საწვავის ფასმა კიდევ მოიმატა

გაძვირდება თუ არა ცხოვრება

ბოლო ორი კვირაა, ბენზინის ფასმა 15 თეთრით მოიმატა. რამდენად გაძვირდება ცხოვრება 2010 წელს და მოიმატებს თუ არა ფასები საკვებ პროდუქტებზე? 

25 დეკემბრიდან მოყოლებული მსოფლიო ბაზარზე 1 ტონა საწვავზე ფასები, საშუალოდ, 100 დოლარით გაიზარდა. საწვავის ფასმა საქართველოშიც მოიმატა. 

იანვრის პირველ რიცხვებში ყველა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასი 5 თეთრით გაიზარდა. 20 იანვარს კი ბენზინის ფასი კიდევ 10 თეთრით გაძვირდა. მაგალითად, რეგულარის ტიპის საწვავი, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა, ახლა 1.77 ლარი ღირს.  

სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ საწვავის გაძვირების გამო შედარებით ნაკლებ რეისს ასრულებენ. მიხეილ ქამაშიძე ახალციხე-ვარძიის მიმართულებით დადის. მგზავრობის ღირებულება, საწვავის გაძვირების მიუხედავად, ისევ ოთხი ლარია. 

“ორი დღეა, გაჩერებული ვართ. დღეში ორ რეისს ვაკეთებდი, მაგრამ დღეს ერთიც არ შემისრულებია. დილიდან აქ ვდგავარ, რომ მგზავრები შეგროვდეს. კიდევ არაა იმდენი ხალხი, რომ ფული საწვავისთვის მაინც იყოს საკმარისი”, - ამბობს მიხეილ ქამაშიძე.

ბენზინის გაძვირების მიუხედავად, იგივე ფასად ემსახურებიან კლიენტებს ტაქსის მძღოლებიც. 

“ფასს რომ მოვუმატოთ, მგზავრი აღარ გვეყოლება. შემოსავალიც ნაკლებია. თუ გვრჩებოდა ლარი, ახლა დაგვრჩება 50 თეთრი”, - ამბობს მძღოლი გურამ ყურმაშვილი. 

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი ცისკარა ზარანდია ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდის რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მათ შორის დოლარის მიმართ ლარის კურსის დაცემასაც.

მისივე განმარტებით, ფასების ზრდას იწვევს, ნავთობპროდუქტების მოხმარების ზრდაც. ასევე სხვადასხვა სპეკულაციური გარიგებები და მსხვილ ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში პოლიტიკური არასტაბილურობა.

მთელი წლის განმავლობაში ფასები საკვებ პროდუქტებზეც იზრდებოდა. ამ ინფორმაციას მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები ავრცელებენ. მათი ვარაუდით, ფასების ზრდა მიმდინარე წელსაც მოსალოდნელია. 

ზარანდია, სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდას ნავთობპროდუქტების ღირებულებით ხსნის: “ნავთობროდუქტებზე ფასები ერთგვარი მატარებელივით არის, სხვა ფასებთან მიმართებით”. 

ზაფხულიდან მოყოლებული 50 პროცენტით გაძვირდა რძე და რძის პროდუქტები. ბოლო თვეების განმავლობაში ბრინჯის ფასმა 20 პროცენტით მოიმატა, სიმინდი კი 15 პროცენტით გაძვირდა. წლის განმავლობაში რეკორდულად მოიმატა შაქრის ფასმა.  

ცისკარა ზარანდია ვარაუდობს, რომ 2010 წელს ცხოვრება უფრო გაძვირდება: “ეს შეიძლება კრიზისის კიდევ ერთი ტალღა იყოს. მაგრამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც ნელ-ნელა დაძლევისკენ მიდის”. 

თამარ თოთაძე, ახალციხე 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი