შინაური თუ საფირმო


ახალქალაქელები უპირატესობას ადგილობრივ რძის პროდუქციას ანიჭებენ, თუმცა, ხშირად ყიდულობენ საფირმო პროდუქტებსაც. სამხრეთის კარიბჭე გიამბობთ რძის პროდუქტების არჩევანსა და ამ არჩევანის მიზეზებზე.

შუშან შირინიანიახალქალაქი
იმის გასარკვევად ადგილობრივ რძის პროდუქტებს ამჯობინებს ქალაქის მოსახლეობა თუ სხვადასხვა კომპანიების წარმოებულს, “სამხრეთის კარიბჭემახალქალაქის ქუჩებში გამოკითხვა ჩაატარაგარდა ამისა, გაზეთი შეეცადა გაერკვია რძის რომელი პროდუქცია იყიდება უფრო კარგად ქალაქის ექვს მსხვილ მაღაზიაში.  


47 გამოკითხულიდან 18 მხოლოდ ქართული წარმოების რძის პროდუქციას ყიდულობს; 22- ადგილობრივი, შინაური პროდუქტი ურჩევნია, მაგრამ ყოველთვის ვერ შოულობს; 7 გამოკითხული კი მხოლოდ ადგილობრივ რძის პროდუქციას მოიხმარს.

ადგილობრივი თუ საფირმო პროდუქციის არჩევანს სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. ზოგი საფირმო პროდუქციის არჩევანს იმით ასაბუთებს, რომ ადგილობრივ რძის პროდუქტები არ მოწმდება, ზოგს შინაური პროდუქციის სუნი არ მოსწონს, ძირითადად კი, საფირმო ნაწარმს დაბალი ცხიმიანობის გამო ირჩევენ.

ჯულია ავეტისიანი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ისინი მხოლოდ ქართული წარმოების რძის პროდუქციას მიირთმევენ.

შინაური მაწონი, ხაჭო და არაჟანი არ მომწონს. მეც და ჩემი მეუღლეც ჯანმრთელობას ვუჩივით და ჩვენთვის ცხიმიანი პროდუქტის მიღება არ შეიძლება, შინაური არაჟნისა და ხაჭოს ცხიმიანობა კი ძალიან მაღალია. ძირითადად, ქართველი მწარმოებლების არაჟანსა და ხაჭოს ვყიდულობ, თუმცა, ხანდახან რუსული წარმოების - “Домик в деревне”- პროდუქტებსაც ვჭამთ, ადრე კი სომხურ რძის პროდუქციას ვყიდულობდი, თუმცა, დიდი ხანია ის ჩვენს მაღაზიებში აღარ იყიდება. საერთოდ, ყოველთვის კარგია, როცა ასორტიმენტი დიდია”, - ამბობს იგი.

სომხური წარმოების რძის პროდუქცია წელიწადზე მეტია ახალქალაქის მაღაზიების თაროებიდან გაქრა. ხალხი თავიდან, ჩვეულების ძალით, მაინც მოიკითხავდა ხოლმე სომხურ პროდუქტს, ახლა კი ისინი მიეჩვივნენ და ქართული წარმოების პროდუქციას ყიდულობენ.

ჩვენი გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობა ადგილობრივი წარმოების რძის პროდუქციას ამჯობინებს. სვეტა ალვარიანი მხოლოდ შინაურ არაჟანს, ხაჭოსა და რძეს მოიხმარს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო ძვირი უჯდება: ჩვენი არაჟანი, ხაჭო და რძე ძალიან გემრიელი და ეკოლოგიურად სუფთაა. სხვადასხვა ფირმების ამავე პროდუქციას არასდროს ვყიდულობ, გემო არ მომწონს. ადგილობრივი პროდუქცია, ჩვენს ხელფასთან შედარებით, ცოტა ძვირია, მაგრამ რას ვიზამთ”.

თუმცა შინაური არაჟანისა და ხაჭოს ყიდვას ნებისმიერ დროს ვერ შეძლებთ. ჩვენ რამდენიმე დღე დავდიოდით ქალაქის რძის პროდუქციის ბაზარში და ეს პროდუქტები ვერ ვნახეთ. იქ რძის ნაწარმიდან მხოლოდ რძე, ნაღების კარაქი და ყველი იყიდება. გამყიდველებმა აგვიხსნეს, რომ არაჟანსა და ხაჭოს მოსახლეობა ნაკლებად ყიდულობს.

წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პროდუქციის მყიდველი იქნება, რადგან თუ მოვიტანთ და დროულად ვერ გავყიდით, შეიძლება გაგვიფუჭდეს”, - გვითხრა ერთ-ერთმა გამყიდველმა.

არაჟანი და ხაჭო თვეში ერთხელ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დუხობორებს ქუჩებში დააქვთ. ეს პროდუქტები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ფერმერებსაც ჩამოაქვთ, მხოლოდ შეკვეთით.

ჩვენ ქალაქის ექვს დიდ მაღაზიას ვეწვიეთ და ადგილობრივი არაჟანი მხოლოდ ერთ მათგანში ვნახეთ, შინაური მაწონი კი ორ მაღაზიაში იყო. დანარჩენ მაღაზიებში კი მხოლოდ ქართული წარმოების რძის პროდუქცია იყიდებოდა. ორ მაღაზიაში რუსული რძის ნაწარმი, ასევე, სტერილიზებული რძეც ვნახეთ. კითხვაზე, რატომ არ იყიდება მათთან შინაური წარმოების პროდუქტი, გამყიდველებმა გვიპასუხეს, რომ ადგილობრივ ფერმერებს შესაბამისი საბუთის წარმოდგენა არ შეუძლიათ, დოკუმენტის გარეშე რაიმეს გაყიდვის უფლება კი მაღაზიებს არ აქვთ.

ხალხი ქართულ რძის პროდუქციასაც ყიდულობს და რუსულსაც. ქართული ფირმების დილერებს ახალი პროდუქტები ყოველ კვირას მოაქვთ, ვადაგასულ ნაწარმს კი ახლით ცვლიან. რუსული ფირმების დილერები მხოლოდ თვეში ერთხელ ჩამოდიან, თუმცა, ძველ პროდუქტებს ახლით ისინიც გვიცვლიან”, - აგვიხსნა ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველმა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი