მანანა სარაშვილი, ახალციხე
“ექიმის პროფესიული საქმიანობის წესების” შემუშავებაზე საქართველოს “ოჯახის ექიმთა ასოციაცია”, “საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი”, “საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება” და “საქართველოს ექიმთა ასოციაცია” მუშაობდნენ.
პროექტზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელის გივი ჯავაშვილის განმარტებით, მედიკოსთა ქცევის წესების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ექიმის საქმიანობის პროფესიულ, ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობას.
მისივე თქმით, აღნიშნული კოდექსის ამოქმედება ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, პაციენტის უსაფრთხოებას, ექიმსა და პაციენტს შორის ნდობის დამკვიდრებასა და ექიმის ავტორიტეტის ზრდას. “ექიმის პროფესიული საქმიანობის წესებში” ასახული რეკომენდაციების გამოყენება ნებაყოფლობითია.
ექიმთა ქცევის წესების შემუშავებას, არასამთავრობო ორგანიზაციის - “ხარისხი ჯანდაცვის სერვისებში” ექსპერტი ირაკლი სასანია მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მისი თქმით, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ექიმის ქცევა სხვადასხვა საშუალებით რეგულირდება: “ექიმ-პაციენტის ურთიერთობა ცენტრალური ნაწილია ხარისხიანი მედიცინის წარმოების პროცესში. ეს ურთიერთობა აყალიბებს თანამედროვე სამედიცინო ეთიკის საფუძვლებს. დასავლეთის უმეტესი სამედიცინო სკოლები და უნივერსიტეტები სტუდენტებს საავადმყოფოებში პრაქტიკამდე ასწავლიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პაციენტის ღირსება, საიდუმლოების პატივისცემა და შენახვა, პაციენტის ავტონომიურობა და ასე შემდეგ”.
მისივე თქმით, ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა ჯანდაცვის ბაზარზე სუსტად რეგულირდება და ამ საკითხის მნიშვნელობა ეთიკურთან ერთად სხვა რამოდენიმე ფაქტორითაცაა განპირობებული. ექიმს და პაციენტს არ გააჩნიათ თანაბარი ინფორმაცია, ექიმი პაციენტის დაავადების შესახებ გაცილებით მეტ ინფორმაცია ფლობს ვიდრე თავად პაციენტი. მათი ურთიერთობა არ არის გამჭირვალე, პაციენტი დამოკიდებულია ექიმზე. ექიმს შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს პაცინეტზე და მის გადაწყვეტილებაზე მომსახურების გაწევის პროცესში და ასევე ფასზე, თუ გარკვეულ გეოგრაფიულ ტერიტორიულ ერთეულზე მხოლოდ ერთი სპეციალისტია წარმოდგენილი.
“ექიმის და პაციენტის ურთიერთობა დღესაც პრობლემატური საკითხია, რომელიც ძირითადად გამოხატულია უხეშობით, ფამილარული დამოკიდებულებით, ან კომუნიკაციის დეფიციტით. ხშირ შემთხვევაში ექიმებს არ სურთ გასაგებ ენაზე მიაწოდონ პაციენტს ინფორმაცია მათი მდგომარეობის თუ დაავადების შესახებ, რაც პაციენტის მხრიდან უკმაყოფილების მიზეზი ხდება”, - ამბობს ირაკლი სასანია და აქვე ამატებს, რომ
დაბალი პროფესიონალიზმი და ასევე დაბალი ანაზღაურება შეიძლება იყოს ცუდი ურთიერთობის მიზეზი, რაც დაუშვებელია.
მედიკოსთა ქცევის კოდექსის შემუშავებას ზედმეტად მიიჩნევს ჯანმრთელობის სახლის უფროსი-მენეჯერი ვოვა ზედგინიძე: “როცა ადამიანი ექიმი ხდება, დებს ჰიპოკრატეს ფიცს, სადაც კარგად არის ჩამოყალიბებული მისი მოვალეობები. ამიტომ, ექიმთა ქცევის წესების შემუშავება ზედმეტად მიმაჩნია. სოციალურ პირობებმა უნდა მიიყვანოს ექიმი იმ დონეზე, რომ დაიცვას გარკვეული წესები”.
მისსივე თქმით, ექიმის და პაციენტის ცუდი ურთიერთობის მიზეზი დაბალი ანაზღაურებაა: “ექიმს, რომელიც 200 ლარზე მუშაობს, ძნელია რამე მოსთხოვო. ჯერ მათ უნდა შეუქმნან კარგი პირობები და მერე უნდა შეიმუშაონ მსგავსი ქცევის წესები”.
რაც
შეეხება მიღებული წესების რელურად ამოქმედებას, ჯანდაცვის ექსპერტები იმედოვნებენ, რომ კოდექსი კოდექსისთვის არ დარჩება.
“თუ ამ კოდექსის შექმნას წინ უძღოდა ნათელი და მკაფიო გააზრება და ხედვა ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის პრობლემურებისა და საკითხის მნიშვნელობისა, ამასთანავე, თუ სახელმწიფოს მხრიდან არსებობს სურვილი მისი დანერგვისა, კოდექსი გაამართლებს, - ამბობს ირაკლი სასანია და აქვე ამატებს, რომ შესაბამისმა სამსახურებმა პერიოდულად მონიტორინგიც უნდა განახორციელონ, - შეიძლება იყოს მონიტორინგის სამსახური ან ეთიკის კომისია, შესაძლებელია ეს განახორციელოს პროფესიულმა ასოციაციებმა. მთავარია, გაიწეროს მიზნები და ობიექტური შეფასების კრიტერიუმები და არსებობდეს მოტივირებული, კარგად მომზადებული ხალხი, ვინც ამას კოდექსის პირობების სრული დაცვით განახორციელებს”
უახლოეს პერიოდში კოდექსი პროფესიულ ასოციაციებს დაეგზავნებათ. ძირითადი როლი რეკომენდაციების დანერგვაში, სწორედ, ექიმთა საზოგადოებას დაეკისრება.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი