თამუნა უჩიძე, ახალცხიე
2003 წლის ნოემბერში საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა მშვიდობიანი, მაგრამ არაკონსტიტუციური გზით. მოქალაქეთა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაახლოებით სამ კვირას გაგრძელდა და 23 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომით დასრულდა.
სამცხე- ჯავახეთის “ბილაინის” განყოფილების უფროსის შალვა დალალიშვილის თქმით, ცხოვრება რევოლუციის შემდეგ გაცილებით იოლი გახდა: “ძირეული ცვლილებები გატარდა პოლიციაში და მინუს უსასრულობიდან პლიუს უსასრულობაში გადმოვიდა. იმდენად კარგი აღმოჩნდა ეს რეფორმა, რომ განვითარებული ქვეყნებიც კი გვბაძავენ. ადამიანი რომ უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს თავს, ვფქრობ, ეს რევოლუციის ყველაზე დიდი გამარჯვებაა”.
დალალიშვილი ფიქრობს, რომ წარმატებულ რეფორმებთან ერთად, ქვეყანაში რიგი რეფორმების გატარებამ დაიგვიანა: “საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. ახლა აქტიურად მუშაობს მთავრობა ამ მიმართულებით, შემოდის ტექნიკაც, მაგრამ ეს ყველაფერი ხუთი-ექვსი წლის წინ რომ დაწყებულიყო, ახლა ქვეყანა ბევრად უფრო წინ იქნებოდა”.
სოფლის მეურნეობაში გატარებული რეფორმის შესახებ დალალიშვილს ნაწილობრივ ეთანხმებიან “ახალციხის სასოფლო საკონსულტაციო ცენტრში”.
“ახლა ტექნიკის პრობლემა სოფლებში ასე თუ ისე გადაჭრილია, გაიზარდა წარმოებული კულტურების ასორტიმენტი, შედარებით მეტი პროდუქცია საღდება, მეტ-ნაკლებად დაცულია ბაზარიც, მაგრამ სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიოდ გამოხატული მიზანი, თუ რის გაკეთებას გეგმავს ამ მიმართულებით”, - ამბობს “სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის” აგროკონსულტანტი ზურა სადათიერაშვილი და ამატებს, რომ დღემდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს განვითარების გეგმა გაცხადებული არ აქვს.
სოფლის-მეურნეობაში გატარებული რეფორმით უკმაყოფილოა ამავე სამსახურის კონსულტანტი ნუგზარ კაველიძეც: “ბევრი რამის უკეთ გაკეთება შეიძლებოდა. დღეს ვისაც ფული აქვს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს რა არის სოფლის მეურნეობა, ის ფერმერობს. ასე იმიტომ ხდება, რომ ფერმერს რაღაცის საწარმოებლად სახსრები არ აქვს”.
ადვოკატი ეკა
აბაშიძე რევოლუციური მთავრობის წარმატებების შესახებ საუბრისას აქცენტს სხვადასხვა სამსახურებში მოწესრიგებულ დოკუმენტაციაზე აკეთებს: “საზოგადოებისთვის მეტი კომფორტი შეიქმნა, უწყვეტად გვაქვს შუქი და მეტი საშუალებაა გადაადგილებისთვის. ხელისუფლების შეცდომა ისაა, რომ ასაკიანი, მაგრამ კვალიფიციური კადრები სამუშაო ადგილებს კარგავენ. რაც შეეხება სოციალურ ფონს, ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ რაიმე შეიცვლა, დასაქმების თვალსაზრისით პერსპექტივა ჯერ კიდევ არ ჩანს”.
დალალიშვილის განცხადებით, კი თუ დასაქმებული ცოტაა, იმას ვისაც სამსახური აქვს, ნამუშევარი კარგად უნაზღაურდება: “ხელფასების მოცულობა უფრო შემსყიდველუნარიანია ახლა, ვიდრე ეს მაშინ იყო”.
არ ეთანხმება დალალიშვილს ტაქსის მძღოლი გურამ ლომიძე: “დაუსაქმებელთა რიცხვი არ მცირდება, ის კი, ვინც დასაქმებულია, იმდენად მცირე ხელფასი აქვს, თვიდან თვემდე თავის გატანა უჭირს”.
ხელფასი არ აქვს, პენსიას კი ვერაფერს აწვდენს ციური კაპანაძე: “ქალაქში ბევრი რამე იცვლება და შენდება, მაგრამ ჩვენთვის არფერი. თუ პენსიის რაოდენობა გაზარდეს, იმდენად გააძვირეს ყელაფერი, რომ ვერაფერს შეწვდები. პური თუ იყიდე, შეშის და წამლის გარეშე დარჩები”.
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ცირა მესხიშვილი რევოლუციური მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებს შორის ადამიანის დაღვეულ უფლებებს გამოყოფს და ამბობს, რომ
გადასახედია საკადრო პოლიტიკაც: “ყველა სფეროში პროფესიონალი კადრები უნდა გვყავდეს ჩართული”.
რაც
შეეხება წარმატებულ რეფორმებს, მესხიშვილი განათლების სისტემაში გატარებულ ცვლილებებზე საუბრობს: “დღეს ყველა გზა ხსნილია იმისთვის, რომ ახალგაზრდა უმაღლეს სასწავლებელში მოეწყოს და დასაქმდეს კიდეც. უფრო განათლებული, მომზადებული და მოტივირებული აუდიტორია მხვდება, უცოდინარი გამოცდაზე ვერ გავა”.
რევოლუციური მთავრობის ხარვეზებს ვერ ხედავს ახალციხელი ვლადიმერ მელიქიძე: “კეთილმოწყობილია ქუჩები, ეზოები. სანამ ცოცხალი ვარ, ამ ხელისუფლების იმედი მექნება”.
ის მოქალაქეები კი, რომლებსაც კრიტიკული მოსაზრება აქვთ, პრესასთან ინკოგნიტოდ რჩებიან.
“ოჯახიდან სამი წევრი საზღვარგარეთაა წასული, ერთი მოხუცს უვლის, იქ იმისთვის მონობენ, რომ აქ თავი ვირჩინოთ. ამ ქვეყანაში თუ არავინ “გკრიშავს”, ვერაფერს გააკეთებ, თუ არადა ისე, წილი უნდა მისცე ვიღაც-ვიღაცეებს”, - გვითხრა შუახნის ლევანმა.
მისი მეზობელი კი ვარდების რევოლუციის შემდეგ “ქვეყანაში გამეფებულ დიქტატურაზე” საუბრობს: “ბევრი რამ შენდება, მაგრამ ამ აშენებულ ქვეყანაში სამართალი არაა და შიშით გადაბრუნებულსაც ვერაფერს იტყვი”.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი