კვირაზე მეტია, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ადგილს მალე დასასვენებელი სკვერის იერსახე მიეცემა.
ქალაქში რამდენიმე დასასვენებელი ადგილი, ეგრეთ წოდებული პარკი თუ სკვერია. სექტემბრიდან კი რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ახალგაზრდების თავშეყრის კიდევ ერთი ადგილი იქნება.
ახალციხელები ქალაქის გალამაზებას დადებითად ხვდებიან. აქამდე ამ ტერიტორიაზე მხოლოდ მოხუცები იკრიბებოდნენ. ახლა კი ამბობენ, რომ
თუ ადგილს სკვერის სახე მიეცემა, ახალგაზრდებიც ხშირად მოიყრიან თავს.
“ადრე ახალციხეში ნორმალური დასასვენებლი ადგილი არ იყო, ახლა პარკებს და სკვერებს რომ აკეთებენ, საღამოობით უფრო ბევრი ხალხი გამოვა გარეთ, გაერთობა და დაისვენებს”, - ამბობს თეონა ბერიძე.
რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ადგილობრივი კომპანია შპს “პერსპექტივა” აწარმოებს. სამუშაოები 7 ივნისს დაიწყო და სამი თვის ვადაში უნდა დასრულდეს. აღნიშნულ სამუშაოებზე დაახლოებით 15 ადამიანია დასაქმებული.
“ქვაფენილი უკვე გაცვეთილია, ხელოვნური ქვა იყო და დაახლოებით 26 წელი გაძლო. ამიტომ, ძველი ყველაფერი დაიშლება და თავიდან გაკეთდება”, - ამბობს შპს
“პერსპექტივას” დირექტორი თენგიზ მელიქიძე.
ადგილს შეიცვლის შოთა რუსთაველის ძეგლიც, ძველი ადგილიდან დაახლოებით ხუთი მეტრის დაშორებით, მოედნის შუაში დაიდგმება. ახალციხეში შოთა რუსთაველის ძეგლი 1966 წელს დაიდგა, ამიტომ მასაც რეკონსტრუქცია ესაჭიროება.
“ძეგლი არის ხუთ მილიმეტრიანი ლითონის ფირფიტებით გაკეთებული, რომელიც უკვე დამპალია, უნდა ამოიჭრას დაზიანებული ადგილები და ლითონის ფირფიტები თავიდან შეიკეროს”, - ამბობს თენგიზ მელიქიძე.
ახალციხის ცენტრალური პარკის მსგავსად, აქ ხეები არ გაიჩეხება. თენგიზ მელიქიძის თქმით, მხოლოდ ის ხეები მოითხრება, რომლებიც დაზიანებულია, ხოლო მათ ადგილზე დაახლოებით 22 ახალი ხე დაირგვება.
“დაიგება ქვაფენილი, დაიდგმება დაახლოებით რვა ან ათი სკამი, დამონტაჟდება ლამპიონები”, - გვიხსნის გამგეობის წამყვანი
მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხების სპეციალისტი დავით ჩაჩანიძე დასძენს, რომ ძეგლის დასადგამის მოსაწყობად გარკვეული დროა საჭირო, შადრევანც ხელით უნდა დამუშავდეს: “სამი თვე ამიტომ დაგვჭირდა”.
მოედნის ცენტრში, შოთა რუსთაველის ძეგლის პირდაპირ შადრევანიც გაკეთდება.
თენგიზ მელიქიძის თქმით, შესაძლოა სამუშაოების დასრულებამდე პროექტში გარკვეული ცვლილებები მოხდეს: “ამ ადგილას ადრე შენობა იყო, ამიტომ შეიძლება რამე გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც გვქონდეს და რაღაცეები შევცვალოთ”.
აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარია გამოყოფილი.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი