რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შევიდა. რა მიიღო საქართველომ ამ მოლაპარაკებების შემდეგ, ვინ რა მოიგო და ექნება თუ არა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური უპირატესობები.
ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) შესვლის შესახებ ხელმოწერილია. დოკუმენტს 15-17 დეკემბერს მსო-ს წევრი 153 ქვეყნის მინისტრთა კონფერენცია განიხილავს. მინისტრთა თანხმობის შემთხვევაში, რუსეთმა დოკუმენტების რატიფიცირება უნდა მოახდინოს. რატიფიცირებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, რუსეთი მსო-ს სრულუფლებიანი წევრი გახდება.
რუსეთმა საქართველოს მიერ წაყენებული პირობები ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მაინც მიიღო. საქართველოსთვის ეს პირობები ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ პოზიციებს პრინციპულად იცავდა.
დოკუმენტები ითვალისწინებს სეპარატისტული ტერიტორიების საზღვრების მონაკვეთებზე საერთაშორისო დამკვირვებლების განლაგებას, რომლებიც ტვირთების მოძრაობას გააკონტროლებენ. ტვირთების მონიტორინგი განხორციელდება საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე - ფსოუ (აფხაზეთი), როკის გვირაბთან (სამხრეთ ოსეთი) და ყაზბეგი-ზემო ლარსის მონაკვეთზე. მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, სავაჭრო ტვირთების მონიტორინგს დამოუკიდებელი კომპანია განახორციელებს. ამ ინფორმაციას რუსეთი და საქართველო მსო-ს მონაცემთა ინტეგრირებულ ბაზას გადასცემენ. საზღვრის გამშვებ პუნქტებზე დამკვირვებლები რუსული მხრიდან განლაგდებიან.
საქართველოში მიღწევას წარმატებულად მიიჩნევენ, რადგან ეს, საქართველოს საბაჟო საზღვრებს აფიქსირებს და საქართველოს საქართველო-რუსეთის საზღვარზე მიმდინარე ტვირთბრუნვის შესახებ სრული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მიეცემა. ინფორმაცია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, მათ 10 სხვადასხვა წინადადება მიიღეს, რომლებიც საქართველოს მხარემ უარყო. “ეს ჩვენი დიპლომატიური გამარჯვებაა. ბუნებრივია, საბოლოო დიპლომატიური და ყველანაირი გამარჯვება იქნება, თუ იქ არამხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლები, არამედ საზღვრის ამ მხარეს საქართველოს საბაჟო და სასაზღვრო სამსახური იდგება და ამას ჩვენ ყველანი ერთად მივაღწევთ”. (Civil.Georgia)
ბევრი მიიჩნევს, რომ
რუსეთის მსო-ში შესვლით ქართული ეკონომიკა მოიგებს, რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის კვლავ გაიხსნება და ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდება. თუმცა რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშენკო კატეგორიულად აცხადებს, რომ რუსეთის მსო-ში შესვლა ქართული ღვინოებისა და ბორჯომისთვის რუსეთის ბაზრის ავტომატურად გახსნას არ ნიშნავს.
ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ
რუსეთს უნდა თუ არა, მსო-ში შესვლით საქართველოს მასზე ზეწოლის მოხდენის ლეგალური ინსტრუმენტი ჩაუვარდა ხელთ: “რუსეთის მსო-ში შესვლა ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის ავტომატურ გახსნას არ ნიშნავს. მაგრამ, რუსეთის მსო-ში შესვლის შემდეგ, თუ ევროპული ან ამერიკული სერტიფიკატების მქონე ქართული კომპანიები, რუსულ ბაზარზე მაინც არ დაიშვებიან, ქართულ მხარეს ამის მსო-ს მეშვეობით მიღწევისთვის ლეგალური ინსტრუმენტი ექნება ხელთ”.
რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობას 1993 წლიდან ცდილობს. 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მხრიდან სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცალმხრივი აღიარების შემდეგ, საქართველომ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა. თუმცა დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდეც, იმავე წლის აპრილში, საქართველოს, რუსეთის მხრიდან სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, რუსეთის მსო-ში შესვლის შესახებ მოლაპარაკებების პროცესი უკვე შეწყვეტილი ჰქონდა.
რუსეთის ფედერაციის მსო-ში შესვლის ხელშეკრულების ხელმოწერას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. მათი აზრით, ეს ხელშეკრულება მათ სუვერენიტეტს აზარალებს.
აფხაზი ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ რუსეთის მსო-ში შესვლის პირობებმა შეიძლება აფხაზეთის სახელმწიფოებრივ ინტერესს ზიანი მიაყენოს.
აფხაზეთის 1992-1993 წლების სამამულო ომის ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია “არუაა” და პარტია “აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმიც” შეშფოთებული არიან არაღიარებული აფხაზეთის სახელმწიფო საზღვართან, რუსეთის ფედერაციის მსო-ში შესვლის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციით. ამ ორგანიზაციების აზრით, საქართველო საერთაშორისო მონიტორინგის საბაბით სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარებულ სახელმწიფო საზღვრებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს. ბ
რუსეთის მსო-ში შესვლის პირობებით ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ. კოკოითის გარემოცვაში მიიჩნევენ, რომ ხელშეკრულება არაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტს სერიოზულად ლახავს. ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსი ხელშეკრულებების ხელმოწერა მათი მოსაზრების გათვალისწინების გარეშე არ შეიძლება, რადგან ეს მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებას ეჭვქვეშ აყენებს.
ხელშეკრულების ხელმოწერამდე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარებულ რესპუბლიკებში ამბობდნენ, რომ თავიანთ ტერიტორიაზე არანაირ საერთაშორისო მონიტორინგის ორგანიზაციებს არ დაუშვებდნენ და ამ პოზიციას არ შეიცვლიდნენ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულების თანახმად, შვეიცარული მხარის დაქირავებული კერძო კომპანიის დამკვირვებლები საზღვრის რუსეთის მხარეს განლაგდებიან. დამკვირვებელთა კიდევ ერთი ჯგუფი სეპარატისტული რეგიონების საზღვრებს გარეთ, საზღვრის საქართველოს მიერ კონტროლირებად ნაწილზე განლაგდება.
ეს საკითხი არა მხოლოდ აფხაზეთის არაღიარებული მთავრობის, არამედ მთელი აფხაზი საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. სოციალურ ქსელ Fაცებოოკ-ში ამ თემაზე ცხარე კამათი მიმდინარეობს. აფხაზი სერგეი ტუჟბა მიიჩნევს, რომ “ეს მოსალოდნელი იყო. რუსული დიპლომატიის უბრალო სქემა – სამსახური-სამსახურის სანაცვლოდ. როცა რაიმეს ვზეიმობთ, უნდა გვესმოდეს, რომ საზეიმო დიდი არაფერი გვაქვს. ახლა კი ბრიყვული, ყალბი ღიმილით ვიღებთ ამ ყველაფერს, რადგან დიდი ხნის წინ თავადაც მოვაწერეთ ხელი. ჩვენი სახელმწიფო უკვე მეწველ ძროხას მაგონებს და რუსი გლეხი, რადაც უნდა დაუჯდეს, მთელ რძეს გამოწველის”.
მარინა ბარტსიტსის აზრით, ეს საქართველოს პოლიტიკური გამარჯვებაა: “ჩვენ რაც უნდა ვთქვათ. რუსეთი კი საკუთარი თავის ერთგულია – მოკავშირეებისადმი ღალატში! ეს აფხაზეთის ბლოკადის მორიგი გაძლიერებაა”.
რუსეთის ფედერაციაში კი მიიჩნევენ, რომ
შეთანხმებული პროექტი “რუსეთის პრინციპული პოზიციის ჩარჩოებს არ ცდება” და მათ მოლაპარაკების ყველა ამოცანა, რომლებსაც რუსეთი მსო-ში შესვლის მოლაპარაკების დაწყებიდანვე აყენებდა, სრულყოფილად განახორციელეს.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ არკადი დვორკოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის მსო-ს ხელშეკრულება რუსეთის მიერ სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხებს საერთოდ არ ეხება. თუმცა არაღიარებული რეგიონების ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე მიაქციეს ყურადღება, რომ ხელშეკრულებაში სეპარატისტული რეგიონები ნახსენები არ არის.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი