რომელი განყოფილებაა ყველაზე მოთხოვნადი და რა პრობლემები აქვს ახალციხის სამუსიკო სკოლას.
ახალციხის სამუსიკო სკოლა არსებობის ნახევარ საუკუნეს ითვლის. 520
მოსწავლეზე გათვლილ სკოლას ამჟამად მხოლოდ 240 მოსწავლე ჰყავს, ამათგან, 48 პირველკლასელია.
“ადრე მოსწავლეებს კონკურსის წესით ვიღებდით. ჩვენთან მხოლოდ საუკეთესო მოსწავლეები შემოდიოდნენ, - ამბობს ახალციხის სამუსიკო სკოლის დირექტორი ცისანა ახვლედიანი და ამატებს, რომ სამუსიკო სკოლაში სწავლა საკმაოდ რთულია და დიდ შრომას მოითხოვს:
ცეკვაზე სიარული უფრო ადვილია და ბავშვებს იქ ურჩევნიათ. გარდა ამისა, მუსიკის ინტერესი ალბათ იმიტომ დაიკარგა, რომ ბავშვს კომპიუტერი აქვს და მთელი თავისუფალი დრო კომპიუტერს მიაქვს”.
ცისანა ახვლედიანი სამუსიკოს სკოლის პირველი მოსწავლე იყო. პირველმა გააგრძელა სწავლა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში და შემდეგ კონსერვატორიაში. სწავლის დამთავრების შემდეგ ახალციხეში დაბრუნდა და 17 წელი სამუსიკო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. 30 წელია, რაც სკოლის დირექტორია.
ახალციხის სამუსიკო სკოლაში სწავლა წლების განმავლობაში შვიდწლიანი იყო. თუმცა, რამდენიმე წელია პროგრამა ერთი წლითYშემცირდა. მასწავლებლები ფიქობენ, რომ კარგი სამუსიკო განათლების მისაღებად ექვსი წელი საკმარისი არ არის.
ამჟამად სამუსიკო სკოლაში სხვადასხვა განყოფილებებია, რომელსაც მოსწავლეები საკუთარი სურვილით ირჩევენ.
“საფორტეპიანო განყოფილებაზე სპეციალობას, სოლფეჯიოს, მუსიკის ისტორიას სწავლობენ. გვაქვს სავიოლინო და საგუნდო განყოფილებები, კლარნეტის კლასი. ჩელოს კლასიც გვქონდა, თუმცა ახლა პედაგოგი აღარ გვყავს და შესაბამისად კლასიც გაუქმდა”, - ამბობს სამუსიკო სკოლის დირექტორი.
მისივე თქმით, ბავშვები უმეტესად საფორტეპიანო განყოფილებით ინტერესდებიან. თუმცა, ყველა კლასშია არჩევითი საგანი გამოყოფილი, რომლის საშუალებითაც მოსწავლეს შეუძლია პარალელურად მეორე ინსტრუმენტზე დაკვრაც ისწავლოს.
სკოლაში 42 საკლასო ოთახი და ორი საკონცერტო დარბაზია: მცირე – 80-კაციანი და დიდი – 300-კაციანი. ცისანა ახვლედიანის თქმით, ინსტრუმენტები კარგ მდგომარეობაშია და თითქმის ყოველდღიურად მოწმდება. სკოლაში, როგორც ქართული ასევე უცხოური წარმოების პიანინოებია. გარდა ამისა სკოლაში ათი როიალი დგას, მათ შორის სამი საკონცერტო. თუმცა, შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. სახურავი დაზიანებულია და ჭერიდან ჩამოსულმა წვიმამ შესაძლოა ინსტრუმენტები დააზიანოს.
“გამგეობას მივმართეთ თხოვნით, რომ დაგვეხმარონ. მოგვცეს კრამიტი, რომელიც ერთ-ერთ ამორტიზებულ შენობას გადახადეს, მაგრამ არ გამოდგა. გვპირდებიან, რომ კიდევ დაგვეხმარებიან”, - ამბობს ცისანა ახვლედიანი.
ახალციხის სამუსიკო სკოლას მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაშია. სწავლის გადასახადი თოთოეულ ბავშვზე 25 ლარით განისაზღვრება. 84 ბავშვის სწავლის გადასახადს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ფარავს. გარდა ამისა, ნაწილობრივ, 10 ლარით აფინანსებს მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებს. მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს სკოლის გათბობასაც. სამი წელია, რაც ადგილობრივი ხელისუფლება სკოლას შეშით ამარაგებს.
ახალციხის სამუსიკო სკოლაში ამჟამად 34 მასწავლებელია. ცისანა ახვლედიანი იხსენებს, რომ წლების წინ სკოლაში 80 პედაგოგი იყო. თუმცა, მოსწავლეების კლებამ მათი შემცირება გამოიწვია.
თითოეულ მასწავლებელს ათამდე მოსწავლე ჰყავს. უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგს, რომელიც ბავშვებს თხუთმეტ საათს ამეცანიდებს, ხელფასი საშუალოდ 62 ლარი აქვს.
ფორტეპიანოს მასწავლებელი მარინა ნადარეიშვილი ახალციხის სამუსიკო სკოლაში 16 წელია ასწავლის. ახლა კლასში ცხრა მოსწავლე ჰყავს. იგი ამბობს, რომ ბავშვებს მუსიკა განვითარებაში ეხმარება: “ბევრი კარგი მოსწავლე მყავდა, რომლებიც მუსიკას გაყვნენ და წარმატებებსაც მიაღწიეს. ბავშვებს, რომლებიც მუსიკაზე დადიან, მაღალი ინტელექტი აქვთ, კარგად აზროვნებენ მათემატიკაში, კარგი სმენა და კალიგრაფია აქვთ”.
ახალციხის სამუსიკო სკოლაში ხშირად სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ქართველი კომპიზიტორებს მასპინძლობს და მათ შემოქმედებით საღამოს მართავს. წელიწადში ორჯერ იმართება კლასის კონცერტებიც. სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა გალა კონცერტებშიც მონაწილეობენ.
უახლოეს მომავალში კი სკოლის დირექცია ქართველი კომპოზიტორის, ჯემალ ადამაშვილის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტის გამართვას გეგმავს.
“ჯემალ ადამაშვილი ჩვენს სკოლასთან მეგობრობდა. ერთ-ერთი გადაცემის შემდეგ, მისი სოციალური მდგომარეობის გამო, გამიჩნდა იდეა, ხომ არ გამეკეთებინა საქველმოქმედო აქცია, სადაც თავად მასაც მოვიწვევთ. იდეას კოლექტივს გავაცნობ და ვეცდებით სამუსკო სკოლის სახელით მხარში დავუდგეთ”, - დასძენს დირექტორი.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი