სადაო ვარსკვლავები


 მანანა სარაშვილიახალციხე

ბრენდირების შედეგად, ახალციხის პირველ და მეხუთე საჯარო სკოლებს ცხრა ვარსკვლავი მიენიჭა. რატომ დარჩა ვარსკვლავების გარეშე ქალაქის მეექვსე და მესამე საჯარო სკოლები და რატომ მიაჩნიათ ექსპერტებს ბრენდირების პროცესი არაობიექტურად.  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გასულ თვეში ქვეყნის მაშტაბით 100-მდე ბრენდირებული სკოლა გამოავლინა. სკოლამ, რომელსაც სურს იყოს წარმატებული, ათი ვარსკვლავი უნდა მოიპოვოს. ამ პროცესს ბრენდირება ჰქვია. სკოლა, რომელიც ათი ვარსკვლავის მფლობელი გახდება, ავტომატურად მოიპოვებსბრენდი სკოლისსტატუსს.
იმისთვის, რომ სამინისტრომ სკოლას ვარსკვლავების შესაბამისი რაოდენობა მიანიჭოს, სკოლამ თვითშეფასების ანგარიში უნდა წარადგინოს. სამინისტრო ელექტრონულად მიღებულ მონაცემებს გადაამუშავებს და სკოლას შესაბამისი ვარსკვლავს მიანიჭებს. შეფასების დაწყებისას ყველა სკოლას ავტომატურად ენიჭება ხუთი ვარსკვლავი.  

სასკოლო შენობისა და ინვენტარის მდგომარეობა, სპორტული დარბაზი და ინვენტარი, სკოლის მოქმედი სასადილო, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია, ინტერნეტი, ალუმნაის ფონდის ფუნქციონირება, საკონფერენციო ან სააქტო დარბაზი, წიგნადი ფონდი, კომპიუტერების რაოდენობა, სკოლის ვებ-გვერდი, დარაჯი, დაცვის პოლიცია, მანდატური, ღობე, ვიდეოთვალი, ევაკუაციის გეგმა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში, ინკლუზიური სწავლება, წრეები, გახანგრძლივებული სასწავლო ჯგუფები, მასწავლებელთა რაოდენობა, რომლებმაც გაიარეს პროფესიული განვითარების ტრეინინგი, სერთიფიცირებული მასწავლებლები, მასწავლებლები დოქტორის ხარისხით, საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები, გამომგონებელთა კონკურსში მონაწილე მოსწავლეები, ოლიმპიადის ადგილობრივ და საერთაშორისო ტურებში გამარჯვებული მოსწავლეები, სამინისტროს, ადგილობრივი ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ პროექტებში მონაწილეობა, სპორტული მიღწევები, 2010-2011 წლის საატესტატო გამოცდების წარმატებით ჩაბარება, მედალოსანი მოსწავლეები, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ აბიტურიენტთა რაოდენობა, სახელმწიფო დაფინანსების მიმღებ სტუდენტთა რაოდენობა _ ის კრიტერიუმებია, რომლის დაკმაყოფილების შემდეგაც საჯარო სკოლები დანარჩენ ვარსკვლავებს მიიღებენ.

სამინისტრომ სკოლებს ცხრა ვარსკვლავი მიანიჭა. მეათე ვარსკვლავის მისაღებად სკოლამ ავტორიზაციაც უნდა გაიაროს.

ბრენდირებული სკოლის სტატუსის მინიჭებისთვის 2011 წლის ზაფხულში თვითშეფასების ანგარიში ახალციხის პირველ საჯარო სკოლამაც წარადგინა.

მაქსიმალურად გავშალეთ მთელი წლის ნამუშევარი და ივლისის ბოლოს გადავაგზავნეთ. სექტემბერში დამატებით კითხვარი გამოგვიგზავნეს, რომელიც შევავსეთ და ისევ გადავაგზავნეთ, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი და ამატებს, რომ სამინისტრომ ყურადღება არა ინფრასტრუქტურაზე არამედ სწავლის ხარისხზე და სხვადასხვა აქტივობებზე გაამახვილა: ჩემი სკოლა ინფრასტრუქტურით ვერ მიებაძება თბილისის სკოლებს, მაგრამ იმან, რომ მივუთითე ჩემი მასშტაბებით რისი გაკეთება შემიძლია და იმასაც რომ ვინარჩუნებ რაც მაქვს, ვფიქრობ, დიდი გავლენა მოახდინა სკოლის ბრენდირებაზე”.

თვითშეფასების ანგარიში მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორმა ზაზა თამარაშვილმაც გააგზავნა, თუმცა სკოლამ ვარსკვლავები ვერ მიიღო. დირექტორის თქმით, ეს ბრენდირების ნაკლია და არა სკოლის: ჩვენი სკოლა არაფრით ჩამოუვარდება პირველ და მეხუთე სკოლებს, გარკვეულ კრიტერიუმებში მეტი მაჩვენებლებიც გვაქვს. საატესტატო გამოცდებში არავინ ჩაჭრილა, უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების კუთხით საუკეთესო შედეგები გვაქვს, გვყავს რვა სერთიფიცირებული პედაგოგი, ოლიმპიადებში მონაწილე ბავშვების რაოდენობაზე და შედეგებზე აღარ ვსაუბრობ. ეს იყო ძირითადი კრიტერიუმები და გაუგებარია, რატომ ვერ მივიღეთ ვარსკვლავები”. 

ვარსკვლავების მოლოდინში იყო მესამე საჯარო სკოლაც. დადებითი პასუხს ველოდით, მაგრამ არ გამართლდა. ვფიქრობთ, რომ ორმა კრიტერიუმმა შეგვიშალა ხელი, 16-მა ბავშვმა ვერ აიღო ატესტატი და ოლიმპიადებში ჩვენი სკოლიდან არავინ მონაწილეობდა”, - ამბობს სასწავლო ნაწილი სუსანა მანასიანი.

განათლების ექსპერტები სკოლების ბრენდირების ირგვლივ ბევრს კითხვებს სვამენ. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ როდესაც სახელმწიფო სრულ რებილიტაციას უკეთებს ზოგიერთ სკოლას, ხსნის სასადილოებსა და სპორტულ დარბაზებს, არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა სკოლებს: “სამინისტროს მიაჩნია, თუ სკოლას ჰყავს დარაჯი, დაცვის პოლიცია, მანდატური, ღობე, ვიდეო თვალი და ევაკუაციის გეგმა, სკოლა უსაფრთხოა. თუმცა იმისთვის, რომ სკოლა უსაფრთხოდ ჩაითვალოს, ეს კომპონენტები საკმარისი არ არის”. მისივე თქმით, კარგია თუ სკოლას ჰყავს მასწავლებელი დოქტორის ხარისხით, თუმცა, კანონი ზოგადი განათლების შესახებ არ ითხოვს, რომ მასწავლებელი იყოს დოქტორი.  

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელის შალვა ტაბატაძის თქმით, არის საკითხები რაც მხოლოდ სკოლაზე არ არის დამოკიდებული, განსაკუთრებით ინსტიტუციონალური განვითარების ნაწილში (სკოლის ინფასტრუქტურა, უსაფრთხოება): “ბრენდირების შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდესდაბალი სტატუსის მქონესკოლების ნუსხა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ სკოლების მოსწავლეთა სტიგმატიზაცია და სოციალური დისკრიმინაცია. საქართველოს განსახლების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ბრენდირება ხელს ვერ შეუწყობს კონკურენციის გაზრდას დამშობელთა არჩევანისპრინციპის ამოქმედებას სასოფლო დასახლებებში, სადაც, რეალურად, არჩევანი არ არსებობს. რეგიონებში სკოლებს აქვთ ნაკლები შესაძლებლობები, თუნდაც საკადრო რესურსის, პროფესიული განვითარების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით”.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და განათლების საკითხებში ექსპერტი, სიმონ ჯანაშია ხაზს უსვამს, რომ არსად არ არის გამოქვეყნებული, რა მეთოდოლოგიით მიმდინარეობს სკოლების შეფასება.ვერსად ნახავთ დოკუმენტს, როგორ მიმდინარეობს ბრენდირების პროცესი. ეს არის პირდაპირ გზა კორუფციისკენ - თუ ვიქნები მინისტრის მეგობარი, შესაძლოა, ამ შემთხვევაში მივიღო მაღალი ვარსკვლავი”.  

მისივე განმარტებით, სადაოა ერთ-ერთი კომპონენტის შეფასებაც - თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში: “როგორ გაიგო სახელმწიფომ, გამოიყენა თუ არა ის სკოლამ. ყველა სკოლა დაგიწერს, რომ იყენებს”.

განათლების საკითხთა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თუ ბრენდირებული სკოლების გამოსავლენად ღრმა კვლევა არ ჩატარდა, ამ პროცესს აზრი არ ექნება. სკოლამ, რომელმაც სამინისტროს უნდა მიაწოდოს აღნიშნულ კომპონენტებზე ინფორმაცია, შესაძლებელია სიმართლე დამალოს.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი