“ისტორიული ვიზიტი” პოლიტიკური კონტექსტით

 აღუნიკ აივაზიანიახალქალაქი

სრულიად სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთსაც ეწვია. რა ხდებოდა სრულიად სომეხთა კათალიკოსის საქართველოში ჩამოსვლამდე, რა მნიშვნელობა ჰქონდა ვიზიტს, რა შედეგები მოიტანა სტუმრობამ და როგორ გაფორმდა ეს ყველაფერი საინფორმაციო სივრცეში.


პატრიარქის ვიზიტის მნიშვნელობა

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის უზენაესი პატრიარქის გარეგინ მეორის ვიზიტი საქართველოში ხუთ დღეს გაგრძელდა. გასული წლის ივნისისთვის დაგეგმილი სტუმრობა სხვადასხვა მიზეზების გამო რამდენჯერმე განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

ჯავახეთში სრულიად სომეხთა პატრიარქის მამა ხრიმიანის სტუმრობის შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა. ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს სულიერი წინამძღვარის ხილვისა და მისგან კურთხევის მიღების საშუალება ასი წლის შემდეგ მიეცათ. ისტორიული ვიზიტი ამ მოვლენას ჯავახეთის მოსახლეობამ უწოდა. ასეთივე შეფასება მისცა პატრიარქის სტუმრობას ოფიციალურმა თბილისმაც.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ისტორიული ვიზიტი იმ ისტორიული ურთიერთობის გაგრძელებაა, რაც ორ ერს  საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა და ეს ტრადიციული ურთიერთობა დღესაც გრძელდება”, - განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

ვიზიტამდე

სრულიად სომეხთა კათალიკოსის ვიზიტისთვის ივნისამდე დიდი ხნით ადრე დაიწყეს მზადება. ამ მოვლენისთვის ემზადებოდნენ საინფორმაციო სივრცეშიც. სხვადასხვა ორგანიზაციები პერიოდულად კათალიკოსისა და საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლებისადმი მიმართვებს ავრცელებდნენ. ამ მიმართვების ძირითადი პუნქტები ასეთი იყო:

  1. “1. საქართველოს სომხურ ეკლესიას მიეცეს სამართლებრივი სტატუსი.
  2. სომხური ეკლესიები დაუბრუნდეს საქართველოს სომხური ეკლესიის ეპარქიას.  
  3. ჯავახეთში შეიქმნას ცალკე ეპარქია.
  4. გაიგზავნოს ჯავახეთში ბევრი სულიერი მოღვაწე.
  5. ვიზიტის დროს პატრიარქი ახალციხის სურბ ნშანის ეკლესიას ეწვიოს.”

საქართველოს სრულიად სომეხთა ეპარქიას საქართველოში  იურიდიული სტატუსი არ აქვს. მრავალი წელია ეს საკითხი დროდადრო დღის წესრიგში ისმება, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სომხურ და ქართულ ეკლესიებს შორის სხვა საკამათო საკითხებიცაა, მათ შორის ეკლესიების წარმომავლობა.

წინასწარი შედეგები

სრულიად სომეხთა კათალიკოსს გარეგინ მეორეს ვიზიტის პირველ დღეებში ოფიციალური შეხვედრები და მოლაპარაკებები ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან. მხარეები ზოგიერთ საკითხზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე პრობლემების მოგვარების გზები დაზუსტდა. პირველ ეტაპზე საქართველოს სომხური ეპარქია იურიდიულ სტატუსს მიიღებს, იგივე მოხდება სომხეთში ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებითაც, მომდევნო ეტაპზე კი ეკლესიების დაბრუნების საკითხს განვიხილავთ. მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთში არასდროს იყო და არც იქნება რაიმე წინააღმდეგობა ქართული ეკლესიის რეგისტრაციისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე დამარწმუნა, რომ ჩატარდება ყველა საჭირო სამუშაო, რაც სჭირდება იმ სომხური ეკლესიების შენარჩუნებას, რომლებიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ასევე, აღდგენილ იქნება დანგრეული ეკლესიები”, - გაანაცხადა გარეგინ მეორემ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

გარდა ამისა, შეიქმნება კომისია, რომელიც სადავიო ეკლესიების საკითხს შეისწავლის.

საქართველოში სომხური ეპარქიის მეთაურის, იერომონაზონის ვაზგენ მირზახანიანის თქმით, ვიზიტი ისე წარიმართა, როგორც ეს ორი ქვეყნის ეკლესიების ურთიერთობას სჭირდებოდა. იგი მნიშვნელოვან მომენტად მიიჩნევს ფაქტს, რომ ორი ხალხის სულიერი წინამძღვრები ერთად ესტუმრნენ სომხურ და ქართულ ეკლესიებს, სკოლებსა და კულტურულ კერებს. ვაზგენ მირზახანიანი ამბობს, რომ ეს ვიზიტი ხალხზე მეტად დადებით გავლენას მოახდენს. კითხვაზე, როგორ მოგვარდება საეკლესიო დავები, ვაზგენ მირზახანიანმა უპასუხა: მოლაპარაკებების დროს ყველა საკითხი განსაჯეს. შეეხნენ სხვადასხვა თემებს, თუმცა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. უახლოეს მომავალში სომეხთა სულიერ ცხოვრებაში დადებითი ცვლილებები მოხდება”.

ვიზიტის საინფორმაციო ფონი

მედია-საშუალებები სრულიად სომეხთა პატრიარქის ვიზიტის განმავლობაში მიმდინარე შეხვედრებსა და ღონისძიებებს ყურადღებით ადევნებდნენ თვალს. ფართოდ შუქდებოდა ყველა ღონისძიება.  

სრულიად სომეხთა კათალიკოსის გერეგინ II ვიზიტის მიმდინარეობის, მნიშვნელობის, პოლიტიკური სარჩულის შესახებ უამრავი მასალა განთავსდა ინტერნეტშიც. ბევრი ჟურნალისტი ამ თემაზე საკითხში სრულიად გაუთვითცნობიერებლად წერდა. ასეთმა ანალიტიკურმა მასალებმა ვიზიტს მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობა მიანიჭა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი