თამუნა უჩიძე, ახალციხე
სამედიცინო პროფილის საწარმოების ოპტიმიზაცია; შვიდი დაწესებულება ერთ მისამართზე; შემცირებული, განაწყენებული და მიმდინარე პროცესებით კმაყოფილი მედპერსონალი; რა ხდება ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში;
პირველი ოქტომბრიდან ახალციხის რაიონული პილიკლინიკა, ახალციხის რაიონის ვალის საავადმყოფო, ახალციხის სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერი, ახალციხის რეგიონული ნარკოლოგიური ცენტრი, ახალციხის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური 03, ახალციხის კანისა და ვენსნეულებათა დისპანსერი და ქალთა კონსულტაცია ფუნქციონირებას ერთ მისამართზე - რუსთაველის #105 ა, ახალციხის რაიონული საავადმყოფოს შენობაში აგრძელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმდინარე წლის ექვსი სექტემბრის წერილის მიხედვით, აღნიშნულმა ორგანიზაციებმა მუშაობა ახალციხის რაიონული საავადმყოფოს სახელით უნდა გააგრძელონ. ამისათვის ექვსივე საწარმომ სამედიცინო საქმიანობის ნებართვები, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ახალციხის რაიონულ საავადმყოფოს უნდა გადასცეს. მასვე გადაეცემა, ექვსივე საწარმოს კაპიტალიდან ამოღებული მოძრავი ქონებაც.
“სს ახალციხის რაიონული საავადმყოფოს” ხელმძღვანელობამ უნდა უზრუნველყოს დანარჩენი ექვსი საწარმოს სამედიცინო პერსონალისათვის (ექიმები და ექთნები) შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს ინვესტორის მფლობელობაში გადაცემამდე, მაგრამ არა უადრეს პირველ ნოემბრამდე”, - ნათქვამია წერილში #06/19614, რომელსაც ხელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით გიორგაძე აწერს.
ახალციხის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის დათო მაისურაძის თქმით, ყველა ექიმსა და ექთანს, რომელმაც მუშაობის სურვილი გამოთქვა, კონტრაქტები გაუფორმდა და მუშაობენ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც დასაქმებულნი აქამდე იყვნენ: “მათთვის ადგილები სხვადასხვა განყოფილებებში მოიძებნა, ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება”.
მაისურაძის განმარტებით, შესაძლოა, ზოგიერთი სამსახური განყოფილებადაც ჩამოყალიბდეს: “თუ აქამდე იყო ახალციხის რეგიონული ნარკოლოგიური ცენტრი ახლა არის ახალციხის რაიონული საავადმყოფოს ნარკოლოგიური ცენტრი, ასევე ფუნქციონირებს, მაგალითად, ფსიქონევროლოგიური დისპანსერიც”.
რადგან სამედიცინო პროფილის საწარმოების ოპტიმიზაცია კონტრაქტის გაფორმებას მხოლოდ მედ-პერსონალისთვის ითვალისწინებდა, ექვსივე სამსახურში ტექნიკური პერსონალი ავტომატურად უმუშევარი დარჩა. თუმცა, ახალციხის რაიონულ საავადმყოფოსთან კონტრაქტის დადება ყველა ექიმმა და ექთანმაც არ ისურვა. მაგალითად, ქალთა კონსულტაციის 10 თანამშრომლიდან ახალციხის რაიონულ საავადმყოფოსთან კონტრაქტი მხოლოდ ერთმა მედდამ გააფორმა. ასევე, ერთი თანამშრომელი გადმოვიდა საავადმყოფოში ახალციხის რეგიონული ნარკოლოგიური ცენტრიდან.
“აქამდე ოთხი თანამშრომელი ვიყავით. ხელშეკრულება მხოლოდ მე გამიგრძელდა. გულსატკენია, რომ ხალხი უსამსახუროდ დარჩა, მაგრამ სერვისის თვალსაზრისით, ვფიქრობ, ასე უკეთესია”, - ამბობს ექიმი ნარკოლოგი თამაზ კაჭკაჭიშვილი.
მის
მოსაზრებას იზიარებს ახალციხის რაიონული საავადმყოფოს სამიანო გინეკოლოგიური განყოფილების გამგე მარინა ხაბაროვა: “ერთ ადგილზეა თავმოყრილი ყველაფერი, პაციენტს აღარ უწევს ერთი ორგანიზაციიდან მეორეში სიარული. ამასთანავე, მაგალითად ვალეში 5 წელია ჩვენი განყოფილება აღარ ფუნქციონირებდა. სამშობიაროდ მაინც ჩვენთან მოდიოდნენ, ასე რომ, ვფიქრობ, გაერთიანება უმჯობესია”.
როგორც ვალის საავადმყოფოს უკვე ყოფილი მედპერსონალი ამბობს, იქ ტარდებოდა როგორც გეგმიური, ასევე სასწარაფო-გადაუდებელი ოპერაციები, ფუნქციონირებდა პედიატრია, ენდოკრინოლოგი, უროლოგია, ლაბორატორიული კვლევები, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდნენ მოწვეული ექიმები. ახლა თითის გაჭრის, ან უბრალო მოტეხილობის შემთხვევაშიც კი ვალელებს საავადმყოფომდე მისასვლელად 12 კილომეტრის გავლა მოუხდებათ. რაც შეეხება კადრებს, მათი თქმით, იქ 40-მდე
თანამშრომლი იყო, ახალციხის საავადმყოფოში კი სამი მედდა და სამი ექიმი გადმოვიდა.
“არცერთი ექიმი უმუშევარი არ დარჩენილა, მედდების ნაწილმა საცხოვრებელი ადგილის გამო შეიკავა თავი. იქ დატვირთვა გვქონდა, მაგრამ ნაკლებად, აქ თვეში 5 ოპერაცია გავაკეთე უკვე”, - ამბობს ვალიდან ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში გადმოსული ქირურგი ვახტანგ ზაქროშვილი, და ამატებს, რომ თუ რაიმე მოხდა, სასწრაფო სამედიცინო სამსახური მუშაობს, ამდენად ვალიდან ახალციხემდე მანძილი, პრობლემას არავისთვის შექმნის.
ახალციხის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში, ოპტიმიზაციის პროცესთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. პირად საუბრებში კი მედდები უკმაყოფილებას სანიტრების გამო გამოთქვამენ: “ოთხი სანიტარი გვემსახურებოდა, ახლა არცერთი აღარ გვყავს, მათი საქმის შეთავსებაც ჩვენ გვიხდება, რომელი ერთი მოვასწროთ?!”
მაისურაძის განმარტებით, გარდა სანიტრებისა და ადმინისტრაციცული პერსონალისა სასწრაფოში თანამშრომლების რაოდენობა არ შემცირებულა. მათ ასევე შეუნარჩუნდათ იგივე სარგო რაც აქამდე ჰქონდათ. მისივე თქმით, ახალციხის სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერიდან საავადმყოფოში სამი მედდა და ორი
ექიმი გადმოვიდა: “გამიჭირდება გითხრათ საავადმყოფოს შემოერთებული მედდებისა და ექიმების ზუსტი რაოდენობა, ეს პროცესი ჯერ ისევ გრძელდება და მონაცემები ყოველ ერთ საათში შეიძლება შეიცვალოს”.
საავადმყოფოში სამუშაოდ გადასული მედპერსონალის არა, მაგრამ სამსახურის გარეშე დარჩენილი თანამშრომლების რაოდენობა ზუსტად იცის ახალციხის რაიონული პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილემ და ენდოკრინოლოგმა ლილი კაკოშვილმა: “22 თანამშრომელი წავიდა, მათ შორის ოთხი ექიმი და რიგში ვდგავარ მეც. იკითხეთ საავადმყოფოდან შეამცირეს ვინმე?! ესაა ოპტიმიზაცია?! გასაგებია, რომ ამ პროცესს შემცირებები მოჰყვება, მაგრამ მხოლოდ პოლიკლინიკის ხარჯზე?!”
კაკოშვილის თქმით, პოლიკლინიკა მომგებიანი დაწესებულება იყო. სახელმწიფო პროგრამებთან ერთად აქ შიდა სტანდარტებიც მუშაობდა, ამდენად დაწესებულებას საკუთარი შემოსავალიც ჰქონდა. იგი ინახავდა თავის თავს და მინიმალური ხელფასით მაინც უზურუნველყოფდა თანამშრომლებს, ასევე მოგებას აძლევდა სახელმწიფოსაც: “სახელმწიფო პოლიტიკა, მხოლოდ ახალციხის სინამდვილეში არ ხორციელდება. სადაზღვეო კომპანიები თითქმის ყველა რაიონში შევიდა, არ ვიცი ვინ აკავებს ინვესტორს აქ, რომ ამ დრომდე არ შემოვიდა?! ამან შეუწყო ხელი პოლიკლინიკის დაშლას”.
მისი თქმით, მას
შემდეგ რაც
პოლიკლინიკა საავადმყოფოს შენობაში გადმოვიდა, ნევროპათოლოგს, რენდგენოლოგს და ლაბორატორიას პაციენტები აღარ ჰყავს: “მიუხედავად იმისა რომ ჩემი პროგრამა ჩვეულებრივ გაგრძელდა, ერთი თვის განმავლობაში ერთი პირველადი პაციენტი არ მიმიღია. მხოლოდ ძველი პაციენტები თუ მომაკითხავენ. აქ აღარავინ მოდის. ამბულატორიული სამსახური დეგრადირებულია”.
კაკოშვილი აცხადებს, რომ
ახალციხის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი ორგანიზაციას ერთპიროვნულად მართავს: “არავინ ჩათვალა კომპეტენტურად, რომ მასთან დამჯდარიყო და ესაუბრა, სანიტრებისა და ექთნების დონეზე წყვეტს საკითხებს. ვერც დილის კონფერენციებზე ბედავს ვინმე ხმის ამოღებას, პოლიკლინიკის თანამშრომლები დისკრედიტირებულები არიან”.
ახალციხის რაიონული საავამდყოფოს დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, რუსუდან მამიკაშვილი ამბობს, რომ ექიმებისა და ექთნებისგან, დილის კონფერენციებზე, აქამდე ოპტიმიზაციის თანმდევ პროცესებთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია მართლაც არავის გამოუხატავს, თუმცა, არავინ არაფრით იზღუდება: “თუ რაიმე საკითხი იქვე ვერ გადაწყდება, შესაძლოა მასზე შემდგომშიც ვიმუშაოთ”.
კაკოშვილი საავადმყოფოში გადმოსვლის შემდეგ, მედ პერსონალის რთულ სამუშაო პირობებზეც საუბრობს: “ექვსი პედიატრი ზის ერთ ოთახში. გარდა ამისა ხელშეკრულება ყველას ერთი თვით გაუფორმდა და ვის რა ბედი ეწევა ამის შემდეგ, არავინ იცის”.
საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, პედიატრებისთვის კაბინეტები რემონტდება და მალე მათ
იმაზე უკეთეს პირობებსა და გარემოში მოუწევთ მუშაობის გაგრძელება, ვიდრე ეს საავადმყოფოს ზოგიერთ თანამშრომლს აქვს.
“პაციენტი თავად ირჩევს, რომელ ექიმთან მივიდეს. რაც შეეხება თანამშრომლების შემცირებას, ჩემთვის არავის დაუვალებია, რომ საავადმყოფოში კადრები შემემცირებინა, დამევალა კონტრაქტები ექიმებთან და ექთნებთან გამეფორმებინა არაუადრეს პირველი ნოემრისა – ამბობს მაისურაძე და ამატებს, რომ კონტრაქტის გაფორმება, ერთი თვის ვადის ამოწურვის შემდეგ მის ავტომატურად გაგრძელებას არ ნიშნავს – ეს დამოკიდებულია მედპერსონალის სურვილსა და, რა თქმა უნდა, იმაზე, თუ რას გადაწყვეტს ადმინისტრაცია”.
რაც
შეეხება ანაზღაურებას, მაისურაძის განამრტებით, უბნის ექიმებს და მედდებს ფიქსირებული ხელფასი აქვთ, ასევე არიან გამომუშავებაზე, დანარჩენი მედპერსონალი კი სარგოს გამომუშავების მიხედვით მიიღებს: “ყველა შემოერთებული დაწესებულების თანამშრომელს ხელფასი პლასტიკური ბარათების საშუალებით აუნაზღაურდება, ბარათები მზადდება პოლიკლინიკის თანამშრომლებისთვისაც”.
ნინო ჩოგოლაძე პოლიკლინიკის შესახვევი მედდიდან საავადმყოფოში მედდად ქირურგიულ განყოფილებაში გადავიდა: “ეს ექთნის ბოლო საფეხურია, გამეზარდა ანაზღაურებაც. პოლიკლინიკაში მედდებს დაბალი ხელფასი გვქონდა, 50 ლარს ვღებულობდი და მაგალითად მასაჟისტის მედდას თვეში 23 ლარი ჰქონდა. აქ 120 ლარი დამენიშნა, ამას გამომუშავებით მიღებული ანაზღაურებაც დაემატება”.
ლარისა ოქრომელიძე პოლიკლინიკაში მედრეგისტრატორი იყო, საავადმყოფოში პირველი ნოემბრიდან თერაპიული განყოფილების მედდად ინიშნება: “ანაზღაურება რამდენი მექნება არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაზე მეტს შეადგენს ჩემი ხელფასის რაოდენობა, ვიდრე აქამდე მქონდა. პოლიკილინაში ხელფასს უწყისით ვღებულობდით, აქ პლასტიკური ბარათები დაგვიმზადდება”.
კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს ოპტიმიზაციით უკმაყოფილო მედ პერსონალი. პოლიკლინიკის პედიატრიულ განყოფილებაში, სადაც დღის განმავლობაში მინიმუმ ოთხი მედდა ზის და ბავშვებით გამოწვეული ხამური, ფაქტობრივად მუშაობის საშუალებას არ იძლევა, დუმილს ამჯობინებენ. არაფერს საუბრობენ საკონტრაქტო პირობებსა და სამუშაო გარემოზე სხვა შემოერთებული დაწესებულებების ექიმებიც. პრესასთან ინკოგნიტოდ რჩებიან შემცირებული ტექნიკული პერსონალის წარმოამდგენლებიც. კომენტარების ჩაწერიდან სტატიის გამოქვეყნებამდე კი “სამხრეთის კარიბჭის” რედაქციაში იმის თხოვნით, რომ
მათ
შესახებ არ დაგვეწერა, ან თუ დავწერდით მათი ვანაობა არ გაგვემხილა, არაერთი ზარი შემოვიდა.
ვის
აღარ გაუგრძელდება კონტრაქტი პირველი ნომებრიდან, უახლოეს ერთ კვირაში გაირკვევა, მაგრამ რა ბედი ეწევა უსამსახუროდ დარჩენილ ათობით ტექნიკურ პერსონალს ეს კითხვა ღიად რჩება.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი