მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების კურსს “სწავლების სწავლა” რეგიონის 200-დე პედაგოგი გადის. პროგრამა მასწავლებლებს არა მხოლოდ ყოველდღიურ პრაქტიკულ საქმინობაში, არამედ სასერტიფიკატო გამოცდების წარმატებით ჩაბარებაშიც დაეხმარება. პროგრამის მიზანი, დახმარება გაუწიოს პრაქტიკოს და მომავალ პედაგოგებს პროფესიულ დაოსტატებაში, სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვაში, ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნაში, პოზიტიურ შედეგზე და გავლენაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვაში.
სასწავლო კურსი 3-კრედიტიანია და 75 საათს მოიცავს. პროგრამის ხანგრძლივობა 9 დღეა. ტრენინგებს ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში პროგრამის ავტორები გულიკო ბექაური და ხატია ჯაშიაშვილი უძღვებიან.
“ზრდასრულთა განათლების ცენტრის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება პიროვნების თვითრეალიზაცია და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა”, - აცხადებს ხატია ჯაშიაშვილი და ამატებს, რომ ცენტრს მუდმივი კონტაქტი აქვს რეგიონის მოსახლეობის ყველა ფენასთან, მათ შორის პედაგოგებთან: “ვიცნობთ მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებს”.
სწორედ პედაგოგების ინტერესებიდან გამომდინარე გაჩნდა იდეა, პროგრამა დაწერილიყო.
“მასწავლებლებს პროფესიულ უნარებში გადამზადების სურვილი ჰქონდათ და ეს იყო მანამდე, სანამ დღის წესრიგში სასერტიფიკატო გამოცდებისათვის მომზადების საკითხი დადგებოდა”, - გვიხსნის გულიკო ბექაური.
პროგრამამ აკრედიტაცია წარმატებით გაიარა და მისი განხორციელება 2010 წლის 2 ოქტომბერს დაიწყო. სასწავლო კურსის ამოცანები გულისხმობს ცოდნის, გაცნობიერების, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და ზოგადი უნარების განვითარებას შემდეგ საკითხებში: განვითარებისა და სწავლის თეორიები; კლასის მართვა (ორგანიზაცია და კონტროლი); სწავლება და შეფასება.
მას
შემდეგ, რაც
განათლების რეფორმის მიხედვით, სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება აუცილებელი გახდა, სახელმწიფომ პედაგოგებისათვის 80-ლარიანი ვაუჩერები გამოყო. ე.ი. სახელმწიფო მასწავლებლებს 2 კრედიტს უფინანსებდა. ზრდასრულთა განათლების ცენტრში სასწავლო კურსი კი სამკრედიტიანი იყო და 120 ლარი ჯდებოდა. ამდენად პროგრამის გავლის მსურველ პედაგოგებს 40 ლარის დამატება თავად უწევდათ.
“ვაუჩერების მიღების შემდეგ, მეც და ჩემი სკოლის პედაგოგებიც უამრავ პროვაიდერს დავუკავშირდით. ვარჩევდით, თუ სად ჯობდა სასწავლო კურსის გავლა. საბოლოოდ არჩევანი “სწავლების სწავლაზე” შევაჩერეთ, რადგან ეს სწორედ ის პროგრამაა, რომელიც გვჭირდება”, - გვიამბობს ასპინძის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი კლარა ზედგინიძე.
მისი თქმით, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა: “არა მხოლოდ სასერტიფიკატო გამოცდებისთვის ვართ მზად, არამედ ისეთი ცოდნა მივიღეთ, რომელიც ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება”.
პედაგოგების განცხადებით, ტრენინგი 5 საათს მიმდინარეობს, თუმცა ცოდნის მისაღებად იმდენად მრავალფეროვანი მეთოდებია გამოყენებული, რომ დაღლა არ იგრძნობა.
“ბავშვებთან მიდგომისა და კლასის მართვის ბევრი ახალი მეთოდი ვისწავლეთ”, - აცხადებს ასპინძის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი თინა ყრუაშვილი.
პროგრამაში უფროსი ასაკის პედაგოგებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა, იმისათვის, რომ მოსწავლებთან “სიახლეები მიეტანათ”, პროგრამაში მონაწილეობა აუცილებელ პირობად ჩათვალეს.
“30 წელზე მეტია, გეოგრაფიას ვასწავლი, მაგრამ ვალდებული ვარ, სასწავლო პროცესი თანამედროვე მოთხოვნების დონეზე წარვმართო”, - ამბობს სოფელ ოშორის საჯარო სკოლის პედაგოგი ზურაბ ბუცხრიკიძე.
გულიკო ბექაურის თქმით, პროგრამის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს: “ბევრ ისეთ თეორიას გაეცვნენ პედაგოგები, რომლებიც მათ მასწავლებლის პროფესიის დაუფლებისას არ გაუვლიათ. მათთვის ცნობილი, მხოლოდ უზნაძის განწყობის თეორია იყო”.
ხატია ჯაშიაშვილის განმარტებით, ტრენინგის მონაწილეთა შეფასება ხდება ტესტებით, რომლის მიზანიცაა, შემოწმდეს, თუ რამდენად ჩაწვდა მსმენელი მიღებულ ინფორმაციას, მოახერხა თუ არა
მიწოდებული მასალის ანალიზი და ასევე, მზადაა თუ არა მიღებული ცოდნა სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად პრაქტიკაში გამოიყენოს: “ვინც 18 ქულას გადალახავს, ითვლება, რომ პროგრამა წარმატებით გაიარა”.
პროგრამაში ჩართული 170 პედაგოგიდან, ვინც აქამდე ტრენინგები გაიარა 18 პროცენტიანი ბარიერი ყველამ წარმატებით გადალახა. სასწავლო კურსი 7 ივლისს სრულდება. რამდენად კარგად გაართმევენ მასწავლებლები თავს სასერტიფიკაციო გამოცდას, 13 ივლისის შემდეგ გაირკვევა.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი