ბოლო ათი
დღის განმავლობაში ქვეყანაში მედიკამენტების ფასებმა დაახლოებით 40 პროცენტით მოიმატა. ბევრი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ფასების ზრდა ხელოვნურია.
სულ
ახლახანს ახალქალაქში “ავერსის” აფთიაქი გაიხსნა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ადგილობრივ ფარმაცეფტულ ბაზარზე და გარკვეული სახის მედიკამენტებზე ფასების შემცირებაც გამოიწვია.
თუმცა მოსახლეობას სიხარული დიდხანს არ დასცალდა. დოლარის კურსის ცვლილების შემდეგ ფასებმა ადრინდელს გადააჭარბა.
ელენა რსტაკიანი აფთიაქების მუდმივი კლიენტია. მას
გული აწუხებს და აფთიაქში წამლების შესაძენად თითქმის ყოველ კვირას დადის.
“წამლებს ხშირად ვყიდულობ და ქალაქის თითქმის ყველა აფთიაქით ვსარგებლობდი. “ავერსის” გახსნის შემდეგ, წამლებზე, რომლებიც მე მჭირდება, ფასები ყველა აფთიაქში შემცირდა და ერთმანეთს გაუთანაბრდა”, - ამბობს ელენა რსტაკიანი.
ახალქალაქი “ავერსის” გახსნამდეც მხოლოდ ერთი აფთიაქის იმედად არ იყო, 4-5 მუშაობდა და ყოველ მათგანს საკუთარი კლიენტურა ჰყავდა.
აფთიაქ “არა”-ს თანამშრომელი ასმიკ კარახანიანი ფასების დაწევას კონკურენციის უკავშირებს: “ფასები შემცირდა, რადგან კონკურენციაა. “ავერსში” დაბალი ფასებია და ამიტომ ჩვენც დავწიეთ”.
ქალაქის ცენტრალური აფთიაქის დირექტორი სერგეი აბრამიანი ფასების შემცირების მიზეზად კონკურენციას არ მიიჩნევს: “წამლების ფასები იმის გამო შემცირდა, რომ ხალხს მედიკამენტების შეძენის საშუალება არ აქვს. გარდა ამისა, ფასებმა ბაზებშიც დაიწია. ფასების შემცირება “ავერსის” აფთიაქის გახსნასთან არ არის დაკავშირებული. მათ თავიანთი ბიზნესი აქვთ, ჩვენ – ჩვენი. შესაძლოა, ნაკლები ფასი ჰქონდეს მედიკამენტებს, რომლებსაც თავად აწარმოებენ, მაგრამ საზღვარგარეთიდან შემოტანილი წამლები ყველგან ძვირია. გარდა ამისა, ახლა საბაზრო ურთიერთობებია. ფასებს ყველა დამოუკიდებლად განსაზღვრავს”.
თუმცა იგი
არ გამორიცხავს, რომ ქალაქში აფთიაქის გახსნით მათი კლიენტურა შემცირდა.
“ავერსში” მუშაობის საკმაოდ მცირე დროის შედეგებითაც კმაყოფილები არიან. ხელმძღვანელობის მოლოდინი სავსებით გამართლდა. აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით გვითხრეს, რომ თვეში მათ საშუალოდ 200 მყიდველი ჰყავთ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ძირითადი უმრავლესობა ქალაქის ცენტრალური აფთიაქით სარგებლობდა, შეიძლება ითქვას, რომ ბაზრისთვის ბრძოლა უმთავრესად ამ ორ აფთიაქს შორისაა.
რამაზ გოგოლაძე ახლა “ავერსის” აფთიაქის მომსახურებით სარგებლობს და ფასებით კმაყოფილია: “აფთიაქში ყოველ კვირას დავდივარ. ბავშვისთვის ფაფებს ვყიდულობ. ადრე ცენტრალურ აფთიაქში მივდიოდი, ახლა კი “ავერსში”. რადგან, ფაფების ფასში სხვაობა ერთი ლარია. გარდა ამისა, აქ მომსახურებაც უკეთესია. ცენტრალურ აფთიაქში რიგში საათობით ვიდექით”.
ზოგს მოსწონს ახალი, კომპიუტერიზებული სერვისი, ზოგს კი ძველი, შეჩვეული მომსახურება ურჩევნია.
“წამლებს ცენტრალურ აფთიაქში ვყიდულობ, იქ რჩევებით მეხმარებიან და წამლებს უკან იღებენ. მართალია, მე თვითონ არ დამიბრუნებია, მაგრამ ბევრისგან გამიგია, რომ ეს შესაძლებალია”, - ამბობს მარეტა ბაღდასარიანი.
“ავერსში” წამლების უკან დაბრუნება ან გამოცვლა ფაქტობრიუვად შეუძლებელია, მაშინ როცა ცენტრალურ აფთიაქში მისაღებია.
“უფლება არ გვაქვს, მაგრამ უკან ვიღებთ. მაგალითად, ადამიანი, ვისთვისაც მედიკამენტი შეიძინეს, გარდაიცვალა. წამლები კი ხშირად ძვირია და ვიცით, რომ ხალხს ფინანსურად უჭირს, როგორ ვუთხრათ უარი უკან დაბრუნებაზე”, - ამბობს ცენტრალური აფთიაქის დირექტორი სერგეი აბრამიანი.
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი