რა მოლოდინები აქვს მოსახლეობას არჩევნების შემდგომ
არჩევნების შემდეგ მოსახლეობა სოციალური ფონის გაუმჯობესებას ელოდება. წინასაარჩევნო დაპირება ზოგს რეალურად ეჩვენება, ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ხმების მოპოვებისთვის მოგონილი დაპირებაა.
წინასაარჩევნო დაპირებებში თითქმის ყველა კანდიდატი სოციალური ფონის
გაუმჯობესებაზე აკეთებდა აქცენტს. სამუშაო ადგილების შექმნა, მცირე და საშუალო ბიზნესის
განვითარების ხელშეწყობა, დაბალი ტარიფები, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის
გაუმჯობესება, - ეს ფრაზები ისმოდა მათი გამოსვლებიდან. თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია
ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ არჩევის შემთხვევაში არსებულ სიტუაციას რადიკალურად შეცვლიდა.
რას ფიქრობენ ადგილობრივები, ელიან თუ არა ცვლილებებს, მიაჩნიათ
თუ არა რეალურად წინასაარჩევნო დაპირებები, რა პრობლემები აქვთ და რისი შეცვლა სურთ
რეგიონში, ამ კითხვებით “სამხრეთის კარიბჭემ” მოსახლეობას მიმართა.
მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამბობს რომ წინასაარჩევნოდ კანდიდატები
უამრავ დაპირებას იძლევიან, არჩევნების შემდეგ კი გამარჯვებულ პარტიას მხოლოდ უმნიშვნელო
ნაწილი ახსენდება.
“წინასაარჩევნო
დაპირებები, როგორც ყოველთვის, დაპირებად დარჩება. გვეუბნებიან, ყველაფრი კარგად იქნებაო,
მაგრამ როგორც კი არჩევნები დამთავრდება, ხალხი ყველას ავიწყდება”, - ამბობს
თეონა გურასაშვილი და აქვე დასძენს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დასაქმებაა:
“ამდენი ხალხი უმუშევარია და პროდუქტებზე ფასები
მაინც დღითიდღე იმატებს”.
დასაქმება კიდევ ბევრი ადამიანისთვისაა პრობლემა. ეს პრობლემა სვეტა ხიბლიშვილსაც აწუხებს. მას არც იმის იმედი აქვს, რომ პრობლემა არჩევნების შემდგომ მოგვარდება: “ნამდვილად არა მაქვს იმედი, რომ რამე შეიცვლება, ეს აქამდე უნდა მომხდარიყო. პროდუქტებზე ფასები მატულობს და იზრდება უმუშევართა რიცხვი. დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნო დაპირებები დაპირებად დარჩება. როგორც ჩემთვის, ასევე ყველა ადგილობრივისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასაქმებაა. ეს პრობლემა რა თქმა უნდა შეგაწუხებს, როცა სახლში მეუღლე და ოჯახის სხვა წევრები უმუშევრები არიან”.
დაპირებების შესრულების და ზოგადად ქვეყანაში არსებული მდგომარების შეცვლის იმედი, არც 68 წლის ლერი ზარგიაშვილს აქვს: “იმედით ვცოცხლობთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი შეიცვლება. დაპირებები ყოველი არჩევნების წინ არის თუმცა, შედეგი არასოდეს არ ჩანს”.
მზევინარ ლომიძე ყველაზე მნიშვნელოვნად პენსიების მომატებასა და ჯანდაცვის პროგრამების გაუმჯობესებას მიიჩნევს: “კარგი იქნება თუ პენსიებს მოგვიმატებენ, პროდუქტები იმდენად გაძვირდა, რომ 80 ლარი არაფერში გვყოფნის. ასევე ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანდაცვას”.
მოქალაქეთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ გამარჯვებული პარტია დაპირებებიდან მცირე ნაწილს მაინც შეასრულებს.
“ვხედავთ, რომ წვალობენ, ქალაქში რაღაცას აკეთებენ. ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორდება, ამას დრო უნდა. რაც შეეხება დაპირებებს, ვფიქრობ, რომ ნაწილობრივ მაინც შესრულდება”, - ამბობს ლიანა ხმალაძე.
არჩევნების შემდეგ უმუშევართა რიცხვი რომ
შემცირდება და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ნაწილობრივ გამოსწორდება, ამის იმედი 77 წლის ნოდარ ლომიძესაც აქვს: “ეს ყველაფერი მიღწევადია. საერთოდ, კაცი რომ დაქორწინდება, ოჯახი რომ ნამდვილ ოჯახად იქცეს, ერთი-ორი წელიწადია საჭირო. ზუსტად ამდენივე დრო უნდა, რომ დანაპირები შეასრულონ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე მოხდება”.
გამართლდება თუ არა
მოსახლეობის იმედები და შეასრულებს თუ არა გამარჯვებული პოლიტიკური პარტია წინასაარჩევნო დაპირებებს, ამას მომავალი გვიჩვენებს.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი