20 ივნისიდან საქართველოში მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაცია შეიცვალა.
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
ახალი წესის მიხედვით შეიცვალა მობილური ოპერატორების აბონენტებთან და მობილური ოპერატორების ქსელებს შორის განსახორციელებელი ზარების კოდები. მობილური ქსელის ორნიშნა კოდებს დაემატა “5” (მაგალითად: თუ აქამდე პირველ ციფრად “8” იკრიფებოდა, ახალი ფორმატი ასეთია: 5XX XX XX XX). ფიქსირებული ტელეფონიდან მობილური ქსელის აბონენტთან დასარეკად უნდა აიკრიფოს კომბინაცია: 8-5XX XX XX XX.27 ივნისიდან მობილური პრინციპით მომუშავე ფიქსირებული სატელეფონო ქსელების ნუმერაციაც იცვლება. უკაბელო ფიქსირებული ტელეფონის ნომრებს დასაწყისში დაემატება “7”. მაგალითად, აბონენტის ნომერი 90-99-99-99 შეიცვლება ნომრით: 790-99-99-99. ფიქსირებული საკაბელო ტელეფონიდან უნდა აიკრიფოს შემდეგნაირად: 8-790-99-99-99.
4 ივნისს საქართველოში ადგილობრივი ფიქსირებული სატელეფონი ქსელების ნომრები შეიცვალა. თბილისში სატელეფონო კავშირი მთლიანად ნუმერაციის 7-ციფრიან სისტემაზე გადავიდა, რეგიონებში კი – 6-ციფრიანზე. მოქმედ ნომრებს დასაწყისში “2” დაემატა, დანარჩენი ციფრები კი უცვლელი დარჩა.
ტელეფონის ნომრების სიგრძე არ შეცვლილა მხოლოდ ქალაქ რუსთავში, სადაც ადგილობრივი ფიქსირებული სატელეფონო ქსელების ექვსნიშნა ნომრებში საწყისი “1”-იანი “2”-ით ჩანაცვლდა, დანარჩენი ციფრები კი იგივე დარჩა.
2010 წლის 25 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება “ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დამტკიცების შესახებ”. დოკუმენტის თანახმად, ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლა, მთავრობის მიერ 2011 წლის 2 აპრილს გაწერილი გეგმის შესაბამისად, 2011 წლის მიწურულს დასრულდება.
საზღვარგარეთიდან საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალურ-ადმინისტრაციულ ცენტრებში დასარეკად უნდა აიკრიფოს “+”, ქვეყნის კოდი “995”, ქალაქის ახალი კოდი და აბონენტის ნომერი.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი