საქართველოს პატრიარქი და სომეხთა კათალიკოსი სამცხე-ჯავახეთში


 დღეს სამცხე-ჯავახეთს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II და ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II ეწვივნენ. 


ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე






ქართველი და სომეხი სულიერი წინამძღვრები მრევლს ახალციხის ცენტრში, თამარ მეფის ძეგლთან შეხვდნენ. პატრიარქებმა ქართველი და სომეხი ერის დაახლოებასა და სახელმწიფოების გაძლიერებაზე ისაუბრეს.

‘’ჩვენ დღეს ვმყოფებით საქართველოს უძველეს კუთხეში და კიდევ ერთხელ ვმადლობთ უფალს, რომ გვაქვს საშუალება აქ ყოფნისა და ლოცვისა. მინდა გითხრათ, რომ უძველესია ისტორია ჩვენი ურთიერთობისა, უძველესი დროიდან იყო მხოლოდ თავდაჭერა და ურთიერთთანამშრომლობა. ეს ტრადაცია უნდა გაგრძელდეს საქართველოსა და სომხეთს შორის”, - მიმართა მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

ყოველთა სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ II-მ განაცხადა, რომ ამ დღით დაიწყო მამამთავრული ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში: ‘’მინდა მივმართო სომეხ მოსახლეობას, ალბათ, 100 წელზე მეტია, რაც მათი მამამთავარი აქ არ ყოფილა, ჩვენ ჩამოვედით სომხეთიდან სწორედ მამათავრული ვიზიტის განსახორციელებლად, სწორედ დღეს იწყება ჩვენი მამამთავრული ვიზიტი ჯავახეთში”.  

სამცხე-ჯავახეთის მოსაახლეობა ერის სულიერ მამებს ყვავილებით, დროშებით, სანთლებითა და მესხური მრავალჟამიერით შეეგება.

დღის მეორე ნახევარში გარეგინ II  ახალციხის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში მრევლს შეხვდა. სულიერმა წინამძღვარმა ამ შეხვედრაზეც ორი ერის ურთიერთობის განმტკიცებაზე ისაუბრა. 

დელეგაციის წევრები ხვალ ასპინძასა და ახალქალაქში გაემგზავრებიან.
გარეგინ II, თანმხლებ პირებთან ერთად, ხვალ ახალქალაქის სურბ ხაჩის სახელობის ეკლესიაში ლოცვას აღავლენს, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება და მოინახულებს მიქაელის სახელობის ქართულ ეკლესიასა და ტურინის სუდარის მუზეუმს;

სომხეთის დელეგაცია საქართველოს 10 ივნისს ეწვია. ვიზიტი 15 ივნისს დასრულდება.














No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი