მაღალი მოსავალი, დაბალი სარეალიზაციო ფასი


  შუშან შირინიანიახალქალაქი
გასულ წელთან შედარებით, წელს კარტოფილის უკეთესი მოსავალია. ახლა გლეხებისთვის მთავარი პრობლემა მისი რეალიზაციაა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის აღება დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში უხვი მოსავალი არ მიუღიათ, სპეციალისტთა თქმით, ზოგადი მაჩვენებლით, წლევანდელი შემოდგომა შარშანდელთან შედარებით მაინც უხვმოსავლიანია.
 კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა წელს ერთ ჰექტარ მიწაზე 250 ცენტნერია; ზოგან ეს მაჩვენებელი - 300-400 ცენტნერამდეც ადის, თუმცა არის სოფლები, სადაც მოსავლიანობამ ერთ ჰექტარზე 150-200 ცენტნერი შეადგინა.

ახალქალაქის სოფლის მეურნეობის სერვის-ცენტრის მენეჯერის სერგეი შახბექიანის თქმით, წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილი დაახლოებით ათი ათას ჰექტარზე იყო დათესილი.

მოსავლის დაბინავების შემდეგ, გლეხებმა და ფერმერებმა მის რეალიზაციაზე დაიწყეს ფიქრი. ამჟამად ეს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების მთავარი პრობლემაა

წელს 80 არი კარტოფილი დავთესე და კარგი მოსავალი მივიღე, 20 ტონა. სათესლე მასალა, კილოგრამი 2.70 ლარად, კრედიტით ვიყიდე. ახლა მყიდველები ერთ კილოგრამში 0,65 ლარს მთავაზობენ, ეს ფასი კი მიუღებელია. დიზელის საწვავი, სასუქი, მომსახურება, მუშა ხელიყველაფერი გაძვირდა. თუ კარგ ფასს არ გადამიხდიან, არ გავყიდი”, - ამბობს სოფელ კოთელიაში მცხოვრები ოთარ ყავრელიშვილი.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე კარტოფილი ბაზარში 1-დან 1.5 ლარამდე ღირდა და ბევრს ამ ფასის იმედი ჰქონდა. თუმცა ახლა კარტოფილი 65-70 თეთრამდეა გაიაფებული, მიწათმოქმედებს კი, ადრინდელი გათვლების მიხედვით, ეს ფასი არ აწყობთ.

სოფელ კუმურდოს მცხოვრებმა არსენ გრიგორიანმა 15 ტონა კარტოფილი აიღო. მისი თქმით, მყიდველები ბევრნი არ არიან. იგი იმედოვნებს, რომ მიღებულ მოსავალს მისაღებ ფასში გაჰყიდის.

მყიდველები ერთ კილოგრამში 50 თეთრს იხდიან. და ისინიც ცოტა არიან. ამბობენ, რომ თურქეთიდან ბევრი კარტოფილია ჩამოტანილი. კილოგრამში 1 ლარს მაინც იძლეოდნენ. თუ კარგ ფასს არ გადამიხდიან, არ გავყიდი და გაზაფხულისთვის შევინახავ. იმ დროს კარტოფილი მაინც გაძვირდება”, - ამბობს იგი.

ბოლო წლების პრაქტიკა ადასტურებს, რომ ზამთრის თვეებში კარტოფილის ფასი მაღლა იწევს, ამიტომაც მიწათმოქმედები მოსავლის გაყიდვას მაინცდამაინც არ ჩქარობენ. თუმცა ზოგიერთისთვის დროულად გაყიდვა, ფასის მიუხედავად, მაინც აუცილებელი პირობაა.

სოფელ ალასტანელმა ლაურა მელიქიანმა 35 ტონა კარტოფილი აიღო, აქედან 10 უკვე გაყიდა, დარჩენილ 25 ტონას კი გაზაფხულამდე შეინახავს.

ოჯახური ხარჯების დასაფარად იძულებული გავხდი 10 ტონა გამეყიდა. ყველაფერი გაძვირდა, მხოლოდ კარტოფილის ფასი არ იცვლება. ზამთრისთვის საჭირო შეშა რომ მოიმარაგო, 2 ტონა კარტოფილი უნდა გაყიდო. უნდათ 65 თეთრად ნარჩევი, დიდი, ლამაზი, დაუზიანებელი კარტოფილი იყიდონ. ჩვენს სოფელში არავინ ყიდის, ყველა ინახავს, რომ გაზაფხულზე უკეთეს ფასად გაყიდოს”, - ამბობს ლაურა მელიქიანი.

სოფელ მაჯადიას მცხოვრები სოს შირინიანი არ არის დარწმუნებული, რომ ფასები მოიმატებს.

ჩემი მოსავალი 4 ტონა კარტოფილია, მინდოდა 70 თეთრად გამეყიდა, მაგრამ კილოგრამში 65 თეთრზე მეტს არ მაძლევდნენ. თუ ახლა მოვლენ, 65 თეთრადაც გავყიდი, რა ვქნა, ხარჯებს მაინც დავფარავ. ფასი შეიძლება გაიზარდოს ან პირიქით, შემცირდეს. ზუსტად ვერავინ იტყვის, რომ კარტოფილი გაძვირდება. საერთოდ პრობლემა ბაზარშია, ჩვენ შენახვის პრობლემა არ გვაქვს”, - ამბობს იგი.

სერგეი შახბექიანიც არ არის დარწმუნებული, რომ გაზაფხულისთვის კარტოფილი გაძვირდება, მისი თქმით, ჩვენთან რეალიზაციის პრობლემა არის, მაგრამ ისეთი მძიმე არა, როგორც ხალხს წარმოუდგენია. ბაზარიც არასტაბილურია, გარანტიას ვერავინ მოგცემს, რომ ფასი ან გაიზრდება ან შემცირდება.

ჩვენთან არა იმდენად რეალიზაციის, არამედ მიწათმოქმედთათვის მისაღებ ფასად რეალიზების პრობლემაა. თუ ხალხი კარტოფილს ზამთრისთვის შესანახად მოამზადებს, ისინი გაზაფხულამდეც დაიცდიან. შენახვის ხარჯი მათ არ აქვთ. თუმცა ზოგჯერ მოგებაში რჩებიან, ზოგჯერ კი წაგებაში. ამის პროგნოზირება რთულია. აღნიშნული საკითხის რეგულირება, გარკვეულწილად, სახელმწიფოს შეუძლია. მათ შეუძლიათ იმპორტირებული კარტოფილის ოდენობა შეზღუდონამით ადგილობრივი კარტოფილი გაძვირდება და პირიქით”, - ამბობს ახალქალაქის სერვის ცენტრის მენეჯერი სერგეი შახბექიანი.

სპეციალისტთა თქმით, წელს კარტოფილის ფასების მომატებას ხელი სათესი მინდვრების ფართობის ზრდამაც შეუწყო. კარტოფილის მაღალმა საგაზაფხულო ფასმა ხალხს მეტის დათესვის სტიმული მისცა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი