სამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნოდ მთვლემარე მდგომარეობა. საარჩევნო ეიფორია პოლიტიკური პარტიების მიხედვით არ იგრძნობა. ქალაქის ქუჩებში გამოკრული ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პლაკატებით, რომელზეც არა მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები, არამედ ქვეყნის პრეზიდენტია გამოსახული თუ გაგვახსენებს, რომ კარს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია მომდგარი.
არჩევნებამდე ერთი დღე დარჩა და განსხვავებით დანარჩენი რეგიონებისაგან, სამცხე-ჯავახეთში ყველაფერი მშვიდად ყოველგვარი პროტესტის, საჩივრებისა და ხმამაღალი განცხადებების გარეშე. რასაც “ალიანსი საქართველოსთვის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე თამარ გოგოლაძე ასე ხსნის: ,,მოსახლეობაში შიშის სინდრომია, ახლობლებსა და ნათესავებზე ზეწოლები და დაშინებებია, ამიტომაც ხმას ვერავინ იღებს”.
ოპოზიციური პარტიები მმართველ პარტიასთან მიმართებაში არათანაბარ პირობებზე საუბრობენ, თუმცა დღეის მონაცემებით, რეგიონის საოლქო საარჩევნო კომისიებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ შესულა.
ოპოზიციური პარტიები ,,ვერ
ამჩნევენ” შვებულებაში გასული ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი როგორ სარგებლობს სამსახურის მანქანით.
მმართველ პარტიას ზურგს უმაგრებს არჩევნების წინ დაწყებული და გამალებული
სარემონტო სამუშაოები ქალაქის ქუჩებში.
ორი
თვეა, რაც
ახალციხეში ცენტრალური პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. გარდა ამისა, დასრულდა თამარაშვილის ქუჩის ტროტუარების რეაბილიტაცია; ტროტუარი კეთდება დიდიმამიშვილის ქუჩაზე და ნაწილობრივ რემონტდება ნათენაძის ქუჩაც.
,,შესაკეთებელი ტროტუარი 752 მეტრს მოიცავს.Dდაგეგმილია ბორდიულების შეცვლა და ასფალტის დასხმა. ასევე, სახანძრო სამსახურის, მიმდებარე ტერიტორიაზე კედლის აღდგენა, რომელიც ზემოდან ბაზალტის ქვით მოპირკეთდება”, - გვიხსნის გამგეობის წამყვანი სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში დავით ჩაჩანიძე. მისივე თქმით, ქალაქში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარია გამოყოფილი. თუმცა, ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცენტრალური პარკის მშენებლობა და შესაბამისად ეს თანხა არსად არ არის მითითებული.
2010 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ვკითხულობთ:
- გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები
- 120 000 ლარი;
ქ. ახალციხის შიდა გზების ორმული და სასურათე შეკეთება – 100 000 ლარი.
ამავდროულად, მიმდინარეობს კოსტავას ქუჩაზე ორსართულიანი კორპუსების გარე ფასადის გარემონტებაც.
,,მაინც წინასაარჩევნო კამპანია მგონია ეს უცებ ამტყდარი მშენებლობები”,
- კატეგორიულია ადგილობრივი თამარ ჭიტაძე.
რას ამბობენ ადგილობრივები
სამცხე-ჯავახეთში ცესკოს მონაცემებით ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით ასე ნაწილდება:
¹36 ბორჯომის
საოლქო საარჩევნო კომისია - 27, 872 ამომრჩეველი;
¹37 ახალციხის
საოლქო საარჩევნო კომისია – 36, 439 ამომრჩეველი;
¹38 ადიგენის
საოლქო საარჩევნო კომისია – 15, 966 ამომრჩეველი;
¹39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისია –
9,870 ამომრჩეველი;
¹40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისია –
41,293 ამომრჩეველი;
¹41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია –
22,719 ამომრჩეველი.
გამოკითხული 22 რესპონდენტიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 18 მათგანი მიდის, ორმა პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა. ერთი მოქალაქე კი მხოლოდ ხელის ჩაქნევით შემოიფარგლა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი ოთა, ეთერ საგინაძე - “არჩევნებზე ნამდვილად წავალ. მერე რომ არ ვიწუწუნოთ: ეს რა გვჭირს, რა დღეში ვართო, ამიტომ ყველა მოქალაქემ მისთვის სასურველ კანდიდატს უნდა მისცეს ხმა”.
დაბა ასპინძა, ლუბა იველაშვილი – “კი, რა თქმა უნდა არჩევნებზე მივდივარ. მგონი ახლა ყველა ქართველის მოვალეობა კი არა, ვალდებულებაა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება”.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ფხერო, თეონა ათოშვილი – “ჩემი პირველი არჩევნებია და რა თქმა უნდა წავალ”.
ახლაციხის მუნიციპალიტეტის სოფელი მუგარეთი, ზეინაბ გელაშვილი– “ჩემი სოფელი ფერსის საკრებულოში შედის და საარჩევნო უბანიც იქ არის, ვარ თუ არა სიაში არ დავინტერესბულვარ, რადგან საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე სიაში ყოველთვის ვიყავი. ბუნებრივია, არჩევნებზეც მივდივარ”.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ლელოვანი, მარინა ბარბაქაძე - “კი, არჩევნებზე მივდივარ!”
ახალციხე, მაკა კაკაჩიშვილი - “ბარათაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობ და საარჩევნო უბანიც საბავშვო ბაღის შენობაშია, არჩევნებზე მისვლას და ჩემი პოზიციის დაფიქსირებას ნამდვილად ვაპირებ”.
განსხვავებული მდგომარეობაა ნინოწმინდასა და ახალქლაქში, სადაც არჩევნების მიმართ ინდიფერენტული მიდგომაა. აქ მოსახლეობა არჩევნებზე წასვლას არ აპირებს.
ახალქალაქში, ქუჩაში შემხვედრმა მოხუცმა გვითხრა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანაში სააკაშვილი იქნება პრეზიდენტი თუ შევარდნაძე.
წინა არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან ყოველთვის 100- პროცენტიანი დასწრება იყო. თუმცა, გამოკითხული მოსახლეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამჟერად 100-პროცენტიანი მოსწრება ნაკლებად სავარაუდოა.
გულო კოხოძე, სამცხე-ჯავახეთი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი