მეორადი ჩარიცხვების შედეგები


 თამარ თოთაძეახალციხე
ახალციხის სახელმწიფ სასწავლო უნივერსტეტში მეორადი ჩარიცხვების შემდეგ სტუდენტთა რაოდენობა უმნიშვნელოდ გაიზარდა. 740 ვაკანტური ადგილიდან საბოლოოდ წელს მხოლოდ 303 შეივსო.  

საქართველოს მასშტაბით მიმდინარე სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების მიხედვით, საბაკალავრო პროგრამებზე 34 ათასი აბიტურიენტიდან უმაღლეს სასწავლებლებში 22 236 აბიტურიენტი ჩაირიცხა, ხოლო პროფესიულ პროგრამებზე 1 318 მოხვდა.

10 000 აბიტურიენტს კი შესაძლებლობა მიეცა, მეორადი ჩარიცხვების საშუალებით სხვა აკადემიურ პროგრამაზე ან მეოთხე და მეხუთე დონის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულიყვნენ. განმეორებითი განაცხადის შეტანის უფლება კი იმ აბიტურიენტს ჰქონდა, რომელიც მის მიერ მითითებულ ვერცერთ აკადემიურ პროგრამაზე ვერ მოხვდა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აკადემიური პროგრამებისთვის ოთხ გამოცდაში გადალახა, ხოლო უმაღლესი პროფესიული და ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამებისთვის მხოლოდ ზოგადი უნარები ჩააბარა.
მიმდინარე სასწავლო წელს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მიღება ოთხ ფაკულტეტზე იყო გამოცხადებული. 740 ადგილიდან პირველადი ჩარიცხვების მიხედვით, მხოლოდ 209 ვაკანტური ადგილი შეივსო.
გასულ წელს საერთო კვოტაში სტუდენტთა რაოდენობა 600-ით გაგვიზარდეს. ამიტომ, წელს მეტი ვაკანტური ადგილი გამოვაცხადეთ. სტატისტიკა შესწავლილი გვაქვს და საშუალოდ წელიწადში 300 აბიტურიენტი მოდის. შესაბამისად არც წელს ველოდებოდით ყველა ადგილის შევსებას”, - გვიხსნის ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი.  
მეორადი ჩარიცხვების შედეგად ბაკალავრიატში 20 სტუდენტი დაემატა და საბოლოოდ 220 სტუდენტი გახდა. ქართული ენის შემსწავლელ პროგრამაზე ჩარიცხულ 25 მსენელს მეორადი ჩარიცხვებით მხოლოდ ერთი აბიტურიენტი დაემატა. მეოთხე დონის უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე კი 58 აბიტურიენტი ჩაირიცხა.  

პროფესიულ პროგრამებზე უმეტეს შემთხვევაში სტუდენტები მეორადი ჩარიცხვებით ხვდებიან. რადგან აქ ის სტუდენტები მოდიან, ვინც წარმატებით ვერ გაიარა ოთხივე გამოცდა და ზოგადი უნარების გამოცდაში დადებითი შეფასება მიიღო. შესაბამისად პროგნოზმა გაამართლა, მეორადი ჩარიცხვების დროს პროფესიულ პროგრამებზე 58 აბიტურიენტი ჩაირიცხა, მთლიანობაში 135 ვაკანტურ ადგილზე 87 სტუდენტი მოვიდა”, - განმარტავს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტის რექტორის მოადგილე.  

მისივე თქმით, საბოლოოდ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტში 343 აბიტურიენტი ჩაირიცხა. აქედან რეგისტრაცია მხოლოდ 303-მა სტუდენტმა გაიარა.

ნიკოლოზ ახალკაცის თქმით, სასწავლებელში, იურიდიულ ფაკულტეტზე მიღება რომ გამოეცხადებინათ, უფრო მეტი სტუდენტი ჩააბარებდა: სამასი ადილიც რომ ყოფილიყო, სრულად შეივსებოდა. ჩვენ ხელახლა წარვადგინეთ ახალი მოდერნიზირებული პროგრამა და მომავალ წელს იურიდიულ ფაკულტეტზე მიღებას ისევ გვექნება”.

გარდა ბაკალავრიატის, უმაღლესი პროფესიული და ქართული ენის შემსწავლელი პროგრამებისა, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტში წელს მიღება 11 სამაგისტრო პროგრამაზე გამოცხადდა. 70 ვაკანტური ადგილიდან სამაგისტრო პროგრამებზე წელს მხოლოდ 36 ადგილი შეივსო.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტში ამბობენ, რომ მაგისტრატურაში უმეტესად ამავე სასწავლებლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები აბარებენ. ნიკოლოზ ახალკაცის თქმით, მაგისტრანტების სიმცირეზე, გასული სასწავლო წლის ბაკალავრიატის გამოშვებამ იმოქმედა: გასულ წელს ზოგიერთ საბაკალავრო პროგრამაზე გამოშვება არ გვყოლია. შედეგმაც არ დააყოვნა და წელს მხოლოდ ხუთი სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდა”.

მიმდინარე სასწავლო წელს ბაკალავრიატში სწავლის გადასახადი გაიზარდა. ბიზნესის ადმინისტრირების ფაკიულტეტზე 2 000 ლარი, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცენირებათა ფაკულტეტზე კი 1 750 ლარი გახდა. თუმცა, ცვლილება მხოლოდ პირველი კურსის სტუდენტებს შეეხოთ. დანარჩენ ორ ფაკულტეტზე წლიური გადასახადი ისევ 1 500 ლარია. ასევე, არ შეცვლილა სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გადასახადიც და ისევ 2 000 ლარია.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი