ბოლო წლების განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების მცდელობა, მოვაჭრეები მტვრიანი ქუჩებიდან ახალ ბაზარში გადაეყვანათ უშედეგო აღმოჩნდა. ახალი ბაზარი რამდენიმე წლის წინ USAID-ის დაფინანსებით აშენდა, გამყიდველებისა და მომხმარებლების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისთვის საკმაოდ კეთილმოწყობილი იყო და ყველა საჭირო ნორმას შეესაბამებოდა. თუმცა ბაზარში მოვაჭრეთა შემოყვანა მხოლოდ რამდენიმე დღითYხერხდებოდა, შემდეგ ისინი კვლავ ქუჩას უბრუნდებოდნენ და მიზეზად მოუხერხებელ ადგილს ასახელებდნენ, სადაც ძალიან ცოტა მყიდველი მოდიოდა.
ბოლოს და ბოლოს პრობლემის მოგვარება მოხერხდა –მოვაჭრეები ძველ, ქალაქის ცენტრში მდებარე ბაზარში შეყვანა გადაწყდა.
“გადავწყვიტეთ, ვაჭრობის ძველი ბაზრის ტერიტორიაზე გადატანა, რადგან აქ უფრო მოსახერხებელია, როგორც მოვაჭრეებისთვის, ისე მყიდველთათვის. ძველი ბაზარი ყველასთვის იოლად შესამჩნევ, ღია ადგილზე მდებარეობს. ახალი ბაზარი კი მიყრუებულ ადგილზეა აშენებული, სადაც მისვლა რთული და მოუხერხებელია”, - ამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვლადიმირ სტამბოლციანი.
მოვაჭრეების ნაწილი სიახლით კმაყოფილია, ნაწილი კი კვლავ ქუჩაში ვაჭრობას ითხოვს.
“პირველი დღეა რაც ახალ ადგილას გადმოვედი და კმაყოფილი ვარ. დილას, როდესაც ქუჩაში ჩემს სავაჭრო ადგილას მივედი, იქ პოლიციის თანამშრომლები დამხვდნენ და ამიხსნეს, რომ დღეიდან ქუჩაში ნებისმიერი ტიპის ვაჭრობა იკრძალება და ბაზრის ტერიტორიაზე უნდა გადავიდე. აქ ვაჭრობა ნორმალურად მიდის და თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ყველასთვის კარგი იქნება”, - ამბობს პროდუქტებით მოვაჭრე თამაზ აბუიშვილი.
ახალი ადგილი ყველაზე ნაკლებად თევზით მოვაჭრეების მოსწონთ, ისინი უწყლობას უჩივიან და შიშობენ, რომ
პროდუქტი მალე გაუფუჭდებათ.
პაპო კურკჩიანი თევზს ყიდის: “მუდმივი მყიდველები მყავდა. თევზს სომხეთის სამარშრუტო ხაზების მძღოლებიც ყიდულობდნენ. ისინი აქ არ მოდიან, ძველი ბაზრის შესახებ არც იციან. თევზი უფრო მეტი გაფუჭდება, ვიდრე გაიყიდება. ჩვენ, თევზით გამყიდველებს მაინც დაგვრთონ ქუჩაში ვაჭრობის ნება, გადავიხდით ისევე, როგორც ბაზრის მოვაჭრეები, მეტსაც კი, ოღონდ ამის ნებართვა მოგვცენ”.
თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა მტკიცებით, ბაზარი ყველა გამყიდველისთვის მოსახერხებელი იქნება. სანიტარული ზედამხედველობა კი ყოველდღიურად იწარმოებს, რაც სისუფთავისა და წესრიგის გარანტი იქნება.
ჯერჯერობით მოვაჭრეები ბაზრის გალავნის გარეთ არიან, რადგან ბაზრის ტერიტორიას რემონტი სჭირდება. უცნობია, კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ გამყიდველებს ბაზრის გარეთ მუშაობა.
“ძველი ბაზრის ტერიტორია “მომხმარებელთა კავშირის” ბალანსზეა. სამომავლოდ, თუ ბაზარს აუქციონზე გაიტანენ და მას კერძო მესაკუთრე ან ორგანიზაცია შეიძენს, ბუნებრივია, უფლებები და მოვალეობები მასთან გადავა და ბაზრის სრულფასოვან ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელიც ის იქნება”, - გვარწმუნებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
ნინოწმინდის რაიონული კოოპერატივის (ყოფილი “მომხმარებელთა კავშირი”) თავმჯდომარის გრიგორ მგდესიანის თქმით, ბაზარში ადგილის გადასახადი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. მისი ოდენობა ზუსტად იმდენი იქნება, რაც
ბაზრის დაცვისა და დასუფთავების მომსახურების ანაზღაურებას დასჭირდება.
“ჩავატარებთ რემონტს და შევქმნით ყველა აუცილებელ პირობას მას შემდეგ, როგორც კი ბიუჯეტიდან ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშზე შესაბამისი თანხა გადმოირიცხება”, - აღნიშნა გრიგორ მგდესიანმა.
თუმცა იგი
ვარაუდობს, რომ
ბაზარში ცოტა გამყიდველი იმუშავებს, ძირითადად, ეს იქნებიან ჩამოსული მოვაჭრეები, რადგან ყველა ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც ბოსტნეულითა და ხილით ვაჭრობს, მაღაზიაც აქვს და ბუნებრივია, თავის პროდუქტს იქვე, სხვა საქონელთან ერთად გაყიდის.
წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა
წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი