ნინო ნარიმანიშვილი, თბილისი
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა; საქართველოს შანსები ნატოში; ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა; სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია; მოქალაქეობის საკითხი; ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება; ეროვნულ უმცირესობებთან მუშაობა – ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა 17 ნოემბერს, რეგიონული მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეხვედრას 40-მდე
ჟურნალისტი ესწრებოდა. ბიძინა ივანიშვილმა ყველა ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. პრესკნფერენციაზე მან რამდენჯერმე ხაზგასმით განაცხადა, რომ ყველაზე მთავარი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მყისიერად დაიწყებს რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას: “ეს მაშინვე ვერ მოხდება და ვერ მოხდება ძირეული საკითხების გვერდზე გადადებით. რა დრო დასჭრიდება, ამის თქმა ძნელია. რთული მოლაპარაკებები გველის, მაგრამ შეუძლებელი არაფერია”.
რუსეთის თემას ივანიშვილი მის
“პრორუსულ” სტატუსზე დასმული კითხვის პასუხშიც შეეხო: “მე მგონი პრორუსულობაზე ეჭვი არ არსებობს მოსახლეობაში. ეს ეშინია სააკაშვილს და სხვა ვერაფერი მონახა. რაც შეეხება ეჭვს, რომ შეიძლება შევცვალოთ საქართველოს მიმართულება, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ბედია პროდასავლური მიმართულება და ამის შეცვლას ვერავინ მოახერხებს. მაგრამ, ჩვენი ბედია ისიც, რომ რუსეთია ჩვენი მეზობელი და მასთან ურთოერთობაც უნდა დავალაგოთ”.
საუბარი საქართველოს ნატოში ინტეგრაციასაც შეეხო. ზუგდიდის ტელევიზიის ჟურნალისტმა ივანიშვილს შეახსენა, რომ იგი ყველა განცხადებაში საქართველოს ნატოსთან დაშორებაზე საუბრობს, მაშინ როდესაც რასმუსენის განცხადებით “საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ნატოსთან”. კითხვაზე - ვინ მოატყუა ხალხი, რასმუსენმა თუ თქვენ? ივანიშვილმა განაცხადა, რომ რასმუსენის გამოსვლა არაადექვატურად თარგმნეს: “მან განაცხადა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები კიდევ საჭიროებენ განვითარებას, მათ გადათარგმნეს, რომ ძალიან განვითარებულია. ძალიან გამიხარდებოდა, რომ მართლაც ძალიან ახლოს ვიყოთ, რადგან ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ნატოს არ ჰყავს ალტერნატივა”.
ივანიშვილის თქმით, ნატოში ინტეგრაციისთვის გარდა სამხედრო სისტემის განვითარებისა, რაც საქართველოში ნამდვილად განვითარებულია, აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება: “რასმუსენმაც თქვა, რომ გადამწყვეტი იქნება არჩევნების ჩატარება და ნატოს ამას მიაქცევს ყუარდღებას. და ის რაც თქვა, რომ ახლოსაა, მხედველობაში ჰქონდა ალბათ სამხედრო მდგომარეობა და ამაში მეც დაგეთანხმებით”.
ივანიშვილი მოქალაქეობის საკითხსაც შეეხო და არ გამორიცხა, რომ შესაძლოა მისი დეპორტაციაც განხორციელდეს. მან განაცხადა, რომ რუსეთის პასპორტი ჩააბარა და მხოლოდ საფრანგეთის პასპორტით სარგებლობს. უახლოეს დღეებში კი მისი ადვოკატები განაცხადის შეტანას აპირებენ.
“პრინციპში იგი წინააღმდეგობაში მოდის იმ სასამართლო საჩივართან, რომელიც შეტანილი გვაქვს მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ჩვენი სასამართლოდან გამომდინარე, ეს საქმე დიდხანს გაჭიანურდება, ამიტომ შეგვაქვს მოთხოვნა მოქალაქეობის თავიდან მინიჭებაზე”, - აღნიშნა ივანიშვილმა და დაამატა, რომ დეპორტაციაც რომ მოხდეს, პარტია ჩამოყალიბებულია, პარტნიორებიც ჰყავს და მითითებებს ყველა ქვეყნიდან მისცემს: “ყველა ვარიანტზე გვაქვს გათვლა, არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს სააკაშვილი”.
ხანგრძლივად ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზეც. მისი თქმით, საჭიროა აღდგეს საირიგაციო და სადრენაჟო სისტემები; არსებობდეს შეღავათიანი კრედიტები გლეხებისა და ფერმერებისათვის; უნდა შეიქმნას გადამამაუშავებელი საწარმოები და გაფართოვდეს გასაღების ბაზრები. იგი მიწების დაბრუნების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ
ეს ვერ მოწესრიგდება იქამდე, ვიდრე არ იარსებებს სამართლიანი სასამართლო.
განსაკუთრებული ყურადღება ივანიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაზე გაამახვილა: “უნდა მოხდეს ადმინისტრაციული, ფისკალური და პოლიტიკური დეცენტრალიზაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან მსხვილი რაიონები. ამ საკითხზე მუშაობენ ექსპერტები, მათ გააანალიზეს რა ხდება ევროპაში და მათგან მაქვს შემოთავაზება, რომ საქართველოსთვის მისაღები იქნებოდა 10-15 ათას მაცხოვრებლიანი მუნიციპალიტეტი”.
კითხვაზე, როგორ აპირებს ეროვნულ უმცირესობებთან მუშაობას, მათი მხარდაჭერის მოპოვებას და ხომ არ გეგმავს, გაუზარდოს კვოტა პარლამენტში უმცირესობებს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ უნდა მოხდეს მაქსიმალური ინტეგრაცია და საქართველოში მცხოვრებმა უმცირესობებმა უნდა იგრძნონ თავი საქართველოს მოქალაქეებად: “უნდა მოვახერხოთ დახმარება სახელმწიფო ენის სწავლების მხრივ. სხვათაშორის, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაც ძალიან შეუწყობს ხელს ინტეგრაციას, მმართველობის პროცესში ჩართულობას. უნდა იყოს თუ არა კვოტები, ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს, ეს უნდა განიხილებოდეს სპეციალისტების დონეზე. რაც შეეხება მხარდაჭერის მოპოვებას, მათ უნდა მიეცეთ არჩევანის თავისუფლად დაფიქსირების საშუალება”.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობას, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ითანამშრომლებს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, თუნდაც ფსევდოოპოზიციურ ძალებთან, თუ ისინი ჩამოიხსნიან ნიღაბს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გაერთიანდებიან და ერთი სიით წავლენ: “კონკრეტული თანამშრომლობა ბურჯანაძესთან არ მაქვს. მასთან არსებობს კითხვები, ის ქუჩიდან აპირებს მთავრობის შეცვლას, ჩვენს ამის დიამეტრიულად საწინააღმდეგო პოზიცია გაგვაჩნია. მაგრამ, შეიძლება მან შეიცვალოს პოზიცია და თანამშრომლობა გამოგვივიდეს”.
იყო
კითხვები, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონდა პასუხები, ან ძალიან ზოგადად პასუხობდა. ასეთი იყო მაგალითად პასუხები კითხვებზე, რა კონკრეტული გეგმები საქართველოს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებისთვის; როგორ უნდა აპირებს სიღარიბის შემცირებას; რამდენი იქნება პენსია მისი მოსვლის შემთხვევაში; რა გზავნილი აქვს კახელი გლეხებისთვის. კითხვაზე – ცხადია მისი დასაყრდენი დაუსაქმებელი მოსახლეობაა და რა კონკრეტული შეთავაზება აქვს დასაქმებული მოსახლეობისთვის, ივანიშვილმა განაცხადა რომ რთული კითხვაა და ამაზე არ უფიქრია.
ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ აცნობიერებს რომ 20 პროცენტი ოკუპირებულია და მათი დაბრუნება ადვილი არ იქნება: “არ მაქვს იმის ილუზია და ვერავის შევიყვან შეცდომაში, რომ ამ გაყინულ პროცესს დავძრავთ ადგილიდან. ეს პროცესი არ იქნება ადვილი და ვერ იქნება ხანმოკლე, თუმცა არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ”.
რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. ივანიშვილის პრესცენტრის განცხადებით, მსგავსი შეხვედრა ერთჯერადი არ იყო
და კიდევ გაიმართება.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი