სასამართლო გადაწყვეტილება, რომელმაც ვერაფერი შეცვალა


სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის ირგვლივ დაწყებული დაპირისპირება ვერც სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ დასრულდა. დავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მივიდა.  

თამუნა უჩიძეახალციხე    

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 29 აპრილს სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის სასარგებლოდ გამოიტანა.

უარი ეთქვას მოსარჩელეს, გენადი ენდელაძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, ხელშეკრულების გაუქმებაზე მისი უსაფუძვლობის გამო”, - ნათქვამია ახალციხის რაინული სასამართლოს გადაწყვეტილების (საქმე #3/0014-11.) სარეზოლუციო ნაწილში.

გენადი ენდელაძე, რომლის პირად საკუთრებასაც წარმოადგენს ყოფილი ყველ-კარაქის ქარხანა, სადაც ამჟამად აბასთუმნის საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, 1991 წლის პირველ ნოემბერს ვარხნის საკრებულოსთან დადებული ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდა. აღნიშნულის თანახმად, ენდელაძემ საკუთრებაში არსებული შენობა ვარხნის საკრებულოს უვადოდ იმ პირობით გადასცა, რომ აქ სოფლის სკოლა დაიწყებდა ფუნქციონირებას.  

ხელშეკრულების დამდები მეორე მხარე აღარ არსებობს, ამდენად, სასამართლოს ხელშეკრულების გასაუქმებლად ყველა პირობა ჰქონდა”, - ამბობს გენადი ენდელაძის ადვოკატი გიორგი ჯვარიძე.

მისი თქმით, ვარხნის საკრებულო 2006 წელს გაუქმდა და სკოლა განათლების სამინისტროს პირდაპირ დაქვემდებარებაში გადავიდა: ხელშეკრულების დამდები მხარე აღარაა და რა დატოვა სასამართლომ ძალაში?! ვერც გაიგებ რა დოკუმენტია, ხელშეკრულების ფორმაც კი არაა დაცული”.  

ჯვარიძის განმარტებით, ენდელაძე ითხოვდა აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმებას და განათლების სამინისტროსთან ან ადგილობრივ თივთმმართველობასთან ახალი დოკუმენტის გაფორმებას: ვიღაცა მაინც რომ ყოფილიყო პასუხისმგებელი ამ შენობაზე. ასევე გვინდოდა შენობა  უზურფრუქტის წესით გადასცემოდა სკოლას. ასე მისი გარემონტების საშუალებაც ექნებოდათ და აღარც ენდელაძე გადაიხდიდა ქონების გადასახადს”.   

სასამართლომ ყველაფერი საწყის პოზიციაზე დატოვა: შენობა ენდელაძის საკუთრებად დარჩა, სკოლა კვლავ ძველი ხელშეკრულებით სარგებლობს, მიწის გადასახადს ისევ ენდელაძე იხდის და რაც მთავარია, ავარიული სკოლის გარემონტების საკითხი ღიადაა დარჩენილი.

განათლების სამინისტროს თანხმობის გარეშე სკოლა უზურფრუქტის ხელშეკრულებას ერთპიროვნულად ხელს ვერ მოაწერდა. ამ ხელშეკრულების გაფორმება სამინისტროს უნდა ჩაეთვალა მიზანშეწონილად. მე, როგორც ადვოკატს, არ მაქვს უფლებამოსილება ეს საკითხი გადავწყვიტო. განათლების სამინისტროს წარმომადგენელი კი სხდომაზე არ გამოცხადდა”, - აცხადებს სკოლის ინტერესების დამცველი ეკა აბაშიძე და ამატებს, რომ შესაძლოა, განათლების სამინისტრომ აღნიშნულ შენობაზე საკუთრების აღიარების შესახებ გამოძიება თვითონ დაიწყოს. 

აბაშიძის განცხადებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა აშკარად უჭერდა მხარს ენდელაძეს: ეს შეუსაბამობაა, რადგან აქ ერთი პიროვნების კი არა, 75 ბავშვის ბედი წყდებოდა”.

ჯვარიძე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლეზე ზეწოლა განხორციელდა: “ბუნტსმოერიდნენ, ეს ხალხი ყველაფერზეა წამსვლელი, სასამართლოში საქმის წარმოების პარალელურად, საჩივრები შედიოდა გამგეობაში, გუბერნიასა და პოლიციაში. ამ ყველაფერმა გავლენა იქონია სასამართლოზე, მოერიდნენ სიტუაციის დაძაბვას”.

ენდელაძე გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს. ხარჯი ტყუილად უნდა გავწიოთ, მაინც არაფერი შეიცვლება”, - აცხადებს ჯვარიძე.

გადაწყვეტილების გამოტანასა და სასამართლოში დავის დასრულებას, არც ენდელაძისთვის და არც სკოლისთვის, ფაქტობრივად, არაფერი შეუცვლია. დაპირისპირება სოფელში კვლავინდებურად გრძელდება. ამჯერად აბასთუმნის მკვიდრმა შოთა ველიჯანაშვილმა, სოფლის მცხოვრებლებისა და პედკოლექტივის სახელით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის სახელზე ენდელაძის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. მასში ენდელაძე ნარკოტიკების შენახვასა და მოხმარებაში, აბასთუმანში მცხოვრებთა დაშანტაჟებაში, იარაღის უკანონოდ ტარებასა და ქონების უკანონოდ მითვისებაშია დადანაშაულებული.

“...ენდელაძე აფერისტული გზით დაეუფლა ბევრ სიმდიდრეს, მოახერხა დოვლათის დაგროვება, სხვისი ნაძარცვი ფულებით იყიდა აბასთუმანში აბანო, საცურაო კომპლექსი... ამ შენაძენს არ დასჯერდა და მუქთად შეიძინა კურცხანას წყალსადენი, რომელიც ხუთ სოფელს ამარაგებდა, როგორც სასმელი, ასევე სარწყავი წყლით, შემდეგი პირობით, რომ გაეუმჯობესებინა სოფელში მცხოვრებთა საყოფაცხოვრებო პირობები. მან ისარგებლა რა აქაური მაცხოვრებლების გულუბრყვილობით, მთლიანად დაიტაცა დიდი ზომის მილები, ამოჭრა სარეზერვო ტექნიკა და გაყიდა...

სასამართლოს არავინ დაუსჯია, სრული განუკითხაობაა, ხალხი დაშინებული ჰყავს და ატერორებს მას” (“.”. სტილი დაცულია), - ნათქვამია 18 მაისს ივანე მერაბიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში.

პასუხი 12 დღეში მიიღეს: გაცნობებთ, რომ 2011 წლის 18 მაისს, ადიგენის რაიონულ სამმართველოში შემოსული იქნა განცხადება ადიგენის რაიონის სოფელ აბასთუმანში მცხოვრები გენადი ენდელაძის მხრიდან სხვა და სხვა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი განცხადებაში მოყვანილი ფაქტები, რომლებიც არ შეიცავენ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს, რის გამოც შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოში გამოძიება არ დაწყებულა და აღნიშნულ განცხადებას არ მისცემია შემდგომი სამართლებრივი მსვლელობა”, - ნათქვამია შსს ადიგენის რაიონული სამმართველოს აბასთუმნის განყოფილებიდან მიღებულ წერილში, რომელსაც თეიმურაზ მსხვილიძე აწერს ხელს (დოკუმენტი #0000617169. 30.05.2011).

აღნიშნული პასუხის შემდეგ, ჯვარიძეს უკვირს, რატომ არ მიეცა შოთა ველიჯანაშვილი პასუხისგებაში ცრუ დასმენისათვის. რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 373- მუხლის თანახმად, “დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენაკანონით ისჯება.   

რთულია ივარაუდო, განმუხტავს თუ არა სოფელში არსებულ დაპირისპირებას შსს-დან მოსული პასუხი. თუმცა, ახლა ყველზე უფრო მნიშვნელოვანი, იმ 75 ბავშვის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა, რომლებიც ავარიულ შენობაში სწავლობენ.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი