენ დაგეხმარებითო”.
მთავრობაზე განაწყენებული დიასახლისი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ასევე ფიქრობს ოჯახის უფროსი ვლადიმერ გვირჯიშვილიც: “ვის მივცე ხმა რა ვიცი?! ერთიმეორეზე გლახები არიან! შეცვლის კი რამეს ეს არჩევნები?!”
რას
შეცვლის მომავალზე უიმედოდ განწყობილი გვირჯიშვილებისთვის არჩევნები, მალე გაირკვევა. მანამდე კი შვილების სარჩენად ექვსი შვილის დედა მეუღლესთან ერთად სხვებს მიეხმარება.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი