გარდაცვლილი, დაპატიმრებული და დაკარგული ადამიანები; როგორ აფასებენ უფლებადამცველები 26 მაისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებული ინფრომაციით 152 ადამიანია დაკავებული და მათ
უმრავლესობას მძიმე კატეგორიის დაზიანებები აღენიშნება. მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ დაკავებულებს დაზიანებები მიღებული აქვთ, როგორც აქციის დაშლისას, ასევე დაკავების შემდგომ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 60 დაკავებული პირის უფლებას იცავს.
“ჩვენი ორგანიზაციის ადვოკატები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ვერ პოულობენ, ერთი იზოლატორიდან მეორეში გადაჰყავთ და სამართალდამცავებს ამის შესახებ ინფორმაციას არ აძლევენ. რუსთავის იზოლატორში 10 პატიმრიდან მხოლოდ 2 ვიპოვეთ”, - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი.
საიას მონაცემებით, ამ დროისთვის დაკარგული 49 პირია.
“დაკარგულების ახლობლები, ნათესავები და ოჯახისწევრები მოდიან ჩვენთან და დახმარებას გვთხოვენ. დაკარგულთა სიაც სწორედ მათი განცხადებების საფუძველზე შევადგინეთ, - განმარტავს ჩუგოშვილი და დასძენს, რომ
ეს ცალსახად ძალის გადამეტება იყო - არ ვიცი აღლუმი უნდა შემდგარიყო თუ არა, მაგრამ რაც მოხდა, ის რომ არაფრის გულისთვის უნდა მომხდარიყო, ზუსტად ვიცი”.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” თავმჯდომარის ლია მუხაშავრიას თქმით, სანამ სამართლებრივი შეფასება არ მიეცემა მოვლენებს, მანამდე მხოლოდ იმ ვიდეო მასალებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა: “საკმაოდ სარწმუნოა, რადგან დაუმონტაჟებლად იქნა ნაჩვენები. აქედან გამომდინარე კეთდება დასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა გადამეტებულ ძალის გამოყენებას, თან სასიკვდილო ძალის გამოყენებას. მაგრამ სამართლებრივ შეფასებამდე ამაზე ჯერ მხოლოდ საუბარი შეგვიძლია”.
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციური “რვიანი” “სახალხო კრების” აქციის დაშლის დროს მომხდარი ფაქტების გამოძიებას ითხოვს. ერთი ნაწილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას უჭერს მხარს, მეორე ნაწილის აზრით კი, გაცილებით ეფექტური სახალხო დამცველთან არსებული საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის შექმნა იქნება.
“როდესაც ასეთი განსაკუთრებული შემთხვევები ხდება, დიდია საჯარო ინტერესი და საზოგადოებრივი უნდობლობა, საგამოძიებო ორგანოები გამოძიებას მიუკერძოებლად ვერ ჩაატარებენ, - აცხადებს მუხაშავრია და განმარტავს, რომ
მსოფლიოში ერთჯერადი კომისიის შექმნის არაერთი მაგალითი არსებობს. ოღონდ იგი
უნდა აკმაყოფილებდეს დამოუკიდებლობის ტესტს, ანუ მისი წევრები არ უნდა იყვნენ საჯარო სამსახურში, არ უნდა იღებდნენ რაიმე სახის ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომ გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად შეძლონ, - კარგი იქნება, თუ ასეთ კომისიას ლეგიტიმაციას პარლამენტი მიანიჭებს, რადგან მან შეძლოს მოწმეთა გამოძახება, დაკითხვა, მტკიცებულებების შეგროვება, და მის მიერ აკინძული საქმე, წარმართული იქნეს სასამართლოში განხილვისათვის და არა უბრალოდ დასკვნის მოსამზადებლად”.
მუხაშავრიას თქმით, არანაირი გამართლება არ შეიძლება მიეცეს ჟურნალისტების ცემას: “გამეტებით ურტყამდნენ მედიის წარმომადგენლებს. ეს ცალსახად დანაშაულია. დანაშაულია იმ პირების მხრიდან, რომლებმაც ურტყეს ჟურნალისტებს და რომლებმაც გასცეს ბრძანება. მცდელობაც კი არ ყოფილა გაერჩიათ ვინ იყო მედიის წარმომადგენელი”.
უფლებათა დამცველი ადამიანურად შეუთავსებლად მიიჩნევს, ხუთასი კაცის წინააღმდეგ, გაწვრთნილი, მომზადებული და შეიარაღებული ადამიანების გამოყვანას: “ესე იგი პრეზიდენტს ამ რამდენიმე ასეული ადამიანის ისე შეეშინდა, რომ მათ წინააღმდეგ შეიარაღებული ძალის გამოყვანა გადაწყვიტა”.
მუხაშავრია ამბობს, რომ
აქციის მონაწილეები დემონსტრაციის ხანგრძლივობის ვადის ამოწურვის შესახებ ინფორმირებულნი არ იყვნენ: “არაფერი დაშავდებოდა თუ იგივე ხმის გამაძლიერებლით მერიის წარმომადგენელი შეხვდებოდა არა მარტო ბურჯანაძეს, ან მასთან ახლოს მდგომ აქციის მონაწილეებს, არამედ შორს მდგომ ადამინებსაც და მათ ეტყოდა, რომ კანონის დაღვევისთვის მათ წინააღმდეგ ძალას გამოიყენებდნენ”.
უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას აქვს ვალდებულება ასეთი გამოსვლები მოითმინოს: “არანაირი აღლუმი არ ღირს ადამინის სიცოცხლედ. თუნდაც ბევრი ადამინის სურვილს აღლუმი ჩატარებულიყო, გადაწონის ერთი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. იმ ღამესვე ცნობილი იყო, რომ ორი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე დღეს კი იმ ადგილზე აღლუმი გაიმართა”.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი