მართლმსაჯულება ლიბერალური გზით


ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში. კანონპროექტი, რომელიც პროკურორებს დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს.  

თამუნა უჩიძეახალციხე
 

მთავრობის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში განრიდების მექანიზმის შემოღებასთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებები პროკურორს დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს.

კანონპროექტის თანახმად, რომლის პირველი მოსმენით განხილვა საპარლამენტო კომიტეტში უკვე შედგა, პროკურორს შეუძლია არ დაიწყოს, ან შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე იმ პირების მიმართ, რომლებიც ნებაყოფლობით შეასრულებენ განსაზღვრულ პირობებს: საზოგადოებისთვის სასარგებლოდ უსასყიდლოდ მუშაობა, ბიუჯეტისთვის სულ მცირე 500 ლარის გადახდა, მოპარული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა...

პროექტის მიხედვით, თუ პირი ერთი ან რამდენიმე ამ პირობის შესრულებაზე უარს უტყვის, მაშინ პროკურორი უფლებას იტოვებს, დაიწყოს ან განაგრძოს სისხლის სამართლებრივი დევნა.

განრიდების მექანიზმის შემოღებას, რომელიც სასამართლოს გვერდის ავლით ხორციელდება და არ იწვევს ნასამართლობას, ან თავისუფლების აღკვეთას, ადვოკატი ივანე ტატალაშვილი მიესალმება: “რაც ხე-ტყის გამო, ადიგენის მუნციპალიტეტში, პრობაციის სამსახურში აღრიცხვაზე აყვანილი მამაკაცია, მთელ საქართველოში არ იქნება იმდენი ერთად. აქ მცხოვრებთა 80 პროცენტი პირობით მსჯავრშია. განრიდების მექანიზმის შემთხვევაში ნასამართლობა აღარ დაგეწერება, ასე რომ, ამდენი ნასამართლევი და პრობაციონერი აღარ გვეყოლება. თუმცა, ბიუჯეტში შემოსავლები კატასტროფულად შემცირდება”.

სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი დავით კურტანიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ნულოვანი ტოლერანტობიდან გადახვევაა: ეს არის ევროპული მიდგომა დანაშაულისადმი. იმაზე ფიქრი, რომ ეს დანაშაულთა რიცხვს გაზრდის და უსაფრთხოების დონე დაეცემა, უსაფუძვლოა”.

კურტანიძე იმედოვნებს, რომ მძიმე დანაშაულის შემთხვევებში, პროკურორები გადაწყვეტილებას სამარლთებრივი პოლიტიკის მიზნებისა და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ: “ამდენად, ეს ვერ იქნება მათი თვითნებური გადაწყვეტილება, თუმცაღა პროკურორი თავისი შინაგანი რწმენითაც მოქმედებს. ამ პროგრამაში ჩართული სოციალური მუშაკებიც არიან, მათი კეთილსინდისიერება მთლიანობაში შედეგს გამოიღებს”.

ნებისმიერ საკითხს, რაც ხალხისთვის შეღავათის მიმცემი იქნება, ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი მიესალმება, თუმცა იგი კურტანიძის მოსაზრებას არ იზიარებს: “მოქმედი პროკურორების პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ მაქვს, მაგრამ ისედაც განუსაზღვრელი ძალაუფლების პირობებში, თუნდაც ხალხის სასარგებლოდ, უფლების დამატება პროკურორებისთვის, ზრდის ალბათობას, რომ ძალაუფლება ბოროტად იქნეს გამოყენებული”.

მისი თქმით, უფრო სამართლიანი იქნებოდა, თუ კანონმდებელი ამ უფლებას რაიმე ფორმით მოსამართლეებს მიანიჭებდა. სამარჯიშვილს მიაჩნია, რომ ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების უფლება მხოლოდ მართლმსაჯულების განმახორციელებლს უნდა ჰქონდეს: სასამართლოს ძალაუფლების გაზრდა, ქვეყანაში სამართლიანობის გაზრდის მაჩვენებელია. გარდა ამისა, ნათქვამია, “ძალაუფლება ადამიანს რყვნისო”, მოდით დავტოვოთ ის კადრები ისეთი, როგორიც გვყავს”.

შეჯიბრობითობის პრინციპის დარღვევაზე აკეთებს აქცენტსსამხრეთის კარიბჭესთანადვოკატი ეკა ბესელიაც და ამბობს, რომ პროკურორის, როგორც მხარის უფლებრივი მდგომარეობა,  დღითიდღე იზრდება: სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა რა ტექნიკურ ბარიერსაც აწყდება პრაქტიკის დროს, მის მოხსნას ცდილობს კანონში ცვლილებების შეტანით და ამას აკეთებს მოუმზადებლად, ანალიზისა და შესწავლის გარეშე”.

მისი თქმით, საქართველოში მართლმსაჯულება აღარ არსებობს, რადგან მთელი პროცესი გადაიქცა სავაჭრო დახლად, ფასიანი გახდა თითოეული წლის ჩამოკლება და ამას ემსახურება ბოლო ცვლილებებიც: მალე ვნახავთ როგორ გადაიქცა ქართული სასამართლო საპორცესო შეთანხმების ინსტიტუტად, სადაც გამყიდველიც და მყიდველიც, მოსამართლეც და ბრალმდებელიც მთავარი პროკურორია”.   

ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილება პროკურატურასა და სასამართლოს მუშაობას შეუმსუბუქებს: საჯარო მოხელეები იმ დონეზე დგანან უკვე, რომ კეთილსინდისიერად განახორციელებენ მათზე მინდობილ პასუხისმგებლობას”.

ჯეირანაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურორი სწორად განსაზღვრავს ვისზე უნდა გამოიყენოს ეს ულფებამოსილება და ვისზე არა: კანონი მათ დღესაც ანიჭებს უფლებას საპორცესო შეთანხმება გააფორმონ, თუმცა მკვლელებსა და რეციდივისტებზე ასეთ რამეს არ აკეთებენ. რაც შეეხება თანასწორუფლებიანობის დარღვევას, ეს ჩემთვის გაუგებარია - როგორ უნდა დაირღვეს მეორე მხარის თანასწორობა, როცა იგი აღნიშნულ პროგრამაში საკუთარი ნებით ერთვება?!”

დღეს საქართველოში 100 ათას მოსახლეზე 540 პატიმარი მოდის. კანონპორექტის დამტკიცების შემთხვევაში მათი რაოდენობა თუ არ შემცირდება, საგრძნობლად აღარ გაიზრდება მაინც. რაც შეეხება, პროკურორების უფლებამოსილების გაზრდას, რამდენად სამართლიანად გამოიყენებენ ამას, ეს უკვე მათ კეთილსინდისარებაზეა დამოკიდებული.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი