ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი შემცირდა


აბასთუმნის რესპუბლიკურ ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში ამჟამად 111 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის, 59, განსაკუთრებით მძიმე ანუ მულტირეზისტენტული ფორმითაა დავადებული.

აბასთუმნის რესპუბლიკური ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფო საქართველოში სიდიდით მეორეა თბილისის ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის შემდეგ. ხოლო, მცირე, 40-50 საწოლზე გათვლილი საავადმყოფოები, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმშიცაა.

2008 წლის 24 მარტს პირველად საქართველოში, კერძოდ აბასთუმანში, მულტირეზისტენტული ფორმის ყველაზე დიდი განყოფილება გაიხსნა.  თავდაპირველად იგი 50 საწოლზე იყო გათვლილი, ამჟამად კი 90-საწოლიანია.

ამ ეტაპზე საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 111 პაციენტი გადის, 59 მათგანი მულტირეზისტენტულ განყოფილებაში მკურნალობს. დაავადებულები საქართველოს ყველა რეგიონიდან არიან. თუმცა, უმრავლესობა დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ აჭარიდანაა.

აბასთუმნის რესპუბლიკური ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ტარიელ ენდელაძის თქმით, ამას გარკვეულწილად კლიმატური პირობები განაპირობებს. თუმცა, ინფექციის მთავარი ხელშემწყობი ფაქოტორები ქვეყანაში სოციალური პირობების გაუარესება, სამოქალაქო დაპირისპირება, ომები, არასრულფასოვანი კვება, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და შიდსია. ტუბერკულოზით ხშირად ავადდებიან ნასამართლევი ადამიანებიც.

2007 წელს საქართველოში 5 911 დაავადებული გამოვლინდა, 2008 და 2009 წლებში დაავადებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.

წინა წლებთან შედარებით ტუბერკულოზით დაავადებულთა რაოდენობა შემცირდა. ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 6 000 პაციენტამდე გამოვლინდებოდა, ახალი შემთხვევები და წარსულში ნამკურნალევიც. თუმცა ამ პერიოდისათვის მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა”, - ამბობს ტარიელ ენდელაძე.

აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს მედიკამენტებით საერთაშორისო გლობალური ფონდი ამარაგებს. ამავე ფონდის დაფინანსებით გარემონტდა საავადმყოფოს მეორე სართულის მულტირეზისტენტული განყოფილებაც. ხოლო მესამე სართული მსოფლიო ბანკმა რამოდენიმე წლის წინ გაარემონტა.

გლობალური ფონდი მხოლოდ მედიკამენტებს გვაძლევს, დანარჩენს სახელმწიფო აფინანსებს. მულტირეზისტენტური განყოფილებაში ერთი საწოლი 30 ლარი ღირს, ხოლო ჩვეულებრივ ანუ სენსიტიური ტუბერკულოზის განყოფილებაში ერთი საწოლზე 24 ლარია გათვალისწინებული”, - ამბობს ტარიელ ენდელაძე.  

საავადმყოფოში 134 თანამშრომელია. მათ შორის დამყოლობის ორი კონსულტანტი, რომლებიც თვეში ორჯერ თბილისიდან ჩამოდიან სტაციონარში და დაახლოებით ოთ ან ხუთ დღეს ატარებენ.

ტარიელ ენდელაძის თქმით, მათთვის მთვარ პრობლემას ავადმყოფის მკურნალობაზე  დაყოლობა  წარმოადგენს, რადგან ავადმყოფი ეპიდემიოლოგიურად საშიში ხდება: ამიტომ გვყავს შტატში დამყოლობის კონსულტანტი, რომელიც აქტიურად მუშაობს ავადმყოფის ბინაზე, ვსწავლობთ მათი ცხოვრების პირობებს, შემდეგ ვადგენთ კონსილიუმს და წყდება, დაეწყოს თუ არა მულტირეზისტენტური ფორმით მკურნალობა პაციენტს”.

ბესო ხახუტაიშვილი ქობულეთიდანაა და 20 თვეა, რაც აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში მკურნალობს. ამბობს, რომ როცა საავადმყოფოში მივიდა, დაავადების რთული ფორმა ჰქონდა, ამჟამად კი წარმატებით გაიარა მკურნლობის კურსი და შედეგად თხუთმეტი კილოგრამი მოიმატა წონაში: ექიმები ამბობენ, რომ დაავადება მიკრო-ბაქტერიას დიდი ხანია აღარ გამოყოფს, ამიტომ მკურნალობა უკვე დასასრულისკენ მიდის”.

თუ ავადმყოფი ჩვეულებრივი ანუ სენსიტიური ტუბერკულოზითაა დაავადებული, სტაციონარში მკურნალობის ორთვიანი კურსი უნდა გაიაროს. თუ ამის შემდგომ, ორგანიზმი ისევ გამოყოფს ტუბერკულოზის ბაქტერიას, პაციენტს დაახლოებით ოთხი-ხუთი თვე ამბულატორიული მკურნალობა სჭირდება. მულტირეზისტენტური ტუბერკულოზი ისეთ შემთხვევაში ყალიბდება, როცა ავადმყოფი მკურნალობას წყვეტს. დაავადების ეს ფორმა ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს, დაახლოებით,  18-24 თვე.

აბასთუმნის კლიმატი ტუბერკულოზის განკურნებისთვის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. თუმცა, ტარიელ ენდელაძის თქმით, ტუბერკულოზის მიკრო-ბაქტერიაზე, ანუ მის მთავარ გამომწვევ ფაქტორზე მედიკამენტების გარდა არაფერი მოქმედებს: “აქ რეპარაციული ანუ აღდგენითი პროცესები უფრო ადრე და ჯანსაღად მიმდინარეობს. ამიტომ, აბასთუმანი ნებისმიერ დროს არის გადასარევი, არამარტო ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანისთვის”.

თამარ თოთაძე, ადიგენი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი