პრობლემები და იმედი


წლებია ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის საბავშვო სამუსიკო სკოლაში არც ინვენტარი განახლებულა და არც სარემონტო სამუშაოები ჩატარებულა. თუმცა პრობლემების მიუხედავად, სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა არაერთი წარმატება მოიპოვეს.
სამუსიკო სკოლა არსებობიდან ექვს ათეულ წელს ითვლის. დაწესებულება რომანოვების მიერ აშენებულ 150 წლის შენობაშია განთავსებული. სკოლაში ერთი საკონცერტო დარბაზი და ოცდაათამდე სამეცადინო ოთახია.

დღეისათვის სამუსიკო სკოლაში 285 მოსწავლე სწავლობს. სწავლის ქირა თვეში 20 ლარს შეადგენს, სოციალურად დაუცველი 130 წარჩინებული მოსწავლე, ბორჯომის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის საბავშო სამუსიკო სკოლის დირექტორის ნაილი აბულაძის განმარტებით, სამუსიკო სკოლის განყოფილებები ფუნქციონირებს დაბა წაღვერში, ბაკურიანსა და ახალდაბაში.

სამუსიკო სკოლის მოწაფეები წარმატებით გამოდიან საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე. სულ ახლახანს ფესტივალზე ,,იპოვე შენი ვარსკვლავისამუსიკო სკოლის ხუთმა მოსწავლემ ვარსკვლავის ტიტული მოიპოვა,”- გვიხსნის დირექტორი და იქვე დასძენს, რომ ბორჯომის სამუსიკო სკოლის მოსწავლეს ანი ქურდაძეს, საუკეთესო ვირტუოზის წოდება მიენიჭა. იგი არაერთი ფესტივალის გამარჯვებულია: საკმაოდ ნიჭიერი თაობა იზრდება და ისინი კიდევ ერთხელ გვასახელებენ.”

ნაილი აბულაძის თქმით, სამუსიკო სკოლაში თოთხმეტი როიალი და თხუთმეტი პიანინოა, რომელთა უმრავლესობასაც სიძველის გამო სიმები უწყდება:
,,საკლასო ოთახებიც სარემონტოა, სკამებიც კი არ გვაქვს საკმარისი და ხშირად სოლფეჯიოს გაკვეთილზე ერთ სკამზე ორი ბავშვი ჯდება”.

სამუსიკო სკოლა თვითდაფინანსებაზეა, ამიტომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს სკოლა ვერ აფინანსებს. აბულაძე ამბობს, რომ შემოსავლები იმდენად მცირეა, რომ მასწავლებელთა ანაზღაურებასაც არ ჰყოფნის, თუმცა იმედოვნებს, რომ მძიმე პერიოდგამოვლილ სამუსიკო სკოლას დონორი გამოუჩნდება და პირობები უკეთესობისკენ შეიცვლება.
ნატალია კოპაძე, ბორჯომი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი