მესამე წელიწადია, ჯავახეთის სომხური სკოლის მოსწავლეებს
“მოსწავლეთა გაცვლითი” პროგრამის ფარგლებში არჩევენ, რათა მათ აჭარის ქართულ სკოლებში საშემოდგომო ტრიმესტრის განმავლობაში ისწავლონ. მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
სოციალური მხარდაჭერის ცენტრისა და განათლების სამინისტროს პროექტი “მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა”, რომელიც ეუთო-ს უმცირესობათა საკითხების უზენაესი კომისრისა და “ოლაფ პალმეს” საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში
სომხური სკოლების 15-16 მოსწავლეს ირჩევს, რათა მათ საშემოდგომო ტრიმესტრი აჭარის ქართულ სკოლებში გაიარონ.
პროგრამაში მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ. ქართულ სკოლებში სასწავლებლად წასვლის მსურველთა რიცხვი 2011 წლის 10 ივნისისთვის უკვე 50 იყო. მსურველთა შორის უნდა აირჩეს 15 მოსწავლე, ან 20, დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შემთხვევაში. თავდაპირველად მოსწავლეები ქართული ენის ტესტს ჩააბარებენ. თუ ტესტს წარმატებით უფრო მეტი მოსწავლე გაივლის, ვიდრე პროგრამითაა გათვალისწინებული, დამატებით ინტერვიუები ჩატარდება.
მოსწავლეთა შერჩევაში მონაწილეობას სოციალური მხარდაჭერის ცენტრისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენელთაგან
შემდგარი სპეციალური კომისია მიიღებს. პროექტის კოორდინატორის, ნარინე გრიგორიანის თქმით, კონკურსის ობიექტურობაში ეჭვი რომ არავის შეეპაროს, ტესტირებას და ინტერვიუს შეიძლება სამი დამკვირვებელი – ბავშვის მშობელი, მასწავლებელი ან სკოლის დირექტორი დაესწროს.
მოსწავლეების მშობლები მათი შვილების ამ პროგრამაში მოხვედრით დაინტერესებულნი
არიან.
“მომმართავენ კითხვებით, რა შეიძლება გაკეთდეს და მთხოვენ დახმარებას, რათა მათი შვილების ამ კონკურსში გავიდნენ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ პროგრამაში ბავშვები ტესტებისა და ინტერვიუს მეშვეობით აირჩევიან, პატიოსნად და ობიექტურად”, - ამბობს პროექტის კოორდინატორი.
პროექტში მონაწილეობის მოთხოვნა ქართული ენის საწყის დონეზე ცოდნაა. ასევე, მოსწავლეებს კარგი სასკოლო შეფასება და საქართველოს სხვა რეგიონში სამი თვის გატარებისთვის შესაბამისი მოტივაცია უნდა ქონდეთ. სომხური სკოლების მოსწავლეები ტრიმესტრის განმავლობაში თავიანთი კლასელების ოჯახებში იცხოვრებენ: სარფში, გონიოში, ჭარნალში, კახაბერსა და ხელვაჩაურში.
ნარინე გრიგორიანის თქმით, სომხური სკოლების მოსწავლეები პროექტის დასრულების შემდეგაც ინარჩუნებენ კავშირს ოჯახებთან, სადაც აჭარაში სწავლის დროს ცხოვრობდნენ. ზაფხულობით ეს ბავშვები აჭარაში ისვენებენ, ზამთრობით კი მათი მასპინძელი ბავშვები ჩამოდიან დასასვენებლად ჯავახეთში.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი