ეროვნული გამოცდები იწყება


საგამოცდო ციებ-ცხელება დაიწყო. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში სიახლეებია, უმთავრესი ცვლილება სახელმწიფო გრანტის გაცემას უკავშირდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საქართველოს მასშტაბით 36 421-მა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია. ამათგან, სტუდენტი 33 681 ახალგაზრდა გახდება. ზოგადად კონკურენცია დაბალია, თუმცა ვისაც პოპულარულ ფაკულტეტზე ან უნივერსიტეტში სურს ჩაბარება, მაინც დიდი კონკურსის გადალახვა მოუწევს.
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამოცდებს 2000-ზე მეტი აბიტურიენტი ჩააბარებს. უნივერსიტეტის მისაღები კვოტა 460 ადგილით განისაზღვრება. დაწესებულების სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის, ნიკოლოზ ახალკაცის განმარტებით, წინა წლებთან შედარებით, წელს, დიდი კონკურსია: “გასულ წელს, ერთ ადგილზე სამი კაცი მოდიოდა, წელს კი ერთი ადგილისთვის ხუთი აბიტურიენტი იბრძოლებს”.

განსაკუთრებით დიდი კონკურსი, ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც იურიდიულსა და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტებზეა. თუმცა მოთხოვნა გაიზარდა ჰუმანიტარულ ფაკულტეტზეც, კერძოდ, ინგლისურ ენასა და ჟურნალისტიკაზე”, - ამბობს ნიკო ახალკაცი და აქვე განმარტავს, რომ იურიდიულსა და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე წელს სწავლის საფასურმაც მოიმატა: გადასახადმა უმნიშვნელოდ იმატა, 1500 ლარი იყო და 1800 გახდა. ამის საშუალება მაღალმა კონკურსმა მოგვცა. დანარჩენ ფაკულტეტებზე სწავლის ქირა იგივე დარჩა”.  

წელს აბიტურიენტები ოთხ გამოცდას ჩააბარებენ, საიდანაც სამი ყველასთვის საერთოა: ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები და უცხო ენა. მეოთხე გამოცდას კი პროფესიების მიხედვით ფაკულტეტი შემდეგი საგნებიდან ირჩევს: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია,  გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია.

ფაკულტეტს შეუძლია ამ შვიდი საგნიდან რამდენიმე აირჩიოს. ამ შემთხვევაში აბიტურიენტს ეძლევა საშუალება, ერთ-ერთი სასურველი აირჩიოს დამატებითი საგნებიდან”, - განმარტავს ახალკაცი.

უმთავრესი ცვლილება, რაც მიმდინარე წლის ეროვნულ გამოცდებშია, სახელმწიფო გრანტის გაცემას ეხება. თუ ადრე დაფინანსება ზოგადი უნარებით მოპოვებული ქულებით წყდებოდა, წელს სახელმწიფო დაფინანსებას ოთხივე გამოცდის ქულა განსაზღვრავს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ექვსი წელიწადია, ტარდება. ამ ხნის განმავლობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს. აბიტურენტთა 33-მა პროცენტმა არჩევანი წელსაც ამ უნივერსიტეტზე გააკეთა.

ჩამონათვალში ახალციხეც მივუთითე, თუმცა ძალიან მინდა, რომ ჯავახიშვილში მოვხვდე, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე”, - ამბობს ახალციხელი თამუნა ტეფნაძე.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს 2 510 თავისუფალი ადგილია, განაცხადი კი 24 614-მა აბიტურიენტმა შეიტანა. კონკურენციის მხრივ მეორე ადგილზეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სადაც 5 850 ადგილია, განცხადება კი 26 710 აბიტურენტს აქვს შეტანილი. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 1 000 სტუდენტის მიღება შეუძლიათ, მსურველთა რაოდენობა კი 5 197-ით განისაზღვრება.

2010 წლის ერთიანი ეროვნული განმოცდები პირველ ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნება.

მანანა სარაშვილი, ახალციხე 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი