ახალციხეს საკუთარი სიმბოლიკა ექნება
ახალციხის მუნიციპალიტეტში საკუთარი გერბისა და დროშის შექმნაზე მუშაობენ. კონკურსი 12 იანვარს გამოცხადდა, განაცხადების მიღება 12 თებერვლამდე გაგრძელდება.
თამარ თოთაძე, ახალციხე
კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ვასილ ბერიძის განმარტებით, საკრებულოში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც საკონკურსო წესებსა და პირობებს განსაზღვრავს და საუკეთესო ვარიანტს გამოავლენს: “კონკურსის პირობებით გათვალისწინებულია, რომ ჰერალდიკაში გათვალისწინებული უნდა იყოს ისტორიული პრინციპები”.
სიმბოლოების საბოლოო ვარიანტის დასამტკიცებლად რამდენიმე ეტაპია გასავლელი. ადგილზე შერჩეული საუკეთესო ნამუშევარი ჰერალდიკის სახელმწიფო კომისიას გაეგზავნება. ესკიზის თანახმად, გერბზე ასახული უნდა იყოს ფარი და ციხის ქონგური. ხოლო სხვა დეტალების დამატება მხატვარზეა დამოკიდებული.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯერ არცერთი განცხადება არ არის შესული. თუმცა ვასილ ბერიძე ამბობს, რომ ამ საკითხით არაერთი მოქალაქეა დაინტერესებული.
“საკონკურსო პირობები უკვე გატანილი აქვთ. გამოხმაურება იყო. არ არის გამორიცხული ქვეყნის სხვა ქალაქებიდანაც დაინტერესდნენ”, - განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარე.
მხატვარმა ლელა ფერაძემ კონკურსის შესახებ ინფორმაცია ჩვენგან გაიგო და მასში მონაწილეობის მიღების სურვილიც გაუჩნდა. იგი ფიქრობს, რომ გერბი გაცილებით უკეთესი გამოვა თუ ქართულ ტრადიციებზე დაყრდნობით შესრულდება.
“აქამდე ჰერალდიკაზე და სიმბოლიკაზე არასოდეს მიმუშავია, მაგრამ ვფიქრობ ადვილია ამის გაკეთება, თან პატრიოტული მომენტიცაა. გინდა შენი ქალაქის გერბი შენ თვითონ გააკეთო”, - ამბობს მხატვარი.
საგერბო ანუ ჰერალდიკური გამოსახულებები საქართველოში უძველესი დროიდან არსებობდა. გერბებს იყენებდნენ სხვასხვა ქვეყნების, ქალაქების, გვარების განსასხვავებლად. ამის მიხედვით, სახელმწიფო, საგვარეულო, სამიწაწყლო და სხვა სახის გერბები არსებობდა. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს საკუთარი გერბი ჰქონდა. მათ შორის სამცხე-საათაბაგოსაც.
ვასილ ბერიძის განცხადებით, თუ 12 თებერვლამდე საკრებულოში არცერთი განცხადება არ შევა, კონკურსს ხელახლა გამოაცხადებენ.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი