უფასო გამოკვლევები ქალებს


ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი უკვე სამცხე-ჯავახეთშიც შესაძლებელია. პროგრამის ფარგლებში, განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფის ქალებს, გამოკვლევები უფასოდ უტარდებათ

მანანა სარაშვილიახალციხე
 

სიმსივნურ პათოლოგიებს შორის ერთ-ერთი მთავარი ადგილი ძუძუს კიბოს უკავია. ონკოლოგიურ დაავადებათა 23 პროცენტი სწორედ მკერდის ავთვისებიან სიმსივნეზე მოდის, რომელიც ქალებში გამოვლენილ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე ხშირია. სტატისტიკის თანახმად, ყოველი მეოცე ქალი მსოფლიოში ამ დაავადების მსხვერპლია.  

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციების სტატისტიკური მონაცემებით, მასტიტის, ანუ სარძევე ჯირკვლის შეგუბებითი, ან ინფექციური ანთება - შემთხვევათა 3 პროცენტში გვხვდება, მასტოპათია, ანუ სარძევე ჯირკვლის ქსოვილის კეთილთვისებიანი შექცევადი გადაგვარება, რაც ჰორმონალური დარღვევითაა გამოწვეული – 45 პროცენტში, კისტა-სარძევე ჯირკვლის ერთგვარი ჩანართი – 15 პროცენტში, ფიბროადენომასარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე 25 პროცენტში, კიბოავთვისებიანი სიმსივნე 25 პროცენტში, სხვადასხვა იშვიათი დაავადებები 15 პროცენტში.  

სპეციალისტების თქმით, ძუძუს კიბოს შემთხვევების სრულყოფილი რეგისტრაცია საქართველოში არ ხდება. არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2000 წელს ყოველ 100 000 ადამიანზე 46 ახალი შემთხვევა აღირიცხა. მას შემდეგ ავადობამ კიდევ უფრო მოიმატა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში. სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე ყველაზე ხშირად 35-დან 50 წლამდე იჩენს თავს, მაგრამ სპეციალსიტების თქმით ბოლო დროს ქვედა ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე შემცირდა.

რადიაციული დასხივების ზონაში ცხოვრება, ცხოვრების არაჯანსაღი წესი: არასწორი კვება (ცხიმებით მდიდარი და უჯრედისით ღარიბი პროდუქტები), თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, უმოძრაოდ ყოფნა, ორსულობა და მშობიარობა 30 წლის ასაკის შემდეგ ან უშვილობა, მენსტრუაციის ნაადრევი (12 წლის ასაკამდე) დაწყება და გვიან (50 წლის შემდეგ) შეწყვეტა, სექსობრივი ფუნქციების დარღვევა, მენსტრუაციის დარღვევები: არა-რეგულარული, მტკივნეული, ჭარბი, გახანგრძლივებული მენსტრუაცია, საშვილოსნოს და საკვერცხეების ანთებითი და ქსოვლის გადაგვარებითი მიმდინარე დაავადებები, ჭარბი წონა, განსაკუთრებით წონის მკვეთრი მატება 16 წლის ასაკის ზევით, მაღალი დოზით ან ხშირი, რადიაციული დასხივება მოზარდ ასაკში( 16 წლამდე) მაგალითად, ხშირი რენტგენლოგიური გამოკვლევა, - ძუძუს კიბოს რისკ-ფაქტორებია.     

რეგიონში სიმსივნური დაავადებები საკმაოდაა გავრცელებული. რადიაციული ფონი განსაკუთრებით მომატებულია ადიგენის მხარეს, რადგან საბჭოთა პერიოდში, ერთ-ერთ მთაზე რადიაციული ნივთიერებები ინახებოდა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი სიმსივნური დაავადებების განვითარებისა”, - ამბობს ექიმი მეან-გინეკოლოგი მანანა ბენდოჟანოვიჩი. 

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დროულად აღმოჩენილი კიბოს სწორად მკურნალობა იმდენად ეფექტურია, რომ ავადმყოფები ათეულობით წლების განმავლობაში სრულიად ჯანმრთელად გრძნობენ თავს. სწორედ ამ მიზნით, რამდენიმე წლის წინ, საქართველოში ამოქმედდა პროექტიონკოლოგიური დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია”, რომელიც ქალებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგს სთავაზობს.

აღნიშნული პროგრამა მიმდინარე წლის 5 მაისს სამცხე-ჯავახეთშიც ამოქმედდა. პროგრამა ხორციელდება საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის პატრონაჟით, სახელმწიფო დაფინასებით და თბილისის ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობით. ახალციხეში აღნიშნულ პროგრამას პარტნიორობას არასამთავრობო ორგანიზაციადემოკრატ ქალთა საზოგადოებაუწევს.

ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ქალბატონებს უფასო გამოკვლევები უტარდებათ. განსაზღვრულია მათი ასაკობრივი ჯგუფი,  40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებს შეუძლიათ ძუძუს კიბოს სკრინინგი, ხოლო 22-და 60 წლამდე - საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი.

ორივე ძუძუ მამოგრაფიულ აპარატზე შუქდება, ორ პროექციაში. გადაღება, გამჟღავნება და რადიოლოგიის პირველადი წაკითხვა ადგილზევე ხდება. მეორადი წაკითხვისთვის კი სურათები თბილისში ეროვნულ სკრინინგ ცენტრში იგზავნება. შემდეგ მოდის დასკვნა, რეკომენდაციებთან ერთად.

თუ არაფერი გამოვლინდა, განმეორებითი გამოკვლევა 2 წლის შემდეგ მოხდება, რადგან ის არ ითვლება რისკის ჯგუფად. მაგრამ თუ დაფიქსირდა ისეთი რამ, რაც მიახლოვებულია სიმსივნესთან, მაშინ გამოკვლევა 6 ან 12 თვის შემდეგ უნდა ჩატარდეს”, - ამბობს ახალციხისდემოკრატ ქალთა საზოგადოებისთავჯდომარე და სკრინინგ-პროგრამის კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში მარინა მოდაბაძე.
   

იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღმოაჩნდა სიმსივნური პათოლოგია, ის სპეციალური დაწესებულებაში იგზავნება, სადაც მას საფუძვლიანი კვლევა ჩაუტარდება.   

რაც შეეხება საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციას, ამ შემთხვევაში ადგილზე ხდება პაკტესტების აღება, კეთდება ინდივიდუალური კომპლექტი, რომელიც იგზავნება თბილისში, რის შემდეგაც მოდის დიაგნოზი და რეკომენდაციები.

თუ რაიმე დამატებითი კვლევა არ არის საჭირო, მაშინ გინეკოლოგი პაციენტს უნიშნავს მკურნალობას. 5 მაისის შემდეგ 130 ქალი მოვიდა,  კლინიკას საშუალოდ დღეში 8-10 ქალი აკითხავს”, - განმარტავს მარინა მოდებაძე.

მანანა ბენდოჟანოვიჩის თქმით, პაციენტები ძირითადად ჭარბი გამონადენით, წელისა და მუცლის არეში ტკივილებით მიდიან: არის შემთხვევები, როცა ქალს არაფერი აწუხებს, მაგრამ მას უბრალოდ გამოკვლევა უნდა. ეს ძალიან კარგია, რადგან ამ მხრივ განათლების  დონე ძალიან დაბალია, მათ არ იციან, რომ გინეკოლოგს ყოველ ექვს თვეში ერთხელ უნდა მიაკითხონ”.

მისი თქმით, ხშირად ექიმს დაგვიანებით აკითხავენ, მაშინ, როცა  დაავადება ბოლო სტადიაშია და მკურნალობა რთულია.

სკრინინგ პროგრამა გრძელდება. ცენტრი ქალაქ ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს. გასინჯვის მსურველ ქალბატონებს შეუძლიათ წინასწარ ჩაწერაც, ამისათვის მათ უნდა დარეკონ ტელეფონზე: (8 365) 22 13 87; სავალდებულოა იყვნენ საქართველოში რეგისტრირებულები და გასინჯვისას ან რეგისტრაციისას, თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი