ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთსა და აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკას შორის “აფხაზეთის ტერიტორიაზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების განთავსების ხელშეკრულების” ხელმოწერის თაობაზე პროტესტი განაცხადა. საქართველოს საგარეო უწყებამ მოსკოვი აფხაზეთში რუსული სამხედრო ფაქტორის გაძლიერების მცდელობაში დაადანაშაულა. ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვს შეახსენა, რომ რუსეთმა გუდაუთის სამხედრო ბაზის 2001 წლის 1 ივლისამდე დახურვის პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ 1999 წელს იკისრა, თუმცა, ამ წლების განმავლობაში აღნიშნული ბაზა ფუნქციონირებას საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევით მაინც აგრძელებდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 2008 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ეს ნაბიჯი, რუსეთთან ერთად, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმაც გადადგეს.
როგორ დაიწყო ეს ყველაფერი
აფხაზეთში კონფლიქტი 1992 წლის 23 ივლისს დაიწყო, როდესაც რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ (ქართველი დეპუტატების მხრიდან სესიის ბოიკოტის პირობებში) აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1925 წლის კონსტიტუცია აღადგინა, რომლის თანახმადაც აფხაზეთი სუვერენული სახელმწიფოა (აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო დონეზე არავინ აღიარა). უზენაესი საბჭო ორ ნაწილად – აფხაზებად და ქართველებად გაიყო. იმავე წლის აგვისტოში კი უკვე შეიარაღებული კონფლიქტი გაჩაღდა. 1994 წლის 14 მაისს რუსეთის შუამდგომლობით, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
1992-1993 წლების შეიარაღებულმა კონფლიქტმა, მხარეთა გამოქვეყნებული მონაცემებით, ოთხი ათასი ქართველისა (დაახლოებით, ათასი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა) და ათასი აფხაზის სიცოცხლე შეიწირა. რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩა უამრავი ნაღმი, რომელთაც შემდგომ წლებში 700 ადამიანი ემსხვერპლა. ათასობით ადამიანი კი დევნილად იქცა.
მომდევნო წლებში მშობლიურ მიწას, დაახლოებით 55 ათასი ქართველი დევნილი დაუბრუნდა, ძირითადად, გალის რაიონში. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი დანარჩენ ლტოლვილთა დაბრუნებას არ აპირებს.
“დევნილების დაბრუნების საკითხი მეტად პრობლემატურია. ამ ვარიანტზე თანახმა არ ვართ, რათა ხვალ ისევ ომი არ გაჩაღდეს. უკვე გამოვცადეთ, რას ნიშნავს, როცა საკუთარ ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 17 პროცენტი ვიყავით და ამის გამო ჩვენი განადგურება უნდოდათ”, - განაცხადა სერგეი ბაგაფშმა 16 თებერვალს, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტებთან შეხვედრისას.
რთული სათქმელია, უნდათ თუ არა აფხაზეთში დაბრუნება ქართველებს, რომელთაც ეს მხარე დიდი ხნის წინ დატოვეს. ჩვენ ვცადეთ, აფხაზეთიდან დევნილები გვეპოვა და მიმდინარე მოვლენებზე მათი მოსაზრებები შეგვეტყო.
აფხაზეთის ყოფილი მკვიდრები საკითხს გარე თვალით განსჯიან. აფხაზეთის თემისთვის მიძღვნილ ფორუმზე კოდორიდან დევნილი დავით ჩოფლიანი წერს, რომ თავად აფხაზეთი მის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში არ ფიგურირებს: “პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ მათი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ აფხაზები მოლაპარაკებათა სუბიექტები, ფაქტობრივად, აღარ არიან და რეალურად, აფხაზეთის სამომავლო ბედზე მათ აღარაფერს შეეკითხებიან. აღიარებამდე აფხაზები უკეთეს სიტუაციაში იყვნენ, რადგან დამოუკიდებელი მოთამაშის როლი ჰქონდათ, ახლა კი ვექტორი მთლიანად რუსეთისკენაა მიმართული და ევროპაშიც და მთელ მსოფლიოშიც ყველას კარგად ესმის, რომ აქ არა ეთნიკური, არამედ პოლიტიკური კონფლიქტია”.
მაშინ აფხაზეთიდან ლარა გიგოლიანის ოჯახიც გაიქცა და ისინი ახლა სოჭში ცხოვრობენ. უკან დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ, ამის გაკეთებას აპირებენ კიდეც, თუმცა, ჯერ არა.
“იმ წლებზე საშინელი მოგონებები მაქვს. მანამდე ყველანი მშვიდობიანად ვცხოვრობდით, კეთილი მეზობლები, მეგობრები და ნაცნობები ვიყავით. ყველაფერი თითქოს ერთ წუთში შეიცვალა. ხალხმა გონი დაკარგა, კლავდნენ და ძარცვავდნენ ყველას და ყველგან, - ამბობს ლარა გიგოლიანი და იხსენებს, რომ როდესაც ყველაფერი დასრულდა, უკან დაბრუნდნენ, - სიმართლე გითხრათ, არ ველოდით, რომ სახლი ადგილზე დაგვხვდებოდა. დაგვხვდა, თუმცა გაძარცული, ცარიელი ოთახები, მხოლოდ კედლები იყო დარჩენილი. მთელი ოჯახი უკან, სოჭში დავბრუნდით, თუმცა, აფხაზეთში ხშირად ჩავდივართ. სოხუმში ბინას ნელ-ნელა ვაწყობთ, შეიძლება ოდესმე დავბრუნდეთ კიდეც და იქ ვიცხოვროთ, თუმცა, ჯერჯერობით ამას არ ვაპირებთ. იქ ცხოვრება რთულია”.
მანონი ბოკუჩავამ აფხაზეთი ექვსი წლის ასაკში დატოვა, მაგრამ მშობლიური მხარე ბუნდოვნად მაინც ახსოვს. იგი გალის რაიონში, მშობლიურ სოფელ მუხურში დაბრუნებაზე ოცნებობს, რადგან სჯერა, რომ ადამიანსა და იმ მიწას შორის, სადაც დაიბადა, კავშირი არსებობს: “შარშან, როცა რუსეთსა და საქართველოს შორის ომი დაიწყო, ბავშვობა გამახსენდა. თვალწინ ჩვენი მოკლული ჯარისკაცები დამიდგნენ. მათი დედების ტირილი კარგად მახსოვს. კიდევ ვიხსენებ, როგორ მოვიდნენ ომში დაღუპული ჩემი ნათესავის დაკრძალვაზე მისი მეგობარი აფხაზები და როგორ იმღერეს რაღაც სიმღერა, რომლის სიტყვებიც მათ ტკივილზე მეტყველებდა. ისინი აშკარად თანაგვიგრძნობდნენ. ჩემ თანატოლ აფხაზებთან ურთიერთობა ახლაც მაქვს, ისინი ჩვენნაირები არიან. ვგრძნობ, რომ ჩემი ადგილი გალში, მუხურშია. ეს ჩემი ოცნებაა, რომელიც მჯერა, როდესმე ამიხდება”.
“სამხრეთის კარიბჭე” შეეცადა, აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზებსაც დაკავშირებოდა, მაგრამ კონტაქტზე არ გამოვიდნენ. მათი საქციელი აფხაზმა ქალბატონმა ინგა ქეცბამ განგვიმარტა, რომელიც ომის დროს თავის ქართულ ოჯახთან ერთად დევნილად იქცა: “იქ მცხოვრებ აფხაზებთან ურთიერთობის დამყარება უკიდურესად რთულია, არიან ისეთებიც, ვინც ქართველებს საერთოდ არც ელაპარაკებიან. გაიზარდა ბავშვების თაობა, რომელთაც ქართველი მხოლოდ ტელევიზორში უნახავთ, ისიც იარაღით ხელში. ისინი დამნაშავეები არ არიან, ეს პროპაგანდაა. ცარიელი სახლები დაიტაცეს. ზოგმა 20 სახლი მიისაკუთრა და ნელ-ნელა ყიდის. ზოგიერთი საკუთარ სახლს დღემდე პატრონობს, მაგრამ მეტისმეტად ბევრი დრო გავიდა. მეუღლის სახლის შენარჩუნება ვერ შევძელით, ის უბრალოდ წაგვართვეს”.
ეროვნებით აფხაზი ინგა ქეცბა 1991 წელს ქართველზე დაქორწინდა, მათ მშობლიური მხარე ომის დაწყებისთანავე დატოვეს. ინგა აფხაზეთში დღემდე ჩადის.
“ყველაფერი ნელ-ნელა გვარდება. ვერ ვიტყვი, რომ იქ ისევ სულ ნანგრევებია. წელს ცვლილებებმა გამაოცა. რუსეთში წასული აფხაზებიც თანდათანობით უკან ბრუნდებიან. აფხაზეთში ბევრი ეთნიკური სომეხი ცხოვრობს, ჩამოდიან რუსებიც, უფრო სწორად, უძრავ ქონებას ყიდულობენ”, - ამბობს ინგა ქეცბა.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი