სამცხე-ჯავახეთში ზამთრისთვის ემზადებიან. ტყიდან შეშის გამოტანის გართულებულ პროცესებს, ტყე-კაფებში მისასვლელ ავარიულ გზებსა და საწვავის გაძვირებას, წელს ახალი პრობლემაც დაემატა, ერთი კუბური მეტრი შეშა გასულ წელთან შედარებით 20-30 ლარით გაძვირდა.
წელიწადის ყველაზე ცივი სეზონისთვის მზადებას გიქოშვილების ხუთსულიანი ოჯახი ახლა იწყებს. დიასახლისის თქმით, წელს გაცილებით მეტი შეშის შეძენა მოუწევთ, ვიდრე გასულ წელს. მეტი რაოდენობის საწვავი კი იმიტომ სჭირდებათ, რომ
წინასწარი პროგნოზით წელს ცივი ზამთარი იქნება.
“შარშან შვიდი კუბამეტრი შეშა 300 ლარში ვიყიდე, წელს კი 500 ლარზე მეტის გადახდა მომიწევს. როგორც ვიცი, ერთი კუბამეტრი საწვავი შეშა 80 ლარი გახდა, გასულ წელს 50 იყო”, - ამბობს მახო გიქოშვილი.
მოსახლეობის თქმით, გასული წლის მსგავსად, ტყიდან საშეშე მერქნის გამოტანაზე პრობლემები წელსაცაა. ტყე-კაფებში მისასვლელი გზების მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ იქამდე მისვლა ეგრეთ წოდებულ ორხიდიან სატვირთო მანქანებსაც უჭირთ.
“შარშან ამდროს შეშა დამზადებული და მოტანილი მქონდა. ახლა უამინდობის გამო ვეღარ მოგვაქვს, გზები ისედაც დანგრეულია და წვიმებმა უარესად გააფუჭა”, - ამბობს იგი.
ძნელადმისადგომი ადგილების გამო დამზადებული მერქნის გამოტანას ვერ ახერხებს სხვილისში მცხოვრები ბაგრატ საპონჯიანიც: “შეშა მოვჭერი და გავამზადე, მაგრამ ვერ გამომაქვს, ცუდი გზებია და ჩემი მანქანა იქამდე ვერ მიდის. ისეთი მანქანის დაქირავება მომიწევს, რომელიც იმ ადგილამდე მისვლას შეძლებს. მაგრამ, თუ მანამდე ამინდები უფრო აირია, ტყე-კაფამდე მისვლა ყველა მანქანას გაუჭირდება”.
მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 80 ათასი კუბური მეტრი საშეშე მერქანია გამოყოფილი. დაახლოებით ამ რაოდენობის შეშა გამოიყო გასულ წელსაც.
“ყოველწლიურად, საშუალოდ, 90 ათას კუბურ მეტრს ვყიდით. ამის გარდა, გვაქვს ძირნაყარი ხე-ტყე. მოსახლეობას გამოყოფილი ტყე-კაფები ჰყოფნის, თუ ის თავის დროზე მოვა და წაიღებს”, - ამბობს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის ტყის მართვის სატყეო განყოფილების მთავარი სპეცილაისტი თენგიზ ჩოჩია.
კუთვნილი საშეშე მერქნის მისაღებად რამდენიმე ეტაპია გასავლელი. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ, მოქალაქემ “ლიბერთი ბანკში” ქვითარი უნდა აიღოს. წიწვოვანი ჯიშის მსურველებს ერთ კუბურ მეტრზე 5 ლარის გადახდა უწევთ, ხოლო ფოთლოვანი ჯიშის მსურველებს - 6 ლარის.
“ბანკის ქვითარი, ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან და პირადობის მოწმობა მოქალაქემ რეინჯერს უნდა წარუდგინოს. განცხადების დაწერის შემდეგ, რეინჯერი შესაბამის ტყეკაფს გამოყოფს, რის შემდეგადაც შეძლებს კუთვნილი შეშის გამოტანას”,- ამბობს თენგიზ ჩოჩია და აქვე ამატებს, რომ ამ ეტაპზე ავარიული გზების შეკეთება მიმდინარეობს.
იგი
მოსახლეობას ურჩევს, საშეშე მერქნის დამზადებაზე ზრუნვა ადრე პერიოდში დაიწყონ: “სანამ თივას არ მოიტანენ, კარტოფილს არ დააბინავებენ და ვაშლს არ დაკრეფენ, მანამდე შეშის მოტანაზე არ ზრუნავენ. ამ ყველაფერს რომ ამთავრებენ, მერე მიდიან ტყეში და ცხადია, უამინდობის გამო უჭირთ მუშაობა”.
გასულ წელს, დაბლა ზონაში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ერთ კომლზე 7 კუბური მეტრი საშეშე მერქანი იყო გამოყოფილი, მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისთვის კი 12 კუბური მეტრი. მიმდინარე წელს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, შეშის მოჭრის წესები გამარტივდა. პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა ახალი წესები, რომლითაც მოსახლეობა შეშის მოპოვებისას ზოგიერთი შეზღუდვისგან განთავისუფლდა.
“თუ ადრე მხოლოდ გარკვეული რაოდენობის შეშის მოჭრა იყო დაშვებული, ახლა ეს შეზღუდვა აღარ არსებობს. სოფლის მოსახლეობა იმდენ შეშას მოჭრის, რამდენიც სჭირდება”, - აცხადებენ სამინისტროში.
შეშის სიძვირის გამო მოსახლეობის ნაწილი უპირატესობას ბუნებრივი აირით გათბობას ანიჭებს. გაზიფიცირება სამცხე-ჯავახეთში მეორე წელია მიმდინარეობს. თუმცა, ამ დრომდე ბუნებრივი აირით სარგებლობა მხოლოდ ქალაქის მოსახლეობას შეუძლია, სოფლებში გაზიფიცირება არ დაწყებულა. გაზის გამათბობლის დამონტაჟება კი ქალაქის მცხოვრებლებს იმდენად ძვირი უჯდებათ, რომ ეს ჯერ
ისევ ფუფუნებად რჩება.
“გაზით გათბობა ჩემთვის ძვირი სიამოვნებაა. ცენტრალური გათბობა რომ გავაკეთოთ, ჩვენი გათვლებით, 2000 ლარამდე ჯდება. ამ ზამთარს ისევ შეშის ყიდვა მოგვიწევს”, - ამბობს თეიმურაზ იანასარიძე.
შპს
“ელენის” ინფორმაციით, ამ დროისთვის ქალაქში 3 000-მდე
აბონენტია, აქედან მხოლოდ 110-ია კომერციული ობიექტი. ბუნებრივი აირის სახლამდე მიყვანა ერთ ოჯახს ინდივიდუალურად 350 ლარიდან 600 ლარამდე უჯდება.
შპს
“ელენის” მთავარი ინჟინერის ზაზა ზაზაშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში, ცენტრალური მაგისტრალების სრული გაზიფიცირება ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს. ამ დროისათვის დარჩენილია საბარგო სადგურისა და რაბათის დასახლება.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი