ახალციხეში კოსტავას და დიდიმამიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. კიდევ რა სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქში და რისი გაკეთება იგეგმება.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნულ ქუჩებზე 23 მაისს დაიწყო.
გასულ წელს დიდიმამიშვილის ქუჩის ტროტუარის მხოლოდ ცალი მხარე მოპირკეთდა და შეიცვალა ბორდიულები, წელს კი აღნიშნული ქუჩის მეორე ნაწილის მოპირკეთება მიმდინარეობს.
ქუჩების რეაბილიტაციისთვის ორი ტენდერი გამოცხადდა. კოსტავას ქუჩაზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “ოცხე” ასრულებს, ხოლო დიდიმამიშვილის ქუჩაზე შპს “არიალი”.
“ორივე გამოცდილი კომპანიაა, მათ მსგავის სამუშაოები ადრეც შეუსრულებიათ”, - ამბობს ახალცის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიებმა სამუშაოები 30 აგვისტოს უნდა დაასრულონ.
“თუმცა ისეთი სწრაფი ტემპით მუშაობენ, რომ უფრო ადრე ჩაგვაბარებენ”, - ამბობს გელა დემეტრაძე.
აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. დიდიმამიშვილის ქუჩის ტროტუარების მოპირკეთებისთვის 36 259 ლარია გამოყოფილი, ხოლო კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის 48 687 ლარი.
“კოსტავას ქუჩის რებილიტაცია შედარებით ძვირიანი პროექტია. აქ უფრო მეტი სამუშაოა შესასრულებელი ვიდრე დიდიმამიშვილის ქუჩაზე. ქუჩის ორივე მხარის ტროტუარები კეთდება და მანძილიც უფრო დიდია”, - განმარტავს გელა დემეტრაძე.
გარდა ამისა, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის სხვა ქუჩებზეც. რემონტდება შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კორპუსის ფასადი და იცვლება სახურავი. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “მშენებელი 2004” ასრულებს. სამუშაოებისთვის 54 820 ლარია გამოყოფილი.
ასპინძის ქუჩაზე დაწყებულია სამანქანო ხიდის მშენებლობა და ნაპირსამაგრი სამუშაოები.
“ხიდის საშუალებით ასპინძის ქუჩის მოსახლეობა ახალ ბაზარს (რომელიც უკვე შენდება) და თამარაშვილის ქუჩას დაუკავშირდება. აღარ დასჭირდებათ შემოვლითი გზებით გადაადგილება”, - ამბობს გელა დემეტრაძე და აქვე დასძენს, რომ ბაზარის მშენებლობა კერძო ინვესტიციაა, ხოლო ხიდის მშენებლობა ადგილობრივი გამგების მიერ გამოცხადებული ტენდერი. პროექტის ღირებულება ერთი მილიონ 308 ათასი ლარია.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, ბაზარის მშენებლობის გარდა კერძო ინვესტორებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობა, თეატრის გვერდით მდებარე ტერიტორია (სადაც ბიბლიოთეკის მშენებლობა მიმდინარეობს) და საპატრულო პოლიციის გვერდით არსებული ტერიტორია შეისყიდეს.
საავტომობილო გზების დეპარტამეტის მეირ გამოცხადებული ტენდერით დაგეგმილია საბარგო სადგურიდან ახალციხეში შემოსასვლელი ახალი ცენტრალური გზის მშენებლობაც.
“მატარებელი ქალაქში შემოვა ისე, რომ აღარ გადაკვეთს საავტომობილო გზას. ეს იქნება მოსახერხებელი და გარდა ამისა გაიზრდება სატრანზიტო მოძრაობის რაოდენობაც. როდესაც ხდება რკინიგზის ვაგონების გადაადგილება, მძღოლებს თითქმის ნახევარი საათი უწევთ ლოდინი იმისთვის, რომ განთავისუფლდეს საავტომობილო გზა. ეს პრობლემა აღარ იქნება”, - ამბობს გელა დემეტრაძე.
მისივე თქმით წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი