საქართველოს კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ფართო უფლებას იძლევა, თუმცა, ამ უფლებას სახელმწიფო დაწესებულებები ზღუდავენ.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
საქართველოში მომუშავე ჟურნალისტები ინფორმაციის შეგროვების დროს ხშირად აწყდებიან ისეთ პრობლემებს, როგორიც ინფორმაციის ხელმიუწვდომლობაა, ეს კი ჟურნალისტის სამუშაოს ძალიან ართულებს.
“სამხრეთის კარიბჭეს” სომხური რედაქციის შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგზავნილი ბოლო მოთხოვნა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საპატრულო პოლიციის საქმიანობას ეხებოდა. მოთხოვნა 2011 წლის 1 ივნისით არის დათარიღებული, პასუხი კი ჯერ არ მიგვიღია. ეს არ არის პირველი შემთხვევა ჩვენი გაზეთისთვის, როდესაც სამინისტროები მის მოთხოვნებს იგნორირებას უკეთებენ. უმეტეს შემთხვევებში ჩვენ ვიღებდით ან სრულ იგნორირებას ან სანახევრო და არაფრისმთქმელ პასუხებს. აღმოჩნდა, რომ მსგავსი პრობლემები საქართველოში მომუშავე ჟურნალისტების თითქმის უმრავლესობას აქვს.
“მაგალითად, ძალიან რთულია ინფორმაციის მიღება განათლების სამინისტროსგან და რასაკვირველია, პოლიციისა და პროკურატურისგან. კერძოდ, ძნელია მათგან კომენტარების მოპოვება. ისინი კომენტარის გაკეთებაზე არასდროს თანხმდებიან. ჩვენთან თანამშრომლობას თავს არიდებს რეგიონული პოლიცია და პროკურატურაც, რომლებიც თანხმობის მისაღებად ცენტრში გვაგზავნიან, ცენტრი კი კონკრეტული ნომრიდან განხორციელებული პირველი ზარის შემდეგ ამ ნომერს აღარ პასუხობს. ასეა ყოველთვის. საკრებულო კი ოფიციალურ ინფორმაციას ყოველთვის გასცემს. ეს მხოლოდ ქალაქ რუსთავის საკრებულოზე შემიძლია ვთქვა. რასაკვირველია, როგორც ჟურნალისტი, მივიჩნევ, რომ ინფორმაციის გასაიდუმლოება მუშაობაში ხელს მიშლის და ვფიქრობ, რომ, მთლიანობაში, ეს ჩვენს აუდიტორიას უქმნის პრობლემას, რადგან მათ უფლება აქვთ ყველა მხრიდან გაშუქებული ინფორმაცია მიიღონ”, - ამბობს ქვემო ქართლის რეგიონული გამოცემის “პრესაგე.ტვ”-ს ჟურნალისტი მანონი ბოკუჩავა.
ერთ-ერთ საგამოძიებო სტატიაზე მუშაობის დროს გაზეთ “თავისუფალის” რედაქტორმა თამუნა ლეფსვერიძემ ინფორმაციის მოთხოვნით შვიდი წერილი გაგზავნა ფინანსთა, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებში, სასამართლოში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. უკვე თვენახევარი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში განხორციელებული მრავალრიცხოვანი ზარისა და მსგავსი პასუხების: “დარეკეთ ორ დღეში, სამ დღეში, ერთ კვირაში” მიღების შემდეგ რეაგირება მხოლოდ განათლების სამინისტრომ მოახდინა. და მასშიც დასმული რვა კითხვიდან ჟურნალისტმა პასუხი მხოლოდ ერთ მათგანზე მიიღო.
“ჩვენს გაზეთში მსგავს პრობლემებს ყოველდღიურად ვაწყდებით, და, საქართველოში არსებულ ყველა სამინისტროსთან. ყველაზე რთული ჩემთვის ინფორმაციის განათლების სამინისტროსგან მოპოვება იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კი ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ისინი ჟურნალისტს უბრალოდ ხელს უშლიან მუშაობაში. ყველანაირი გაგებით. ბევრჯერ რეკავ, 4-ჯერ, 10-ჯერ, 100-ჯერ, ბოლოს კი აღმოჩნდება, რომ ერთი ან ორი თვის გასვლის შემდეგ ეს ინფორმაცია უკვე მოძველებულია. სასამართლოში შენი უფლება რომ დაიცვა, საჩივრის შესატანად ფული უნდა გადაიხადო, ამიტომაც უბრალოდ თავს ანებებ”, - ამბობს თამუნა ლეფსვერიძე.
“ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტმა”, პროექტ “მონაცემთა საჯარო ბაზის” ფარგლებში, თავის ვებგვერდზე სხვადასხვა სამინისტროებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში გაკეთებული მოთხოვნების შედეგები გამოაქვეყნა. მოთხოვნა 21 სახელმწიფო დაწესებულებაში იქნა შეტანილი. სრული პასუხი მხოლოდ 5 შემთხვევაში მიიღეს, 11 შემთხვევაში პასუხები იყო სანახევრო, პასუხზე უარი 4-მა დაწესებულებამ განაცხადა, ხოლო მოთხოვნა საერთოდ უპასუხოდ ერთმა სტრუქტურამ დატოვა.
მოთხოვნებს სრული იგნორირება გაუკეთა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ, ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და თბილისის მერიამ.
ნაწილობრივი პასუხები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან, ენერგეტიკის სამინისტროდან, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსგან, ფინანსთა სამინისტროსგან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მიიღეს.
ამ კვლევის შედეგების თანახმად, საზოგადოებისთვის ღია ერთი სახელმწიფო სტრუქტურაც კი არ არის. ამ დროს კი, საქართველოს კანონმდებლობა, ინფორმაციის საჯაროობის კუთხით, ერთ-ერთ ყველაზე ლოიალურ კანონმდებლობად მიიჩნევა. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით ყველა ადამიანისთვის სასურველი ინფორმაციის მიღების უფლება გარანტირებულია. საქართველოს კონსტიტუციამ 1995 წელს ინფორმაციის თავისუფლების მაღალი სტანდარტები დააწესა.
1999 წელს საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციული უფლებების სფეროში მეტად მნიშვნელოვანი და პროგრესული რეფორმა განახორციელა. კოდექსში, რომელიც 2000 წლის დასაწყისში შევიდა ძალაში, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების ტრანსპარენტულობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ სრულიად ახალი ფუძემდებლური პრინციპები იქნა შეტანილი.
კანონის თანახმად, საჯარო ინფორმაციის მიღების თხოვნით წერილობითი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, ამ ინფორმაციის მფლობელი ვალდებულია განმცხადებელს მისი გაცნობის საშუალება 10 დღის განმავლობაში მისცეს. ასევე, ინფორმაციის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია განმცხადებელს ამის შესახებ სამი დღის განმავლობაში აცნობოს და მისი უფლებები და გასაჩივრების წესიც განუმარტოს. ქართულ კანონმდებლობაში არის რიგი სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც ინფორმაციის თავისუფლებას ეხება: საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, ასევე, ცალკეული მუხლები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში.
2008 წლის 26 ნოემბერს საქართველომ ევროპის საბჭოს მიღებულ “ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის კონვენციას” მოაწერა ხელი. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა და ქვეყნის პარლამენტმა, საქართველოს რესპუბლიკის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაციის გაცემის სფეროში სახელმწიფო დაწესებულებების ანგარიშვალდებულება პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანეს. “ყოველი წლის 10 დეკემბერს საჯარო დაწესებულება ვალდებულია ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს”, - ვკითხულობთ კანონის 49-ე მუხლში.
თუმცა მიუხედავად ინფორმაციის საჯაროობის სფეროში არსებული “იდეალური” სამართლებრივი ბაზისა, ჟურნალისტებს ინფორმაციის მიღება მაინც უჭირთ, საკუთარი უფლებების დაცვის კანონის ძალით მოთხოვნა კი მეტად ძვირი უჯდებათ.
ნინო ზურიაშვილი უკვე მერამდენე წელია სასამართლოებში სიმართლის გაგების უფლების დასაცავად იბრძვის. ხაშურის სასამართლოში ინფორმაციის გაცნობაზე უარის მიღებისა და ბორჯომის სასამართლოში პროცესის წაგების მიუხედავად, ნინო ზურიაშვილს იმედი აქვს, რომ ჟურნალისტებისა და უბრალო მოსახლეობის საჯარო და ღია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დასაცავად არსებული კანონები საქართველოში მომავალში მაინც ამუშავდება.
“ჩვენ არ გვაძლევს ინფორმაციას თბილისის მერია, პროკურატურა, სასამართლო, საკრებულო... “Oპენ პუბლიც ინფორმატიონ” ანუ საჯარო ინფორმაციას ვერცერთი უწყებიდან ვიღებთ. სასამართლოში საჩივარი შევიტანეთ და პროცესი უკვე 2-3 წელიწადია მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია, რასაკვირველია, აღარ გვჭირდება, მაგრამ უკვე პრინციპის საქმედ იქცა. ჩვენ კარგი კანონები გვაქვს. შესანიშნავია, რომ კანონები კარგია და ცუდია, რომ ისინი არ სრულდება. თუმცა იმედი არის, რომ ეს კანონები მომავალში მაინც დაიწყებს მუშაობას”, - ამბობს სტუდია “მონიტორის” თანამშრომელი ნინო ზურიაშვილი.
ამერიკელი ჟურნალისტის, პროფესორ ბრანტ ჰიუსტონის აზრით, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურა ინფორმაციას არ გასცემს, ამ თემის მიტოვება არ შეიძლება და მას სხვა მხრიდან უნდა მივუდგეთ.
“თუ ინფორმაციას თქვენ არ გაძლევენ, შესაძლოა, ის სხვა ქვეყანას, სხვა ქვეყნის ორგანიზაციას მისცენ. მაგალითად, თუ ანგარიშები კეთდება, ვთქვათ, მსოფლიო ბანკისთვის ან რომელიმე მსგავსი ორგანიზაციისთვის. ზოგჯერ ინფორმაციის მოპოვება სხვა ორგანიზაციის, ან სულაც სხვა ქვეყნის “გავლით” შეიძლება მოახერხოთ”, - ამბობს ჟურნალისტიკის ექსპერტი, პროფესორი ბრანტ ჰიუსტონი.
მისი თქმით, საუკეთესო გამოსავალი მონაცემთა საკუთარი ბაზის შექმნა და ინფორმაციის თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ შეგროვებაა.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი