- თვითმმართველობის ორგანოებში ძირითადი საკადრო გადანაწილება უკვე ჩატარდა. თქვენი ბრძანებით გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფილი გამგებელი ნაირი ირიციანი დაინიშნა. რითია თქვენი არჩევანი განპირობებული? - პირველ რიგში, ღრმა პატივისცემას ვუცხადებ ყველა დეპუტატს, რომელთაც პირველი სხდომის დროს თავმჯდომარედ ერთსულოვნად ამირჩიეს. ამ სხდომაზევე, ჩემი წინადადებით, ჩემს მოადგილედ გიორგი პეტროსიანი აირჩიეს, იგიც ერთხმად. საკრებულოს დეპუტატებთან ნაირი ირიციანის კანდიდატურის შეთანხმების შემდეგ, მე მისი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლად დანიშვნის განკარგულება გავეცი. მისი სამუშაო ბიოგრაფიიდან გამომდინარე, არის საკითხები, რომელთაც ჩვენ ერთობლივად გადავწყვეტთ და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის პრობლემებსაც ერთად მოვაგვარებთ. გარდა ამისა, ნაირი ირიციანი ჩვენი პარტიის ერთ-ერთი აქტივისტი იყო და ქალაქ ახალქალაქში ჩვენი პარტიიდან მაჟორიტარ დეპუტატად იქნა არჩეული. დანიშვნის შემდეგ მან დეპუტატის მანდატზე უარი განაცხადა.
- საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს, არიან ახალი დეპუტატებიც. რითი დაიწყებთ მუშაობას?
ჩვენს საქმიანობას რაც შეეხება, საკმაოდ აქტიური წინასაარჩევნო კამპანია ჩავატარეთ, რომლის დროსაც თითქმის ყველა სოფელში ვიყავით და შეხვედრების დროს არა მხოლოდ შესრულებულ სამუშაოებზე ვლაპარაკობდით, არამედ ხალხისგან სხვადასხვა წინადადებებიც მოვისმინეთ, რომლებიც მე და ჩვენმა დეპუტატებმა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
ჯერჯერობით ჩვენი ბიურო დაკომპლექტებული არ არის, რადგან იუსტიციის სამინისტროში კომისიებთან და ფრაქციებთან დაკავშირებით ახალი სისტემა მუშავდება. ჩემი აზრით, თვის ბოლოს ბიურო ბოლომდე ჩამოყალიბდება, რის შემდეგაც ყველა კომისიისა და ფრაქციის ხელმძღვანელები დავალებებს მიიღებენ და მუშაობას სრული დატვირთვით შეუდგებიან.
- თქვენ თქვით, რომ წინასაარჩევნო აგიტაციის დროს ჩვენი მოსახლეობისთვის აქტუალური ბევრი პრობლემის შესახებ შეიტყვეთ. მიმდინარე წლის ბიუჯეტი კი უკვე დამტკიცებულია. რამდენად გაწვდება ბიუჯეტის ხარჯები მოსახლეობის ზოგიერთი პრობლემის მოგვარებას მაინც?
თვითმმართველობის შესახებ ახალი კანონის თანახმად, დამსაქმებელმა ორგანომ ყოველ სამ თვეში ერთხელ საკრებულოს ანგარიში უნდა წარუდგინოს. უკვე მეორე კვარტალია, ამიტომაც როგორც კი ჩვენი ბიურო, კომისიები და ფრაქციები ჩამოყალიბდება, უნდა მივიღოთ ინფორმაცია ბიუჯეტით განსაზღვრული ყველა სამუშაოს შესახებ, რომლებიც გასული ექვსი თვის განმავლობაში ჩატარდა. ამის შემდეგ, უფლება გვაქვს, თუ ფინანსები საშუალებას მოგვცემს, რასაც ზემოთაღნიშნული ანგარიშიდან გავიგებთ, გადანაწილება გავაკეთოთ. ჯერჯერობით კი არ ვიცით, როგორ განაწილდა საბიუჯეტო ფინანსები, რა სამუშაოები შესრულდა და ამ თემაზე ჩემთვის საუბარი რთულია.
- როგორ აფასებთ საქართველოს თვითმმართველობის სისტემას, რამდენად ეფექტურია ის და რას შეცვლიდით თქვენ ამ მიმართულებით?
თვითმმართველობის დღეისათვის არსებული სისტემა საკმაოდ წარმატებულია, თუმცა, ჩემი პირადი მოსაზრებით, კანონში არის ერთი, ბოლომდე დაუმუშავებელი მომენტი. მაგალითად, მუნიციპალიტეტის პირველი პირი საკრებულოა, მაგრამ არის საკითხები, რომელთა მოგვარებისთვის თანხმობის მისაღებად ჩვენ აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდა მივმართოთ. მაგალითად, თუ გვინდა, რომ
ყველა კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეს კაბინეტში ტელეფონი ედგას, ამის ნებართვის მისაღებად გამგეობას უნდა მივმართოთ. გამოდის, რომ მუნიციპალიტეტს ჩვენ ვმართავთ და ნებართვის მისაღებად სხვა უწყებას მივმართავთ. პარადოქსული სიტუაციაა.
- რას ფიქრობთ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამგებლის პირდაპირ დანიშვნაზე, მიიჩნევთ თუ არა ამ მომენტს დემოკრატიულად? არჩევნები, კონკურსები – ეს ხომ გაცილებით დემოკრატიულია?
საკრებულო თავად არჩევითი ორგანოა. ირჩევა 22 მაჟორიტარი და
10 პროპორციული წესით გასული დეპუტატი. დემოკრატიის ცნება აქ არსებობს. დამსაქმებელი ხელისუფლება კი აღმასრულებელი ორგანოა. გამგებელი უბრალოდ მენეჯერია. ჩვენ, ჯერჯერობით, ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, ამიტომ ამ მომენტებს ერთმანეთისგან ვერ ვასხვავებთ. რადგან ჩვენში გასული წლების მენტალიტეტი კიდევ ცოცხალია. კანონი კი კიდევ შეიცვლება.
- როგორ შეაფასებთ მუნიციპალური საკრებულოსა და ცენტრალური ხელისუფლების კავშირსა და ურთიერთდამოკიდებულებას?
მე ასე ვიტყოდი, მუნიციპალური საკრებულო – ეს მინი პარლამენტია. სამინისტროებთან კავშირი შეზღუდულია, ბევრი ფუნქცია საკრებულოს დეპუტატებს ადგილზე გადასაწყვეტად აქვთ გადაკისრებული. რასაკვირველია, არის საკითხები, რომლებიც ცენტრთან ერთობლივად უნდა მოგვარდეს.
- მაგალითად, აქვს თუ არა გავლენა საკრებულოს განათლების სფეროზე?
არსებობს ჰორიზონტალური და პარალელური სამსახურები. ეს უკანასკნელი თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს ექვემდებარება, ჰორიზონტალური სამსახურები კი – ცენტრალურ ხელისუფლებას. მაგალითად, მუნიციპალიტეტი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას ემორჩილება, ხოლო სასამართლო, პოლიცია, და ზოგიერთი სხვა სამსახური კონკრეტულად ცენტრალურ ხელისუფლებას ექვემდებარება ან სამინისტროების დაქვემდებარებაშია. ჩემი აზრით, სამომავლოდ ეს კანონიც დამუშავდება და ეს ფუნქციებიც თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს გადაეცემა. რადგან სახლმწიფო ჯერ ახალგაზრდაა, ზოგიერთი სამსახური სამინისტროების დაქვემდებარებაში რჩება. ჩემი აზრით, თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების მომდევნო არჩევნებისთვის ბევრი ფუნქცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან გადაინაცვლებს.
- რაში დაგეხმარებათ მაჟორიტარი დეპუტატობის წარსული გამოცდილება?
დღეისათვის მე რომ დეპუტატად მუშაობის გამოცდილება არ მქონოდა, ჯერაც სოფლის საბჭოს თავმჯდომარედ ვიმუშავებდი და გამიჭირდებოდა. ახალი თანამდებობა ჩემთვის უცხო არაა, თითქოს, ჩემს უწინდელ საქმიანობას ვაგრძელებ. წარსული წლების გამოცდილება ადამიანს ყოველთვის ეხმარება. ჩემ ადგილას მსგავს თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილების არმქონე პირს ძალიან გაუჭირდებოდა. დაბრკოლებები შეექმნებოდა ბიუჯეტთან მუშაობისას და ზოგიერთი საკითხის განხილვისასაც. რასაკვირველია, არის ჩემთვის უცნობი საკითხები, მაგრამ წარსული გამოცდილება მეხმარება, რომ აღნიშნულ საკითხებში სწორად გავერკვე.
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი