საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს თურქეთიდან
400-კაციანი დელეგაცია ეწვია. ღონისძიებებს, რომლებიც სტუმრების პატივსაცემად არამხოლოდ
დედაქალაქში გაიმართა, ახალციხის სახელმწიფო
სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი ჰალის გოზფინერიც ესწრებოდა.
საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 92-ე წლისთავი აღნიშნა.
“საქართველოს
დამოუკიდებლობა თურქეთის დამოუკიდებლობაცაა”, აცხადებს ჰალის გოზფინერი.
საქართველოში არსებულმა თურქულმა, ჩაღლარის სკოლებმა, ეს დღე გრანდიოზული
დღესასწაულით აღნიშნეს. თურქი პედაგოგის განმარტებით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოში ანტალიიდან, რიზედან და ართვინიდან 300 თურქი ბიზნესმენი, ასევე თურქეთის პარლამენტის წევრებიც ჩამოვიდნენ: “ვხედავთ, რომ კავკასიაში მშვიდობას და ზოგადად, წესრიგს, საქართველო ამყარებს. საქართველოსა და თურქეთს კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს”.
ამდენად, გოზფინარის განცხადებით, საქართველოს სტაბილურობა თურქეთისთვის მეტად მნიშვნელოვანია: “საქართველო ძალიან ახლოსაა თურქეთთან. მაგალითად, სარფის გამშვები პუნქტიდან ყოველდღე თურქეთში 2 000 კაცი გადმოდის, დღეში იგივე რაოდენობის მგზავრებს ღებულობს თურქეთიდან საქართველოც”.
თურქი პედაგოგი ამბობს, რომ
განვითარებული ქვეყნები ცდილობენ თავიანთი კაპიტალი განვითარებად ქვეყნებში ჩადონ. ასეთი ქვეყნები კი აბრეშუმის გზის მთელს პარამეტრზეა: “ევროპიდან და თურქეთიდან მომავალ გზად ბათუმი ითვლება, მაგრამ ბათუმის ალტერნატივა ახალციხის მეზობლად ფოსოფის გამშვები პუნქტია თურქეთის მხარეს”.
ჰალის გოზფინარი ფიქრობს, რომ
თუკი ეს უკანასკნელი უფრო მეტად ამოქმედდება, მაშინ ახალციხე “უფრო აქტიური ქალაქი იქნება” და ახალციხელებისათვის თურქული ენის ცოდნა კიდევ უფრო საჭირო გახდება: “თურქული ენა ბულგარეთიდან ჩინეთემდე ძალიან აქტიური ენაა. თურქეთი ცდილობს, სხვა ქვეყნებში ასწავლოს თურქული ენა, რაც ხელს შეუწყობს, ტურიზმის, კულტურის, ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას”.
ამ მიზნით, თურქეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქარველოს უნივერისტეტებში თურქული ენის განყოფილებებზე მასწავლებლებს აგზავნის.
“სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, მანამდე ევროპის არაერთ ქვეყანაში ვიყავი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩემი თვალსაწიერი ერთიორად გაფართოვდა”, - ამბობს ჰალის გოზფინერი.
მართალია, თურქი პედაგოგი იმ ქალაქში გაიზარდა, სადაც 30 ათასამდე მუჰაჯირი ქართველი ცხოვრობს, მაგრამ საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი დეტალები ორდუდან ახალციხეში წამოსვლამდე ჯერ კიდევ არ იცოდა: “ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე ევროპაში დღეს საუბრობენ, მაშინ, როცა საქართველოს თამარ მეფე მე-12 საუკუნეში მართავდა. ვფიქრობ კავკასიიდან ბევრი რამე უნდა ვისწავლოთ, გვინდა თურქებს საქართველოს ასეთი მხარეები ვაჩვენოთ”.
თურქი პედაგოგი ახალციხის უნივერსიტეტში თურქული ენის სპეციალობის სტუდენტებს ერთი წელია ასწავლის: “უპირველესყოვლისა სტუდენტებს ვეუბნები, რომ ისინი თავიანთი ქვეყნის პატრიოტები უნდა იყვნენ. თუ ადამიანს თავისი ქვეყანა უყვარს, ის აუცილებლად პატივისცემით მოეპყრობა სხვის ქვეყანასაც”.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი