გამოცდების შედეგები ბორჯომში


 საატესტატო გამოცდები დასრულდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ატესტატის გარეშე 43 მოსწავლე დარჩა. 
ნატალია კოპაძე, ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 18 საჯარო და ერთი სკოლა-ლიცეუმია. საატესტატო გამოცდებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 336 მოსწავლე მონაწილეობდა. ამათგან, 43-მა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. ისინი წელს სერტიფიკატებს მიიღებენ, საატესტატო გამოცდებს კი მომდევნო წელს, ხელახლა ჩააბარებენ.


პროცენტულად ცუდი შედეგები არ არის. გამოცდებზე მინიმალური მოთხოვნა იყო, მოსწავლემ, რომელიც ცოტათი მაინც სწავლობდა, ბარიერი გადალახა”, - გვიხსნის ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია შავიშვილი. მისივე განმარტებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში საუკეთესო შედეგი პირველმა საჯარო სკოლამ აჩვენა.

ბორჯომის პირველი საჯარო სკოლა 50-მა მოსწავლემ დაამთავრა. ამათგან, ატესტატის გარეშე მხოლოდ ერთი მოსწავლე დარჩა.

,,მოსწავლეებს მათემატიკის ჩაბარება გაუჭირდათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ საგანში ემზადებიან”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის მარიზა ჯიქია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმის ქიმიის მასწავლებლის როზა შენგელაიას განმარტებით, წლევანდელ კურსდამთავრებულებს საატესტატო გაოცდებისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო არ ჰქონდათ. თუმცა, ლიცეუმის კურსდამთავრებულებმა მაინც კარგი შედეგები აჩვენეს.

სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებით კმაყოფილები ვართ. რვა ქულაზე ნაკლები არცერთ მოსწავლეს არ მიუღია. სატესტატო გამოცდების დანერგვა ხელს შეუწყობს სკოლებში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას”, - დასძენს იგი.

პირველი კომპიუტერული საატესტატო გამოცდები, 23 მაისიდან 1 ივნისამდე, საქართველოს 1520 სკოლაში მიმდინარეობდა. გამოცდა რვა საგანში ჩატარდა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი