საქართველოს კანონმდებლობა იცავს მომხმარებლის უფლებებს, თუმცა, როგორც გაირკვა, გაუგებარია, ვინ არის პასუხისმგებელი ამ უფლებათა დაცვაზე.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2
პარაგრაფში ვკითხულობთ: “...მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით”. აღნიშნული კანონი მიღებულია 14 წლის წინ, თუმცა, რეალურად ის არ მოქმედებს.
“ძირითადი მიზეზი, რის გამოც არ ხდება მომხმარებელთა უფლებების დაცვა როგორც რეგიონში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, არის ის, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი პრაქტიკაში არ მოქმედებს ისეთ სამინისტროებსა და უწყებებში, როგორიცაა ჯანდაცვის სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ა.შ. ფაქტი რჩება ფაქტად – არ არსებობს პროდუქციის ხარისხისა და სანიტარული კონტროლის სამსახურები”, - ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის სპეციალისტი ლევონ ლევანიანი.
მომხმარებელთა უფლებების დარღვევებს ადასტურებს საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი “ცხელ ხაზზე” შესულ საჩივრებზე დაყრდნობით. მართალია, ახალქალაქელ მომხმარებელს ცხელ ხაზზე არ დაურეკავს, მაგრამ ჩივილის საფუძველი მათაც აქვთ.
“თქვეს, რომ საბითუმო მაღაზიაში შოკოლადი იაფად იყიდება. გასაკვირი იყო ასეთი დაბალი ფასი, მაგრამ მაინც ვიყიდეთ. სახლში გავხსენით და აღმოჩნდა, რომ მატლები ჰქონდა”, - გვიამბობს მომხმარებელი ნანა დარბინიანი.
“ერთ მაღაზიაში იოგურტი ვიყიდე. მასში რაღა არ დაცურავდა”, - ამბობს კიდევ ერთი დაზარალებული მომხმარებელი მარიანნა არაქელიანი.
“ერთხელ ძეხვი ვიყიდე, დავჭერი და შიგნით დაჟანგული ლურსმანი აღმოვაჩინე. არავისთვის მითქვამს, ჩუმად გადავაგდე, რომ ჩემი ოჯახის წევრებს არ ენახათ”, - გვიამბო ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელმაც ვინაობის დასახელებაზე უარი განაცხადა.
საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში საკვები პროდუქტით მოწამლულთა შესახებ ოფიციალური მონაცემები დაფიქსირებული არ არის, თუმცა, ახლახანს იყო
ხალხის მასობრივი მოწამვლის შემთხვევა, როდესაც ქორწილში, დაახლოებით, 40 ადამიანი ძეხვის პროდუქციით მოიწამლა. თუმცა ეს შემთხვევა ხელისუფლების ორგანოების მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა.
ქალაქ ახალქალაქში გამოკითხული ათი მომხმარებლიდან ათივემ განაცხადა, რომ გაფუჭებული ან დაძველებული პროდუქცია ხშირად შეუძენიათ. ათიდან ათი მომხმარებელი პროდუქტის ვარგისიანობის ვადას ყოველთვის არ აკვირდება. ხალხი ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ მომხმარებლის უფლებები რეგულარულად ირღვევა და მათ
არ იციან, საჩივრებითა და წინადადებებით ვის მიმართონ.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ
სახელმწიფო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს და მომხმარებელთა უფლებების დარღვევის საკითხებზე ღონისძიებების გატარებისთვის საკმარისი ნორმატიული აქტებით არც მუნიციპალურ სისტემას ავალდებულებს.
ლევონ ლევანიანის თქმით, “საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის” მე-5 მუხლის “გ” პარაგრაფის თანახმად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ ძირითადი პრინციპები საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით. თუმცა შესაბამისი სამსახურების, განყოფილებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არარსებობის გამო ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოხმარებელთა უფლებების დასაცავად რაიმე ღონისძიებები არ ტარდება. როგორც ლევონ ლევანიანმა განმარტა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას საჩივრებისა და განცხადებების მიღების უფლებამოსილება არ გააჩნია: “ფაქტობრივად, გამგეობაში წერილობითი განცხადებები არ არის, სიტყვიერი საჩივრებით მომსვლელებს კი წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად სასამართლო ინსტანციებში გზავნიან. გამგებელმა (ყოფილი გამგებელი ნაირი ირიციანი) განმარტა, რომ რაიონში შემოდის ბევრი უხარისხო პროდუქტი, რომელიც ცენტრში არ გაიყიდა (ზომისა და რაოდენობის დაზუსტება შეუძლებელია), რეგიონში კი მისი რეალიზაცია მიზერულ ფასებში ხდება”.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამ პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებები არც ადრე და არც
ამჟამად არ გატარებულა. საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე დღეს ზრუნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები “ბიოკოდექსი”, “საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია” და ქართველ მეწარმეთა ჯგუფი, თუმცა, მათ წესრიგის მთელი ქვეყანის მასშტაბით დამყარებისთვის საჭირო რესურსები, საშუალება და საკმარისი მარეგულირებელი მექანიზმები არ გააჩნიათ. ჩვენს რეგიონში კი აღნიშნული პრობლმებით დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია არ არსებობს.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი