ახალციხის ახლადგახსნილი სავაჭრო ცენტრი “ალფა მარკეტი”, გაზრდილი ტარიფები და უკმაყოფილო გამყიდველები; მოსალოდნელია თუ არა პროდუქტზე ფასების მომატება და რაზე ჩივიან კომფორტულ მარკეტში;
ორი
კვირაა ახალციხის აგრარული ბაზარი კოსტავას ქუჩის ნაცვლად თამარაშვილის ქუჩაზე ფუნქციონირებს. თუმცა, იმისთვის რომ მყიდველი ბაზრის შეცვლილ ადგილმდებარეობას შეჩვეოდა, 14 დღე საკმარისი არ აღმოჩნდა.
“ვერაფერს ვყიდით, მაგრამ “ჩეკის” ფულს მაინც ვიხდით. არავინ შემოდის, შუადღეა და ჯერ ვერაფერი გავყიდე”, - ამბობს ხილზე მოვაჭრე მადონა გაგნიძე.
ახლადაშენებულ მარკეტში კომფორტული გარემო მოსწონს ბოსტნეულსა და ხილზე მოვაჭრე სვეტლანა ოსტროვსკაიას. თუმცა ამბობს, რომ ტყუილად დგას, რადგან “კლიენტი” საერთოდ არ ჰყავს: “ვაჭრობა არ გვაქვს. ქალაქში თითქმის ყველა მარკეტი ბაზრის პროდუქტებით ვაჭრობს. ამბობენ, მაღაზიებში ხილ-ბოსტნეულის შეტანა უნდა აიკრძალოსო, თუ ასე მოხდა, მერე გვეყოლება ალბათ მყიდველი”.
მყიდველის სიმცირეზე ჩივიან გლეხები და ბითუმად მოვაჭრეებიც.
“ფასსაც არავინ გვეკითხება, თორემ ყიდვაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი?! - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის მკვიდრი მარინე მერაბიშვილი, რომელმაც ყველი, კარტოფილი და კომში გასაყიდად სოფლიდან ჩამოიტანა – ნეტა ვინმე მოვიდეს, რაიმე გამაყიდინა და ყველს ექვს ლარად თუ ვყიდი, ხუთადაც მივცემ”.
სხვაგვარად ფიქრობს, ბითუმად მოვაჭრე იური მურადინი. იგი
ამბობს, რომ
თუ ასე გაგრძელდა, პროდუქტზე ფასებს მოუმატებს: “გინდა გაყიდე, გინდა არა, დღეში ექვსი ლარი უნდა გადაიხადო, თან ამბობენ ტარიფები კიდევ უნდა გაიზარდოსო. რაღაცა ჩვენც ხომ უნდა დაგვრჩეს?!”.
იგივეს აცხადებენ ხორცეულის განყოფილებაშიც.
“კომფორტი არის, მაგრამ გადასახადია ძვირი. ძველ ბაზარში კილო ხორცზე 20 თეთრს გვახდევინებდნენ და მაგასაც მაშინ, როცა გავყიდდით. აქ არ აქვს მნიშვნელობა არაფერს, დღეში 10 ლარი უნდა გადაიხადო, - ამბობს ხორცის გამყიდველი დავით ჭანკვეტაძე და ამატებს, რომ ძველ ბაზართან შედარებით, მარკეტში კომფორტი, მაცივრები და სისუფთავეა, თუმცა თუ ფასები არ გაიზარდა, მით უფრო მყიდველის სიმცირის ფონზე, მალე ტარიფის გადახდაც კი შეუძლებელი გახდება.
დახლებთან მყიდველის ნაკლებობას ვერ
ამჩნევს სავაჭრო ცენტრ “ალფა მარკეტის” თანამშრომელი ნუგზარ მერაბიშვილი: “იგივე რაოდენობის ხალხი მოდის, როგორც ეს ძველ ბაზარში იყო. ხანდახან სოფლიდან ჩამოსულებს გასაყიდი პროდუქტი ისევ ზედა ბაზარში მიაქვთ, მაგრამ ყველა აქ მოგვყავს. მათ ისევ გარეთ ვაჭრობის მცდელობა აქვთ, ამიტომ ხშირად ჩემი ხელით ვაზიდინებ პროდუქტებს მარკეტში”.
მისი თქმით, ისევე როგორც მყიდველის რაოდენობა, ახალ მარკეტში ტარიფების ოდენობაც უცვლელია: “დადგენილი ტარიფები გადმოვიდა ძველი ბაზრიდან. თუმცა, იქ დახლის განსაზღვრულ საფასურთან ერთად, ჰქონდათ წვრილ-წვრილი გადასახადიც, აქ ასე არ იქნება, თითოეულ თეთრს გადაიხდიან სალარო აპარატის საშუალებით”.
მერაბიშვილის განმარტებით, მარკეტში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება დღეში ორი ლარია, ბითუმად მოვაჭრეებისთვის კი ექვსი: “ცოტა სხვაობა ხორცის განყოფილებაშია, 10 ლარია გადასახდელი, თუმცა, აქ შედის მაცივრების ღირებულება, ლაბორანტის მომსახურება და აწონვის ხარჯიც”.
ტარიფების ოდენობის შენარჩუნებაზე არ ეთანხმება “ალფა მარკეტის” თანამშრომელს წვრილმანზე მოვაჭრე ჰეღინე პეტროსიანი და ამბობს, რომ
ძველ ბაზარში ოთხჯერ მეტი ფართი ეკავა და ორჯერ ნაკლებ გადასახადს იხდიდა: “იქ შვიდ საათამდეც იყო ვაჭრობა, აქ ორი საათის შემდეგ აღარავინ შემოდის”.
სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის საწინააღმდეგოს აცხადებს უდის მკვიდრი მარინე მერაბიშვილიც. მისი თქმით, ზედა ბაზარში გლეხებს ხშირად ერთ ლარს ახდევინებდნენ, აქ კი ორი ლარია გადასახდელი. თუმცა, მისივე თქმით, აქ სისუფთავე და უკეთესი გარემოა: “იქ ხან გარეთ გამოგვყრიდნენ, ხან შიგნით შეგვყრიდნენ, არ იყო ადგილი. ახალ ბაზარში კი ფართი ყველასთვის საკმარისია”.
ოთხი ლარითაა გაზრდილი ტარიფი ბითუმად მოვაჭრეებისთვისაც.
“ძველ ბაზარში ორ ლარს ვიხდიდით, აქ ექვსი ლარია”, - აცხადებს მურადიანი.
დახლის ღირებულება გაზრდილია სვეტლანა ოსტროვსკაიასთვისაც: “აქამდე მეტრანახევარში ორ ლარს ვიხდიდით, ახლა მეტრში ვიხდით ორ ლარს. მყიდველი რომ იყოს, გადახდა არ გაგვიჭირდება, მაგრამ ახლა ძალიან ძნელია გადაიხადო ორი ლარი”.
სამჯერ მეტია ფართის ღირებულება “ალფა მარკეტში” განთავსებულ მაღაზიებში. სავაჭრო ცენტრში ერთი კვადრატული მეტრი თვეში 20-25 ლარად ქირავდება.
“სხვაობა სამჯერ მეტია და მყიდველის მესამედიც კი არ შემოდის. იქნებ ასორტიმენტი გავზარდოთ, მეტი ვიმუშაოთ, თორემ ფასები რომ გავზარდოთ, ახლაც არავინ ყიდულობს და მერე ვიღა იყიდის?!” - კითხულობს ძეხვეულის მაღაზიის მენეჯერი რამაზ ანანიაშვილი.
ისევე როგორც მყიდველის რაოდენობა, ნუგზარ მერაბიშვილს მაღაზიის ფასებიც ნორმალურად მიაჩნია: “ასე რომ არ იყოს, ფართის 90 პროცენტი უკვე გაქირავებული არ გვქნებოდა. ჯერ კიდევ მოდიან დამქირავებლები”.
ეკონომისტი გიორგი ბუცხრიკიძე მიიჩნევს, რომ
მათ
ვინც ეს ბაზარი გახსნეს, სერიოზული დაფიქრება მართებთ, წინაღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელს დაკარგავენ: “პირველ ეტაპზე უნდა დათმო, თუნდაც მოგების გარეშე და გადასახადებისაგან გაათავისუფლო გამყიდველები. ვგულისხმობ რამდენიმე თვეს, ანუ მანმადე, სანამ მოსახლეობა ბაზარს მიეჩვევა და გამყიდველს მყიდველი გაუჩნდება”.
მისი თქმით, ბევრი ახლადგახსნილი ბაზარი მყიდველებს გადასახადებისგან ათავისუფლებს: “მაგრამ, ახლა ალბათ ხარჯები ძალიან დიდი აქვთ, ან მეორე მომენტია, საგამოცდო ვადით დააწესეს ასეთი ტარიფები და დააკვირდებიან თუ რამდენად მისაღებია არსებული გადასახადი მოვაჭრეებისთვის. თუ ასე არაა, მყიდველების ნაკლებობის გათვალისწინებით, ნამდვილად დიდია ტარიფები”.
ბუცხრიკიძე ფიქრობს, რომ
სავაჭრო ცენტრს მყიდველი მოემატება: “ასე იყო შვიდი წლის წინ ბორჯომის ახლადგახნისნილ ბაზარშიც, მაგრამ ახლა იქ ვაჭრობისას ხალხის სიმრავლის გამო, რიგში მოგიწევთ დგომა”.
რაც
შეეხება მარკეტებში ხილ-ბოსტნეულის გაყიდვის აკრძალვას, მისი განცხადებით, ამის უფლება არავის აქვს: “რაც არ უნდა მოხდეს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე მოთხოვნილება როგორიც იყო, ისევ იგივე დარჩება. სტაბილური მომხმარებელი ბაზარში ყოველთვის მივა”.
ბუცხრიკიძის განცხადებით, მყიდველი ეყოლება ბაზარს თუნდაც იმტომ, რომ ახალციხე საკვანძო ქალაქია. აქ რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად თავს იყრიან თუნდაც თურქეთიდან და სომხეთიდან მომავალი მგზავრებიც.
რაც
შეეხება პროდუქტის გაძვირებას, მაღალი ტარიფებიდან გამომდინარე, ეკონომისტის განმარტებით, მოსალოდნელია, მაგრამ ეს იქნება ძალიან მცირე ხნით: “თუ გააძვირებ პროდუქციას, მაგრამ მოთხოვნა არ გექნება და მალფუჭებად პროდუქტს დროზე ვერ გაყიდი, იძულებული გახდები დაწიო ფასი. როდესაც მყიდველი ცოტაა და შემსყიდველუნარიანობა დაბალია, ფასები იკლებს. ფასი მაშინ იმატებს, როდესაც პროდუქცია ნაკლებია და მყიდველი ბევრი”.
ამჟამად ბაზარში ფასები შენარჩუნებულია. ჯერ-ჯერობით ნარჩუნდება განსაზღვრული ტარიფებიც. გაძვირდება თუ არა
პროდუქტი, ან რამდენად შეესაბამება სიმართლეს ბუცხრიკიძის ვარაუდი, მარკეტის მფლობელების ექსპერიმენტთან დაკავშირებით, მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ახლადგახსნილ სავაჭრო ცენტრს მყიდველები მოემატება.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი