ვწვავთ, ანუ ვანადგურებთ?!


საქართველოში ერთ-ერთ სერიოზულ გარემოსდაცვით პრობლემას ნარჩენებით და საშიში ქიმიური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურება წარმოადგენს. მათ შორისაა სამედიცინო ნარჩენებიც, რომელიც ხშირად გაუვნებელყოფის გარეშე ხვდება საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელებზე ან ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე იწვება


მანანა სარაშვილიახალციხე
 

სამედიცინო ნარჩენებს განეკუთვნება, როგორც სამედიცინო ქმედებების შედეგად მიღებული ნარჩენები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ინფიცირებულია, ასევე საავადმყოფოებიდან, სანატორიუმებიდან, ლაბორატორიებიდან, კვლევითი ინსტიტუტებიდან და ფარმაცევტული მრეწველობიდან მიღებული ნარჩენები.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობისინფორმაციით, ამ სახის ნარჩენების განთავსება ნაგავსაყრელებზე ან გაშვება საკანალიზაციო სისტემაში (თხევადი ნარჩენი) დღეისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ამჟამად არ არსებობს სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო შეგროვების, ტრანსპორტირების ან განთავსების სისტემები.

სამკურნალო პროფილაკტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვის და გაუვნებლობის სანიტარული წესებისთანახმად, სამედიცინო ნარჩენების ღიად შენახვა და მათთან პერსონალის კონტაქტი არ შეიძლება. სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენი უნდა ნადგურდებოდეს ცენტრალიზებულად მსხვილი ნაგავსაწვავი ქარხნების ღუმელში.  

იმის გამო, რომ საქართველოში არ არსებობს ქარხნები და მსგავსი ღუმელი, რეგიონებში არსებული სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობა ნარჩენებს საავადმყოფოს ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ ორმოებში სწვავს.

სამედიცინო ნარჩენების გასანადგურებლად მსგავს მეთოდს იყენებს აბასთუმნის რესპუბლიკური ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს ხელმძღვანელობაც. როგორც ტუბსაავადმყოფოს დირექტორი თამაზ ქააძე ამბობს, სამედიცინო ნარჩენების გასანადგურებლად შემუშავებულია სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ხდება ნარჩენების გაუვნებელყოფა: საავადმყოფოს ეზოში გაკეთებული გვაქვს ორმო, სადაც ვწვავთ სამედიცინო ნარჩენებს, შემდეგ ნამწვს ვაყრით მიწას. ახალი ნარჩენების გასანადგურებლად ისევ იმ ადგილას ვაკეთებთ ახალ ორმოს. ნარჩენების ასე განადგურება მიღებულია, რადგან მთელი საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები ასე ანადგურებენ ნარჩენებს”.

მისივე თქმით, სანიტარულ-ჰიგიენურ განყოფილებაში აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად მედდა დაინიშნა: მედდის მეთვალყურეობით ხდება სამედიცინო ნარჩენების განადგურება”. 

იმისთვის, რომ დეტალურად გაგვეგო, როგორ ნადგურდება ნარჩენები და რა პერიოდულობით, მედდასთან გასაუბრება ვცადეთ. ტუბსაავადმყოფოს დირექტორმა ამის საშუალება არ მოგვცა, იმ მოტივით, რომ მას ბევრი საქმე ჰქონდა და ჩვენთან საუბრისთვის ვერ მოიცლიდა.

ორმო, სადაც სამედიცინო ნარჩენები იწვება, შენობიდან დაახლოებით 100 მეტრითაა დაშორებული. არ არის გამორიცხული, რომ ნამწვის კვამლი როგორც ტუბსაავადმყოფოს შენობაში, ასევე რამდენიმე მეტრში განთავსებულ კორპუსებშიც შედიოდეს. გარდა ამისა, არსებობს ნამწვის ნიადაგში გაჟონვის საფრთხეებიც.

ახალციხეში არსებული სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობა, მათ შორის, ახალციხის რაიონული საავადმყოფო და ახალციხის რაიონული პოლიკლინიკა, ნარჩენებს ანალოგიური მეთოდით ანადგურებენ.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობისთავმჯდომარის ნინო ჩხობაძის თქმით, ორმოებში სამედიცინო ნარჩენების დაწვა ყოვლად დაუშვებელია, ნარჩენების ასეთი მეთოდით განადგურება საშიშროების დიდ კერას ქმნის: სამედიცინო ნარჩენების განადგურება სპეციალურ დანადგარში უნდა მოხდეს, რომელშიც შესაძლებელი იქნება დაახლოებით 300 გრადუსის მიღება. ორმოში სამედიცინო ნარჩენების დაწვის დროს შესაძლებელია ტუბერკულიოზის ჩხირები გადარჩეს და შემდგომში გაჟონოს ნიადაგში. შემდეგ ნიადაგიდან ჩხირი შეიძლება მოხვდეს ბალახში, რომელსაც ცხოველების საკვებად იყენებენ. ამ შემთხვევაში იწამლება რძის პროდუქტებიც. შესაძლებელია დაბინძურდეს სასმელი წყალიც”.

სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმ- ჰიგიენისტების განცხადებით, სამედიცინო ნარჩენების, ფოთლებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაწვა ჰაერს სხვადასხვა ორგანული ნივთიერებებით აბინძურებს. წარმოიქმნება ისეთი მდგრადი ორგანული დამაბინძურებელი, როგორიცაა დიოქსინი, ის მეტად მოძრავია და დიდ ადგილზე გადაადგილდება. ამდენად, ჰაერიდან შეიძლება დაბინძურდეს წყალი, ნიადაგი და საკვები პროდუქტები.         

ექიმ-ჰიგიენისტების თქმით, დიოქსინი ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა კვებითი ჯაჭვით მოხვდეს და განვითარდეს დიოქსინური ინტოქსიკაცია.

მათი თქმით, დიოქსინი ცნობილი კანცეროგენების რიცხვშია შესული და არაერთი კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ იწვევს სიმსივნეს, მკვდარშობადობას, ბავშვები იბადებიან თანდაყოლილი მანკით და სხვადასხვა სიმახინჯეებით.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობისინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში მონიტორინგს ამჟამად არავინ ახორციელებს.

 სამედიცინო დაწესებულებების შემოწმებას წესით შესაბამისი სანიტარული სამსახურები უნდა ახდენდნენ. მსგავსი სამსახური საქართველოში 2006 წელს გაუქმდა. ამჟამად ვინ ახორციელებს კონტროლს სამედიცინო ნარჩენებზე ჩვენთვის უცნობია”, - ამბობს ნინო ჩხობაძე.

აღნიშნული ორგანიზაციის განცხადებით, საფრთხეების თავიდან ასაცილებლად უნდა შემუშავდეს ნარჩენების მართვის გეგმა და რეგიონში უნდა გაკეთდეს ქარხანა, სადაც სპეციალურ ღუმელში მოხდება სამედიცინო ნარჩენების განადგურება. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხეები ყოველ წელს მოიმატებს.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი