15 ივნისს ძლიერი ქარი ახალციხესა და ადიგენში თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. ქარიშხალმა ზიანი არაერთ ოჯახს მიაყენა.
ქარმა სოფელ წნისსა და კურორტ აბასთუმანში ხეები დაგლიჯა. ქარიშხალს ვერ გაუძლო ელექტროხაზების გადამცემმა ანძებმაც, სახურავები ახადა, როგორც მრავალსართულიან, ასევე საკუთარ სახლებსა და პირუტყვის სადგომებსაც.
“სახლს სახურავი გადააძრო. რა უნდა ვქნათ, არ ვიცი. დედაჩემის პენსიით ვცხოვრობთ, სხვა შემოსავალი არ გვაქვს. გამგეობიდან იყვნენ მოსულები, განცხადება დაგვაწერინეს, მაგრამ დახმარებას არავინ დაგვპირებია”, - გვიამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისის მკვიდრი 38 წლის რიტა დევაძე.
დევაძეების მსგავსად წნისში კიდევ ორი ოჯახი დაზარალდა. ქარიშხალს ვერც სასოფლო-სამეურნეო კულტურები გადაურჩა. განსაკუთრებით ლობიო და პომიდორი განადგურდა.
“გააოხრა ყველაფერი. ჯერ სეტყვამ მოუღო ბოლო ვენახს და მერე ქარმა ისიც ჩამოყარა, რაც შერჩენილი ჰქონდა”, - ამბობს წნისელი, 75 წლის გოდერძი ლომიძე.
ორი წლის წინ შეკეთებული სახურავი გადახადა ქარმა ახალციხეში დიდიმამიშვილის პირველში მდებარე ხუთსართულიან კორპუსს.
“ქარმა “შიფერი” ერთი თავიდან მეორე ბოლოში გადაიტანა და მერე ეზოში გადმოყარა. ორ მეზობელს ავტომანქანები საკმაოდ დაუზიანა”, - გვიხსნის დიდიმამიშვილის პირველში მცხოვრები გულნაზი ჩუბინიანი.
თითქმის სამი საათის განმავლობაში ახალციხეს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
“ქალაქში შუქი ჩვენი მიზეზით არ გათიშულა, 110 კილოვატის სისტემა იყო გათიშული ცენტრიდან”, - აცხადებს ახალციხის მომსახურების ცენტრის მთავარი ინჟინერი იმედა ბალახაშვილი.
ქარმა ანძები მოტეხა ფიდერ დიატომიტზე, წრიოხზე, ასევე პატარა წირის მიმართულებით. ქარიშხლიდან მეორე დღეს, პირველი საათისთვის, ელექტროენერგია ჯერ კიდევ არ მიეწოდებოდა სოფლებს ბოგას, წრიოხს, წინუბანს, გურკელს, ანდას და ანდრიაწმინდას.
“ტექნიკის გარეშე ვმუშაობთ. ადიგენის მუნიციპალიტეტი უფრო მეტადაა დაზარალებული და როგორც შეგვატყობინეს, ტექნიკა იქ გაგზავნეს. ხელით კი ერთი ანძის წამოყენებასა და დამაგრებას მინიმუმ ორი საათი სჭირდება”, - ამბობს იმედა ბალახაშვილი.
ელექტროგადამცემი ხაზები და ანძები ძლიერმა ქარმა ყველაზე მეტად ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ენთლის მიმართულებით დააზიანა. სამი კორპუსი უსახურავოდ დატოვა ქარიშხალმა აბასთუმანში. სახურავი ახადა სკოლას სოფელ მოხეში და ერთ კორპუსს დაბა ადიგენში.
“სოფლებში სახურავები გადახადა პირუტყვის სადგომებსაც. ბევრი სახლი დაზიანდა უდეშიც”, - გვიამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი.
მისი თქმით, მიყენებული ზიანის ოდენობა 130 ათასი ლარია: “სახურავების შეკეთებას მაშინ დავიწყებთ, როცა ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხა ჩაგვერიცხება. ბოსლების შესაკეთებლად მოსახლეობას ალბათ სამასალე ხით დავეხმარებით”.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ჯერ ზარალის ოდენობა არ დაუთვლია, თუმცა, აცხადებენ, რომ ყველა დაზარალებულს დაეხმარებიან.
“კომისია მუშაობს. დიდიმამიშვილის პირველში ალბათ ამხანაგობა შეიქმნება და ამას შემდეგ დაიწყება აღდგენა ჩვენი დახმარებით”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი გია ქასრაშვილი.
თამუნა უჩიძე, ახალციხე-ადიგენი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი