თამარ თოთაძე, ახალციხე
აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი
23 მაისიდან 1 ივნისამდე საქართველოს 1520
სკოლაში პირველი კომპიუტერული საატესტატო გამოცდები მიმდინარეობდა.
გამოცდა რვა საგანში ჩატარდა. გამსვლელი ბარიერი გამოცდების დამთავრების შემდეგ დადგინდა.
იმის გათვალისწინებით, რომ წელს საატესტატო გამოცდები პირველად ჩატარდა, ის მოსწავლე, რომელმაც რვა საგნიდან ნებისმიერ სამ საგანში მინიმუმ 5,2 ქულა მიიღო, ხოლო დანარჩენ 5 საგანში 5,5 და მეტი, სკოლის დამამთავრებელი ატესტატის გარეშე არ დარჩება. იგივე წესი ვრცელდება არაქართულენოვან სკოლებზეც, ერთი გამონაკლისის გარდა, ამ სკოლებში ქართულ ენაში დადებით შეფასებად 5,1 ქულა განისაზღვრა.
საქართველოს მასშტაბით საატესტატო გამოცდა 50 ათასამდე მეთორმეტეკლასელმა ჩააბარა. მათ შორის, მოსწავლეთა 30-მა პროცენტმა ცოდნის მაღალი დონე გამოავლინა, ხუთმა პროცენტმა კი საუკეთესო შედეგი აჩვენა.
შედეგები - ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტში 2011 წელს სკოლა 600-მდე ახალგაზრდამ დაამთავრა. მათგან რამდენი მიიღებს ზოგადი განათლების დამადასტურებელ ატესტატს, ჯერ ცნობილი არ არის.
ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, რომ მოსწავლეებს საკუთარი შედეგების გაგება ინტერნეტის საშუალებით შეუძლიათ.
“მუნიციპალიტეტის მასშტაბით უმნიშვნელო რაოდენობა იქნება იმ ბავშვებისა, ვინც მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა და ატესტატის გარეშე დარჩა. დიდ სკოლებში, 95-100 ბავშვიდან შეიძლება დაახლოებით 3-5 ბავშვი იყოს ასეთი”, - ამბობს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი გიორგი დალალიშვილი.
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მატემატიკის მასწავლებელი ბადრი კაპანაძე ამბობს, რომ საატესტატო გამოცდაზე მოსწავლეებმა მიღებული ცოდნის გამომჟღავნება შეძლეს. თუმცა, იყვნენ ისეთი მოსწავლეებიც, ვინც დაბალი ქულები მიიღეს: “მიზეზი ისაა, რომ გამოცდებისთვის მზად არ იყვნენ. ეგონათ, რომ ატესტატს ყველა მიიღებდა და არასათანადოდ ემზადებოდნენ. იცოდნენ, რომ გამოცდები ჩატარდებოდა, მაგრამ ბოლომდე არ სჯეროდათ”.
ის მოსწავლეები, ვინც წელს რომელიმე საგანში მინიმალური ბარიერი ვერ გადალახა, ამავე გამოცდას მომავალ წელს ჩააბარებენ. სხვა საგანში მიღებული ქულები შეენახებათ.
ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი მაია მექვაბიშვილი გამოცდის შედეგებით კმაყოფილია. მოლოდინი, რომ საბუნებისმეტყველო საგნების ჩაბარება მოსწავლეებს გაუჭირდებოდათ, არ გამართლდა: “ბავშვები დაინტერესდნენ და ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ ამ საგნების მნიშვნელობას”.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს “ოქროს ბავშვები” უწოდა. ისინი პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდებიან. მათ შორის სამი მოსწავლე ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების კურსდამთავრებულია.
“ესენი არიან ვალის პირველი საჯარო სკოლის და ახალციხის პირველი და მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეები”, - ამბობს გია დალალიშვილი.
შედეგები - ახალქალაქი
ქალაქ ახალქალაქის ხუთი სკოლის 136 კურსდამთავრებულიდან 17-მა მოსწავლემ ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა, მათი ატესტატების ბედი ჯერ გაურკვეველია. საბოლოო შედეგები 14 ივნისს გახდება ცნობილი, როცა მათი და საქართველოში მცხოვრები კიდევ ბევრი, მსგავს სიტუაციაში მოხვედრილი სკოლადამთავრებულის ბედი გადაწყდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 50 სკოლიდან ტესტირება 30-ში გაიმართა. ახალქალაქის პირველი საჯარო სკოლა 35-მა ბავშვმა დაამთავრა, მათგან ბარიერი 30-მა მოსწავლემ გადალახა, დანარჩენებმა კი ეს ვერ შეძლეს. მათ შორის არიან ისინიც, რომელიც წარმატებულ მოსწავლეებად ითვლებოდნენ.
მაქსიმ ხტრიანი სკოლაში ყოველთვის წარმატებული მოსწავლე იყო და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იგი ბარიერს ვერ გადალახავდა. მაქსიმი სამხატვრო სკოლაშიც სწავლობდა და სომხეთის სამხატვრო ინსტიტუტში აპირებდა სწავლის გაგრძელებას, თუმცა, დღეს მისი გეგმები მთლად გარკვეული აღარ არის.
მაქსიმის მსგავს სიტუაციაში ჩავარდნილ მოსწავლეებს სხვა სკოლებშიც შეხვდებით.
“აღარ ვიცი, რა ვქნა. სხვადასხვა საგნებში განსხვავებული ქულები მოვაგროვე, მეგონა, რომ გამოცდას წარმატებით ჩავაბარებდი და ატესტატსაც ავიღებდი, მაგრამ როცა ბარიერი დადგინდა, აღმოჩნდა, რომ ვერ გადავლახე. ყველაზე დაბალი ქულა ისტორიაში ავიღე. მინდოდა ერევნის უმაღლეს სასწავლებელში ჩამებარებინა, ახლა კი აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე”, - ამბობს ერთ-ერთი სკოლის კურსდამთავრებული მარაბიანი.
ახალქალაქის მე-2 რუსული სკოლის 37-მა მეთორმეტეკლასელმა ბარიერი გადალახა, კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ ერთი მოსწავლე რჩება. მე-3 ქართულ სკოლას 17 კურსდამთავრებული ჰყავდა, ბარიერის გადალახვა მათგან სამმა მოსწავლემ ვერ შეძლო. მე-4 სკოლის 33 მოსწავლიდან გაურკვეველი მხოლოდ ორი მოსწავლის საკითხია. მე-5 სკოლიდან გამოცდაზე 13 მოსწავლე გავიდა და მათგან ბარიერის გადალახვა ექვსმა ბავშვმა ვერ შეძლო.
მოსალოდნელია, რომ ბარიერის მიღმა ერთი საგნის მიხედვით დარჩენილ მოსწავლეთა ბედი მათ სასარგებლოდ გადაწყდება, თუ სამინისტრო ქულების გადახედვას მათი დამრგვალების პრინციპით გადაწყვეტს.
საატესტატო ბარიერს მიღმა დარჩენილთა შორის არიან ცუდი მოსწრების მოსწავლეებიც, რომელთაგანაც გამოცდის წარუმატებლად ჩაბარებას მასწავლებლები ელოდნენ კიდეც.
არიან მოსწავლეებიც, რომელთაც უმაღლესი ქულები დააგროვეს. ზოგი მოსწავლისთვის კი გამოცდის ჩაბარება-არჩაბარების საკითხს პრინციპული მნიშვნელობა არც ქონდა. მათ უბრალოდ უნარები მოსინჯეს, სწავლის გაგრძელებას არ აპირებენ. ერთ-ერთი მათგანი ლარისა შირინიანია.
“სხვადასხვა ქულა დავაგროვე, ძირითადად, 6.5 - 7 ქულა. ყველაზე დაბალი ქულა – 5.9 მათემატიკაში ავიღე. ძალიან რთული არ იყო, გაცილებით უარესი წარმომედგინა. მომავალში ჩაბარებას არსად ვაპირებ”, - ამბობს იგი.
საქართველოს მასშტაბით საატესტატო გამოცდებში მონაწილე 50 ათასი მოსწავლიდან, ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია 35 ათასმა აბიტურიენტმა გაიარა. ის მოსწავლეები, ვინც ატესტატის გარეშე დარჩნენ, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას ვერ შეძლებენ.
მსგავსი გამოცდები მომავალ წელსაც ჩატარდება. უკვე დადგენილია, რომ მომავალ წელს გამსვლელი ბარიერი ყველა საგანში 5,5, ხოლო არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის ქართულ ენაში 5,3 ქულა იქნება.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი