ახალცხის მუნიციპალიტეტის სოფლების წინუბნისა და გურკელის მოსახლეობა ზამთარს შიშით ხვდება. აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებლებს ქალაქში წამოსასვლელად რამდენიმე კილომეტრის გავლა ისევ ფეხით მოუწევთ.
წლებია სოფლამდე მისასვლელ გზაზე სანიაღვრე არხები აღარ არსებობს. ყოველი წვიმის შემდეგ მოვარდნილი ნიაღვრები კი პირდაპირ სამანქანო გზაზე მოედინება. შესაბამისად, გზაც ყოველწლიურად ფუჭდება და გარდა ამისა, იქმნება მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე.
სოფელ გურკელის მკვიდრი რიმა კუხიანი ძველ დროს იხსენებს, როცა სანიაღვრე არხები მოწესრიგებული იყო და სოფელში მისასვლელი გზაც კარგ მდგომარეობაში იყო: “ადრე ყველაფერი მოწესრიგებული იყო, სანიაღვრე არხები ყოველ დღე იწმინდებოდა, ახლა ყველაფერი მოიშალა და ყურადღებას აღარ გვაქცევენ”.
წინუბანში მცხოვრებ იზოლდა ქიმერიძეს ზამთრის პერიოდში ახალციხეში წამოსასვლელად რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევს: “რამდენიმე ზამთარია ტრანსპორტი მხოლოდ აგარამდე მიდის, ზევით სოფლებში ვეღარ ადის. ჩვენს სოფლამდე ოთხი კილომეტრია და ამ მანძილს, დატვირთულები, ფეხით გავდივართ”.
სოფლამდე ასვლა სასწრაფო დახმარების მანქანასაც უჭირს.
“სასწრაფოს ექიმმა გვითხრა, გამოძახება როცა იქნება, აღარ ამოვალთ, რადგან სწრაფად მოვდივართ და ლამის მანქანიდან გადმოვცვივდეთ, ნელა სიარულის შემთხვევაში მოსახლეობა საყვედურს გვეუბნებაო”, - ამბობს ქიმერიძე.
ადგილობრივები იხსენებენ, რომ იყო შემთხვევა, როცა ავარიული გზების გამო სასწრაფო დახმარების მანქანა წინუბანში გამოძახებიდან ერთი საათის დაგვიანებით ავიდა.
“მეუღლეს ინსულტი დაემართა, სასწრაფოს დავურეკეთ და ჯერ ერთი საათი მოანდომეს ამოსვლას, მერე დანგრეული გზის გამო, გზაში მეუღლეს სხეული სულ დაულურჯდა”, - ამბობს ნაირა კაპანაძე.
მოსახლეობის თქმით, აღნიშნული გზა მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა გაკეთებულიყო, ასე დაჰპირდა ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას წინასაარჩევნოდ.
“ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ ამოსულები იყვნენ გამგეობის წარმომადგენლები და გვითხრეს, რომ გზას გააკეთებდნენ. ამის გამო ჩვენი სოფლიდან ხმების დიდი რაოდენობა წაიღეს, თუმცა მერე გზა და გლეხების პრობლემები ყველას დაავიწყდა”, - ამბობს წინუბნის მკვიდრი თამილა გოგოლაძე.
არჩევნების დამთავრების შემდეგ, რამდენიმე თვეში, ადგილობრივმა მოსახლეობამ ახალციხის მუნიციპალიტეტის იმდროინდელ გამგებელს დავით ათუნაშვილს დანაპირები შეახსენა.
“გამგებელმა გვითხრა, რომ გზის გაკეთებას აზრი არ ჰქონდა, ვიდრე სანიაღვრე არხები არ მოწესრიგდებოდა და მეორედ დაგვპირდა, რომ სამუშაოებს გაზაფხულიდან დაიწყებდა. გაზაფხულმაც ჩაიარა, ზაფხულმაც, შემოდგომამაც, მაგრამ დანაპირები არავის გახსენებია”, - ამბობს თამილა გიორგაძე.
დავით ათუნაშვილმა გამგებლობა ისე დაასრულა, წინუბნელებისთვის მიცემული დაპირება არ გახსენებია. წინამორბედის დანაპირებს ახლო მომავალში ვერც ამჯამინდელი გამგებელი გელა დემეტრაძე ასრულებს.
“ამ წლის ბიუჯეტით ვეღარაფერს გავაკეთებთ, მომავალ წელს შევხედავთ პრიორიტეტები რის მიხედვით გაიწერება და იმის მიხედვით მოვიქცევით”, - ამბობს გამგებელი.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი