ცვლილებები ახალქალაქის არქივში


თანამშრომლები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ცვლილებას შემცირებები მოჰყვეს

1951-1996 წლების ნოტარიულ საბუთებს ახალქალაქის რაიონული არქივიდან ქუთაისში გადაიტანენ. ნოტარიული დოკუმენტაციის ცენტრალიზაციამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

ორი კვირაა ახალქალაქში არქივის გადატანის შესახებ საუბრობენ. აღნიშნული ინფორმაცია მოსახლეობაში უფრო ადრე გავრცელდა, ვიდრე ამის შესახებ ქალაქის არქივში გაიგებდნენ.

ახალქალაქის მცხოვრები მკრტიჩ ქტოიანი არქივის გადატანის წინააღმდეგია: სამუშაო ადგილები შემცირდება, რამდენიმე ადამიანი სამსახურს დაკარგავს. გარდა ამისა, თუ ვინმეს საბუთი დასჭირდება, სხვა ქალაქში წასვლა, დამატებითი ხარჯების გაღება და წვალება მოუწევს”.

თუმცა, როგორც გაირკვა, გადააქვთ მხოლოდ ნოტარიული საბუთები, მათი ცენტრალიზაციის მიზნით. ახალქალაქის რაიონული არქივის ¹69 ფონდი მუნიციპალიტეტის ნოტარიული დოკუმენტებია, 6340 ერთეულის ოდენობით და უახლოეს მომავალში ქუთაისში გადაიტანენ. ეს დოკუმენტები, 1951 წლიდან გროვდებოდა. 1996 წლიდან ნოტარიული კანტორები საბუთებს არქივში აღარ აბარებენ.

ამ ამბით რაიონული არქივის მთავარი სპეციალისტიც გაოცებულია, რადგან მან ხალხისგან მეტი ინფორმაცია მიიღო, ვიდრე ზემდგომი ორგანოებიდან.

როდესაც დავრეკე, მითხრეს, რომ ეს ასეა და თუ ვინმე საბუთების წასაღებად მოვა, ხელი არ უნდა შევუშალო. კითხვაზე, როგორ მიიღებს ხალხი საჭირო საბუთებს, მიპასუხეს, რომ ამისთვის ელექტრონული ვერსია იარსებებს”, - ამბობს გარნუშ კარახანიანი.

ნოტარიული საბუთების ცენტრალიზაციის პროცესი მთავრობის დადგენილების თანახმად და ნოტარიული კანტორების ინიციატივით დაიწყო. საბოლოო მიზანი ნოტარიული საბუთების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნაა. ამ უკანასკნელის შექმნამდე კი, როგორც ეროვნულ არქივში დაგვარწმუნეს, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეები საბუთების რაიონული არქივიდან მიღებას უწინდებურად შეძლებენ.

საბუთების ერთიანი ელექტრონული სისტემა, მომსახურების საკმაოდ თანამედროვე, განვითარებული, ოპერატიული სახეა. ნოტარიუსები აღიარებენ, რომ ამ სისტემით მუშაობა გაცილებით სასიამოვნო და ეფექტური იქნება, თუმცა, გარკვეული ნეგატიური მხარეც ექნება.

მოქალაქეებმა ზოგჯერ არ იციან, კონკრეტულად რომელი წლის ცნობა სჭირდებათ. პენსიონერებს ხშირად თარიღებიც არ ახსოვთ. ჩვენ 5-10 წლის საბუთებში ვეძებთ და ვპოულობთ. ელექტრონულ ვერსიის შემთხვევაში კი, არ ვიცი, ამას როგორ მოვახერხებთ. განაცხადში ხომ კონკრეტული წლისა და რიცხვის მითითებაა საჭირო. არასწორ თარიღზე უარყოფითი პასუხი მოვა, შემდეგ სხვა თარიღზე ხელახალ მოთხოვნას გავაკეთებთ. ამ დროს კი ყოველი მოთხოვნა გარკვეული თანხა ღირს”, - ამბობს გარნუშ კარახანიანი.

ჯერჯერობით ქუთაისში მხოლოდ ნოტარიული დოკუმენტაცია გადააქვთ. არქივის თანამშრომლები კი მოსალოდნელ შემცირებებზე შიშობენ. არქივის თანამშრომელთა რიცხვი მასში დაცული საბუთების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ახალქალაქის არქივი მესამე კატეგორიისაა. თუ არქივს დოკუმენტთა 110 ერთეული აქვს, ის პირველ კატეგორიაში ხვდება, 110-დან 180 ერთეულამდე _ მეორე კატეგორიაში, ხოლო 180 და მეტი ერთეულის შემთხვევაში არქივი უკვე მესამე კატეგორიისაა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის არქივში, დამლაგებლისა და დარაჯის გათვალისწინებით, შვიდი ადამიანი მუშაობს.

შუშან შირინიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი