საქართველოში თამბაქოს მოხმარებას წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებს. ახალქალაქში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ სიგარეტს გამოკითხულთა 45 პროცენტი ეწევა.
საქართველოში 31 მაისს სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა “მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე”. ჯონ ჰოპკინსის სახელობის ამერიკულმა უნივერსიტეტმა მსოფლიოს ყველაზე მწეველი ქვეყნების დადგენის მიზნით ორწლიანი კვლევა ჩაატარა და დადგინდა, რომ ამ რეიტინგში საქართველო მეოთხე ადგილზეა.
“სამხრეთის კარიბჭემ” ახალქალაქის ქუჩებში სხვადასხვა სქესისა და ასაკის 50 ადამიანი გამოკითხა. გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ ქალებში მოწევა პოპულარული არ არის. რესპონდენტთაგან მხოლოდ 19 ადამიანი ეწევა, თამბაქოს მოხმარების დაწყების საშუალო ასაკი კი 20-23 წელია. 28 გამოკითხული არ ეწევა, მათ შორის რვა ქალბატონია. გამოკითხულთაგან ოთხი კაცი და ყველა ქალი არასდროს ეწეოდა, დანარჩენები კი მოწევას სხვადასხვა მიზეზებით პერიოდულად ანებებდნენ თავს.
სამველ იგიტიანი ეწევა, მაგრამ ფიქრობს, რომ ადამიანმა ყველაფერი ზომიერად უნდა აკეთოს. ეს მოწევასაც ეხება.
“მოწევა 30 წლისამ დავიწყე, “თავგადაკლული” მწეველი არ ვარ, ერთი კოლოფი ორ დღეს მყოფნის. არ ვეწევი, სანამ საჭმელს არ შევჭამ. თავიც კი დამინებებია, შემდეგ ვფიქრობდი, რამდენი წლის სიცოცხლე დამრჩა, რომ არ მოვწიო?! სხვა პრობლემებიც უამრავია. ვიცი, სასარგებლო არ არის, მაგრამ არც მაინცდამაინც საზიანოა. ადამიანმა ყველაფერი ზომიერად უნდა აკეთო. ზომიერებად კი დღეში ნახევარ კოლოფს მივიჩნევ. არ ვეწევი ოთახში, სადაც მძინავს. ახალგაზრდები საერთოდ არ უნდა მიეკარონ თამბაქოს”, - ამბობს იგი.
მერაბ ალელიშვილი არ ეწევა და ფიქრობს, რომ თუ ერთხელ დაიწყებ მოწევას, მერე თავს ვერასდროს დაანებებ: “საკუთარი ნებით სიგარეტის გადაგდება შეუძლებელია. ზოგჯერ, მაინტერესებს და სხვებს ვეკითხები, როგორ დაანებეს თავი, ექიმმა ურჩია თუ ავად გახდნენ. მოწევაზე თავის დანებებაში რეკლამა ვერ დაგვეხმარება. მწეველი რომ ვიყო, თავს ვერ დავანებებდი. ყველა, ვინც სტუდენტობის წლებში ეწეოდა, მარიხუანაზე გადავიდა. არამწეველი ადამიანი ნარკოტიკსაც არასდროს გაეკარება”.
სიგარეტში დაახლოებით 6-8 მგ ნიკოტინია, საიდანაც 3-4 მგ სისხლში ხვდება. სიგარეტიდან მიღებული მავნე ნივთიერებები სისხლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციაში – სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილისთვის ჟანგბადის მიწოდებაში დაბრკოლებებს აჩენს. განსაკუთრებით მავნებელია კვამლი სიგარეტის ბოლოსკენ. ის 5-ჯერ მეტ ნახშირბადის ჟანგს, 4-ჯერ მეტ ბენზიპირენს, 3-ჯერ მეტ ნიკოტინსა და კუპრს, 46-ჯერ მეტ ამიაკს და სხვა მომწამვლელ ნივთიერებებს შეიცავს.
მოწევა მამაკცებში 7 სახეობის, ხოლო ქალებში 9 სახეობის სიმსივნის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს. თამბაქოს მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ფილტვის კიბო, არამედ ტუჩების, პირის ღრუსა და ტრაქეის სიმსივნე. ფილტვის კიბოთი დაავადებულთა 90 პროცენტი მწეველია. თამბაქოს მომხმარებლები უფრო ხშირად ავადდებიან წყლულოვანი ავადმყოფობებით, ბრონქიტით, ათეროსკლეროზით, აუტოიმუნური დაავადებებით. განსაკუთრებით სახიფათოა მოწევა ორსულობის დროს, რადგან დედის სისხლში მოხვედრილი ნიკოტინი ნაყოფის სხეულშიც აღწევს.
მოწევა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მავნე ჩვევაა. თამბაქოს მოხმარება ზიანს აყენებს არამხოლოდ მწეველებს, არამედ მათ გარშემომყოფებსაც. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები და არა მხოლოდ ისინი, თამბაქოს
ყველა შესაძლო მეთოდებით ებრძვიან. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია 1988 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 31 მაისის გამოცხადება “მსოფლიო დღედ თამბაქოს გარეშე”. 2011 წლის “მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე” ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის ჩარჩო ხელშეკრულებას მიეძღვნა. ხსენებული კონვენცია მიღებულ იქნა 2003 წელს და ძალაში მხოლოდ 2005 წელს შევიდა. კონვენციაში მსოფლიოს 40 ქვეყანაა გაწევრიანებული. მისი მიღება თამბაქოს ეპიდემიის გლობალიზაციამ გამოიწვია და ესაა პირველი იურიდიული დოკუმენტი, რომლის მიზანიც მთელ მსოფლიოში თამბაქოს გამოყენების შემცირება და თამბაქოს მოხმარების შედეგად სიკვდილიანობის შემცირებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ფილტვის კიბოთი დაღუპულთა 90 პროცენტი, ქრონიკული ბრონქიტით გარდაცვლილთა 70 პროცენტი და გულის იშემიური დაავადებებით დაღუპულთა 25 პროცენტი მწეველი იყო. ყოველ მეათე წამზე პლანეტაზე კიდევ ერთი აქტიური მწეველი კვდება. 2020 წლისთვის ეს მონაცემი სამ წამში ერთ ადამიანამდე შეიძლება გაიზარდოს.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი