საქართველოს კრივის ნაკრებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან უკვე რვა სპორტსმენია.
ნოემბერში ქუთაისში საქართველოს ახალგაზრდული პირველობა ჩატარდა, რის შემდგაც ორი ახალქალაქელი მოკრივე საქართველოს კრივის ნაკრებში მოხვდა. ამ შეჯიბრში ახალქალაქიდან რვა სპორტსმენი მონაწილეობდა. აღასი ელიზბარიანი და არმენ გრიგორიანი, მიუხედავად იმისა, რომ
არ გაუმარჯვიათ, საქართველოს კრივის ნაკრებში აიყვანეს.
ბოლო წლებში კრივი ახალქალაქში სპორტის მეტად პოპულარულ სახეობად იქცა. სხვადასხვა ასაკის მოკრივეთა უმრავლესობა ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში ვარჯიშობს. მათთან ოთხი მწვრთნელი მუშაობს. მწვრთნელები ახალგაზრდებს საკუთარ სოფლებში: კარტიკამში, ბავრაში, აბულსა და კულიკამშიც ავარჯიშებენ. ყველა მწვრთნელი სპორტის ოსტატი ან ოსტატობის კანდიდატია.
ატომ ელიზბარიანის თქმით, ახალქალქის კრივის გუნდი საქართველოში განვითრებით პირველ საფეხურზეა: “არის შედეგები, რასაც ახალგაზრდობა ხედავს. ჩვენი ერთ-ერთი სპორტსმენი მსოფლიოში, ევროპაში ძალიან ცნობილი მოკრივეა. ზოგს მისთვის მიბაძვა უნდა. თუ ადრე ქალაქ ქუთაისისა და ფოთის მოკრივეებს, რომლებსაც კრივის 50 და უფრო მეტწლიანი სკოლები და დაფინანსება აქვთ, ჩამოვრჩებოდით, ახლა მათთან ერთად პირველ რიგებში ვართ და საქართველოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად მიგვიჩნევენ”.
კრივის მწვრთნელი ვაზგენ გრიგორიანი ფიქრობს, რომ
გუნდში ევროპის პრიზიორის ყოფნა არც
ხუმრობაა და არც იოლი საქმეა: “უკვე ყურადღებას გვაქცევენ, გვითვალისწინებენ, რადგან სკოლა და სახელი გვაქვს. ყველა შეჯიბრზე გვიწვევენ. თანდათანობით წინ წავიწიეთ. ჩვენთან კრივის სავარჯიშოდ 40 კილომეტრით დაშორებული სოფლიდან – კარწახიდანაც კი მოდიან”.
ბოლო შეჯიბრზე, მწვრთნელების თქმით, მოკრივეები საუკეთესო ფორმაში არ იყვნენ, რადგან ახალქალაქში კარტოფილის მოსავლის აღების სეზონი ახალხანს დასრულდა და ყველა სპორტსმენი ამ საქმით იყო დაკავებული – ისინი მშობლებს ეხმარებოდნენ.
მწვრთნელები მიიჩნევენ, რომ სპორტის ამ სახეობაში პროფესიონალური ვარჯიშისა და შედეგების მისაღწევად, შეჯიბრამდე 10 დღე
მაინც, ყველა მონაწილეს ახალქალაქში, მათ კონტროლქვეშ დარჩენის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. მწვრთნელებმა ნაკრების მთელი შემადგენლობა ერთად უნდა შეკრიბონ, რათა მათი მომზადების დონე შეაფასონ და ასევე, ახალგაზრდების კვებისა და წონის კონტროლის საშუალებაც მიეცეთ. თუმცა ამისთვის სპორტულ კომპლექსს ფინანსები და შენობა არ გააჩნია.
საქართველოს კრივის ნაკრების ახალი წევრი არმენ გრიგორიანი ამჟამად აჭარაში, ჩაქვის სკოლაში გაცვლითი პროგრამით სწავლობს და იქვე ვარჯიშობს. ნაკრების მეორე ახალბედა წევრი აღასი ელიზბარიანი სოფელ კარტიკამიდანაა. იგი 16 წლისაა და კრივში ვარჯიში სკოლაში კარგ ნიშნებზე სწავლაში ხელს არ უშლის. აღასი კრივში 7 წლიდან ვარჯიშობს, იგი ოლიმპიურ ჩემპიონობაზე და შემდეგ პროფესიონალ მოკრივეობაზე ოცნებობს.
“ბაბუა მოკრივეა და მინდოდა მის გზაზე წავსულიყავი, მას დავმსგავსებოდი. კრივი ძალიან მომწონს. ჩვენი ცხოვრება ძალიან დაუკავშირდა კრივს”, - ამბობს იგი.
აღასის ოლიმპიური ჩემპიონობის შანსი უკვე აქვს. მწვრთნელები მოკრივეებზე დიდ იმედებს ამყარებენ. მათ იმედი აქვთ, რომ ახალქალაქელები საქართველოს ჩემპიონობას ორ წონით კატეგორიაში მაინც მოიპოვებენ. შემდეგ ჩემპიონებმა საერთაშორისო შეჯიბრში უნდა მიიღონ მონაწილეობა, სადაც ოლიმპიუირი საგზურები გათამაშდება. ატომ ელიზბარიანის თქმით, თუ ისინი ოლიმპიურ საგზურს აიღებენ, ეს დიდი სენსაცია იქნება.
ამ დიდ გეგმებს ახალქალაქის ნორმალური პირობებიდან საკმაოდ შორს მყოფ სპორტულ კომპლექსში აწყობენ. მწვრთნელების ხელფასი 200-220 ლარია. სპორტული კომპლექსი ნორმალურად თბება, თუმცა, სპორტული ინვენტარი საკმარისი არ არის. კომპლექსში ცოტაა კრივის მსხლები და ადამიანის მსგავსი ტომრები, რაც სპორტსმენის ფიზიკური მზადყოფნის გაუმჯობესებისთვისაა საჭირო. არ არის სავარჯიშო აღჭურვილობა, რომლებიც მუცლის კუნთებს ავაჯიშებს.
“მომავალ წელს გვინდა, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ინვენტარის შეძენაში დახმარების თხოვნით მივმართოთ. სიტყვიერად დაგვპირდნენ, ვნახოთ, რა იქნება. სამომავლოდ, შეჯიბრების (სამივლინებო) თანხების გაზრდაც იგეგმება, რადგან ამჟამინდელი სახსრები საკმარისი არ არის. შეჯიბრებზე სპორტული კომპლექსის ბიუჯეტის ფულით მივდივართ, მაგრამ არ გვყოფნის. ეს მხოლოდ დიდი ღონისძიებებისთვისაა საკმარისი. ბავშვებმა სერიოზულ შედეგებს რომ მიაღწიონ, ყველა შესაძლო შეჯიბრში უნდა მიიღონ მონაწილეობა, საერთაშორისო იქნება ეს, პატარა თუ საქალაქო”, - ამბობს სპორტული კომპლექსის დირექტორი.
29 ნოემბერს ზუგდიდში კრივის შერჩევითი შეჯიბრი ჩატარდება უფროსებს შორის, სადაც საქართველოს ნაკრების უფროსი ასაკის წევრებს შეარჩევენ. შესაძლოა ახალქალაქიდან საქართველოს ნაკრებში კიდევ მეტი სპორტსმენი მოხვდეს.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი